30/12/2021
17:03
ეკონომიკა
ამასთან, 2021 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 35.5 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.2 პროცენტიდან -7.2 პროცენტამდე შემცირდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 29.7 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 3.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 25.8 პროცენტით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი. ეს დადებითი ტენდენცია მესამე კვარტალშიც გაგრძელდა და აღნიშნული მაჩვენებელი 566.0 მლნ აშშ დოლარს, ანუ 1.8 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ნახევარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში – 351.5 მლნ აშშ დოლარი (-1.1 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 23.6 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 53.0 პროცენტით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 23.0 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის მესამე კვარტალში 608.3 მლნ აშშ დოლარს (1.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 25.1 პროცენტით გაიზარდა 562.7 მლნ აშშ დოლარამდე (1.8 მლრდ ლარი).
ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 22.2 პროცენტით შემცირდა. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 216.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 676.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2 პროცენტია.
0
0