11/10/2024
17:24
საზოგადოება
126-ე ბაღის პედაგოგმა, სავარაუდოდ, აღსაზრდელი სცემა – ფაქტი ორი დღის წინ მოხდა.
ტვ პირველის ცნობით, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდის დედის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ გაიგო, როდესაც ბაგა-ბაღში ოთხ აღმზრდელს შორის საუბარს ყური მოკრა. როგორც მშობელი “პირველებთან” ინტერვიუში ამბობს, ერთ-ერთი პედაგოგი დანარჩენ აღმზრდელებს უყვებოდა, თუ როგორ გაუსწორდა სამი წლის ბავშვს ფიზიკურად.
მოზარდზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი ვიდეოკამერებს აქვს დაფიქსირებული, სადაც სამი წლის ბავშვის მშობლის ინფორმაციით, გარკვევით ჩანს, თუ როგორ ურტყამს პედაგოგი არასრულწლოვანს სახეში.
"მოვუსმინე, როგორ ამაყად ყვებოდა, თუ როგორ სცემდა ბავშვს. რამდენჯერაც ბავშვმა ხელი დაარტყა, იმდენჯერ დაარტყა მანაც. უყვიროდა, ეჩხუბებოდა. ბავშვს უჭირავს რაღაც სათამაშო, ჩემი შვილი იწევს, რომ სათამაშო გამოართვას. ეს მასწავლებელი თავიდან ხელით სწევს, მერე ურტყამს, რომ გაიწიეო. ჩემი შვილი დგება ისევ თავიდან, მოდის და რახან მასწავლებელმა დაარტყა, ამასაც უნდა, რომ დაარტყას. კიდევ ურტყამს. ეს განმეორდა ბევრჯერ. ორჯერ-სამჯერ ისეთი ურტყა, რომ ბავშვი დაეცა ძირს. სახეშიც ურტყამს. საუბარია 3 წლის ბავშვზე, რომელზეც გაფრთხილებული მყავდა, რომ ბავშვს ჰქონდა პრობლემა მეტყველების და ქცევის”, – ამბობს გ. ბ.
მომხდარი შემთხვევის გამო, ერთი აღმზრდელი, რომელმაც სამი წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა, სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. 126 ბაგა-ბაღის დირექტორი ამტკიცებს, რომ მომხდარი დადასტურებული არ არის და პედაგოგი პირადი განცხადების საფუძველზე მოხსნეს.
0
0