07/10/2022
12:04
სამართალი
ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც ერთ-ერთი მოსწავლე კლინიკაშია მოთავსებული.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთის სტაბილურია. მას ზედა ყბისა და ცხვირის მოტეხილობა აღენიშნება, ასევე, ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა.
როგორც ცნობილი გახდა, უფროსკლასელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ტელეფონის დამტენის უნებართვოდ აღებას მოჰყვა.
მშობლის ინფორმაციით, დაშავდა მოზარდი, რომელსაც, მისივე ცნობით, ტვინის შერყევა, ყბის მოტეხილობა და სახეზე დაზიანება აქვს.
"ჩხუბი დაიწყო კლასში, გაკვეთილზე. შემდეგ გაგრძელდა საცხობთან, სკვერში. გადაიყვანეს ბავშვი, გაიყვანეს გარეთ, დახვდა 25 ბიჭი და გალახეს. 10 წამით ბავშვი გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული, ყურადღება არავის არ მიუქცევია. გათიშული იყო - ტვინის შერყევით, ყბა მოტეხილი, ცხვირი ჩამტვრეული აქვს.
კონფლიქტი დაიწყო [ჩემი შვილის] დამტენზე - დამტენი მომიტანეო, უნდოდა, ქურდული ბიჭივით [ეთქვა] მე თქვენ მომიტანეთ დამტენიო. [უთხრა] რატომ უნდა მოგიტანო, მოდი და აიღეო. ჩემი შვილი ჩამოვიდა დაბლა და რომ ავიდა, მის დამტენზე იყო იმ ბავშვის ტელეფონი შეერთებული. ვის ჰკითხე, დაუკითხავად დამტენი რატომ აიღე, ან ჩემი ტელეფონი რატომ გათიშეო [უთხრა]. დედაზე მიაყენა შეურაცხყოფა, დედა შეაგინა". - ამბობს დაზარალებულის დედა.
მისივე ინფორმაციით, დაპირისპირებას ინგლისურის მასწავლებელი შეესწრო, რომელმაც მის შვილს ტელეფონი გამოართვა მშობლამდე "ინფორმაცია რომ არ მოსულიყო". თუმცა, მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის ტელეფონები არ ჩამოურთმევია, მისივე სიტყვებით, ჩხუბი "წამიერად" მოხდა, მოზარდებს შენიშვნა მისცა, დამრიგებელი კი გააფრთხილა, რომ მოსწავლემ "უწმაწური სიტყვა" გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
0
0