24/10/2024
20:36
არჩევნები 2024
ჩვენ უბრალოდ გამარჯვება კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება დიდი უპირატესობით გამარჯვება, რომ მეორე მხარეს, იზოლაციონისტებს, ბიძინა ივანიშვილს არ დავუტოვოთ სათქმელი და მანიპულაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ნომერი 5, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფად წაიყვანს და რაც მთავარია, დაამარცხებს “ოცნებას”:
„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მზად ხართ გამარჯვებისთვის? ერთიანობით ვიმარჯვებთ, 5 ნომრით ვიმარჯვებთ, მივდივართ წინ, მივდივართ ევროპისკენ. მეგობრებო, უმძიმესი განსაცდელის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ყველამ რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. 26 ოქტომბერი არ არის უბრალო არჩევნები, 26 ოქტომბერი ეს არის რეფერენდუმი, რეფერენდუმი იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო, იმისთვის, რომ წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ. ამ რეფერენდუმზე, სადაც ჩვენ მივდივართ, ვიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას - ან ვექცევით იზოლაციაში ან მივდივართ სწრაფად ევროპული განვითარებისკენ, ან ვექცევით ოლიგარქიული ტყვეობის ქვეშ ან ვიქნებით ღირსეული ერი ღირსეულ ერთა შორის. სწორედ ამიტომ რეფერენდუმში იმარჯვებს ხალხი, იმარჯვებთ თქვენ! დიდი მადლობა, რომ წვიმის მიუხედავად ამდენი ვართ და ასე მედგრად ვდგავართ, ჩვენ გვჭირდება, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე”, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ ისაუბრა არჩევნების მთავარ მიზანზე.
„მეგობრებო, ამ არჩევნებს აქვს კონკრეტული მიზანი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი - ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. ივანიშვილის მოშორების ყველაზე საუკეთესო სანდო გზა არის გააფერადო ნომერი 5 - ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა. ახლა რისკის დრო არ არის, არ არის იმის დრო, რომ ფუჭად დაკარგოთ თქვენი ხმა, ხომ იცით, რომ ერთიანობისთვის მხარდაჭერა ეს არის გარანტია იმის, რომ იმარჯვებს ხალხი, მივდივართ ევროპისკენ, სწორედ 5 ნომერს და ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ყველაზე სწრაფად შეიყვანოს ქვეყანა ევროკავშირში, სწორედ ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ 14 მლრდ, შეგვწევს უნარი დავიწყოთ დიდი აღმშენებლობის პროცესები ქვეყანაში, მაგრამ ამისთვის გვჭირდება, რომ დავირაზმოთ ყველა, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიდეთ რეფერენდუმში და დიდი გამარჯვება ვიზეიმოთ ყველამ ერთად.
მეგობრებო, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მძიმე განსაცდელის წინაშე ვდგავართ. ნუ გავამარტივებთ სიტუაციას, სიტუაცია არის რთული, ჩვენ უბრალოდ გამარჯვება კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება დიდი უპირატესობით გამარჯვება, რომ მეორე მხარეს, იზოლაციონისტებს, ბიძინა ივანიშვილს არ დავუტოვოთ სათქმელი და მანიპულაციის შესაძლებლობა. ჩვენ გვჭირდება მთელი ერი დავირაზმოთ, სანამ მოვედი, ქალბატონი შემხვდა, 16 წელია არ ვყოფილვარ ქვეყანაშიო და ის ჩამოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არის ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში, ჩვენი გამარჯვება არის დემოგრაფიული ფონის გამოსწორება, ჩვენი გამარჯვება ნიშნავს წინსვლას, ევროკავშირს, განვითარებას, ხოლო მეორე მხარეს - არის უბედურების მომტანი ძალა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ივანიშვილი ამბობს, რომ დამიჯერეთ მე, ვიყოთ იზოლაციაში, მას უნდა, რომ მოკვეთოს ჩვენი ურთიერთობა გარე სამყაროსთან, რომ 90-იან წლებში დაგვაბრუნოს, ხომ გახსოვთ 2003 წლიდან მოყოლებული, “ვარდების რევოლუციის” შემდგომ როგორი რთული იყო რეფორმების გატარება, ქუთაისში ვერ გაივლიდი ქუჩებში, კრიმინალი, კორუფცია, “გაიშნიკები”, რა უბედურება ხდებოდა, ახალგაზრდა ვერ ჩააბარებდა უმაღლეს სასწავლებელში, ეს ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ ჩვენ და ვფიქრობ, დღესაც სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თუ ვინმე იმსახურებს მხარდაჭერას, ეს არის “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენი გუნდი, რომელიც ძალიან სწრაფად წაიყვანს ევროპისკენ საქართველოს”, - განაცხადა მან.
გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ჩამოშლილია.
„მეორე მხრივ, ევროკავშირი, ეს არის ყველა ჩვენგანისთვის დიდი შესაძლებლობა. ქართველ კაცს სჭირდება ფართო ასპარეზი, რომ მისი ნიჭის სრული რეალიზება მოახდინოს, ეს იყო დავით აღმაშენებლის იდეაც და ამიტომ, ყველანი ერთად მივდივართ რეფერენდუმზე და ვაფერადებთ ნომერ 5-ს, როგორც გარანტს იმის, რომ აუცილებლად მარცხდება “ქართული ოცნება”. ბოლო მონაცემებით, პირდაპირ გეუბნებით, ჩამოშლილია “ოცნების” რეიტინგი, ახლა გვჭირდება ამ გამარჯვების დაბინავება და ეს გულისხმობს რეფერენდუმში მისვლას და ღირსეულად გამარჯვებას, გფარავდეთ ღმერთი, წინ გამარჯვებისკენ, წინ ერთიანობისკენ, წინ ევროპისკენ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს”, - განაცხადა ვაშაძემ
0
0