07/10/2024
20:43
საზოგადოება
2028 წლისთვის საშუალო ხელფასი 3 500 ლარამდე გაიზრდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლისთვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი იყო 712,5 ლარი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2005 ლარამდეა გაზრდილი.
„დასაქმებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა
და ამ კუთხითაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული ვითარება - 712,5 ლარი იყო 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. უკვე დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 2005 ლარამდე. 2000 ლარს გადააჭარბა ახლა ამ მაჩვენებელმა. არსებული ტენდენციების პირობებში 3 500 ლარამდე გაიზრდება 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი.
რაც შეეხება ამ მონაცემებს, ეს მონაცემები არის უტყუარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის მონაცემებზე, ეს მაჩვენებლები არის ის, რაც აისახება საბოლოო ჯამში ქვეყნის ბიუჯეტში. ადამიანები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, იზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, იზრდება მათი ხელფასები, შემოსავლები და სწორედ ამით იზრდება ქვეყნის ბიუჯეტი. ეს მონაცემები არის აბსოლუტურად უტყუარი, ისევე როგორც პროგნოზი - 3 500 ლარი არის აბსოლუტურად რეალური პროგნოზი, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ 2028 წლისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0