31/12/2021
14:32
ეკონომიკა
ეკონომიკის ნოემბრის ზრდის ტემპი თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს (2021 წ. ოქტომბერში - +6.9%) და ყველაზე მაღალი იყო ბოლო 5 თვის მანძილზე,“ - ასე შეაფასა თავის ფეისბუქ გვერდზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ. ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ნოემბრის მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ პოზიტიურად იმოქმედა წლის გავლილი პერიოდის მთლიან ეკონომიკურ ზრდაზეც, რომელმაც იანვარ-ნოემბერში 10.7 პროცენტი შეადგინა - 0.2 პუნქტით მეტი იანვარ-ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის ეკონომიკა რეალურ განზომილებაში 4.1 პროცენტით აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. „ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს ეკონომიკური აქტიურობის დონის ზრდას (ეს უკანასკნელი გაიზარდა 3.3 პუნქტით), რაც ხაზს უსვამს როგორც ეკონომიკის პოზიტიური განვითარების ვექტორსა და მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის ამაღლებას, ისე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის და მისი ბიზნესისათვის გაწეული დახმარების სტრატეგიის სისწორესა და ეფექტიანობას,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ ნოემბერში თითქმის 10.0 მლრდ. ლარს მიაღწია და წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 32.6%-ით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ნოემბერთან - 27.0 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბრუნვის ზრდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ აღემატება ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ზრდას (+13.9%), რაც ადასტურებს ინტენსიური ფაქტორების, მათ შორის შრომის მწარმოებლურობის ამაღლების როლს ეკონომიკის განვითარებაში. სოსო არჩვაძის თქმით, 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ეროვნული მეურნეობის უმეტეს დარგებში, სადაც იქმნება ქვეყნის დამატებული ღირებულების 4/5-ზე მეტი (სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და განათლების სექტორების გარდა). ამასთან, ეკონომიკის ზრდა ფაქტობრივად მთლიანად უზრუნველყო კერძო სექტორმა, მათ შორის საგარეო ეკონომიკური ექსპანსიის ხარჯზე. - ქვეყნის ექსპორტი ნოემბერში 42.1 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 44.1 პროცენტით გაიზარდა.
მისი თქმით, ექსპორტის ზრდის მაჩვენებლები უსწრებენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს - დაახლოებით 3.5-ჯერ და სამეწარმეო სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლებს - 2.0-ჯერ და მეტად, რაც ცალსახად მიანიშნებს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული კურსის სისწორესა და აღნიშნულის საფუძველზე მიღწეულ შედეგებზე - წარმატებულ საგარეო სავაჭრო ექსპანსიასა და ქართული ბიზნეს-სექტორის მსოფლიო ბაზარზე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე. სოსო არჩვაძის ინფორმაციით, თავისი მზარდი წვლილი ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში შეაქვთ, ერთი მხრივ, ტურისტული სექტორის გაჯანსაღების პროცესს, სადაც საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა უკვე გადააჭარბა პანდემიამდელი დონის ნახევარს, მეორე მხრივ კი უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციებს, რომელთა ყოველთვიური მოცულობა ბოლო ნახევარი წელია (2021 წლის ივნისიდან) 200 მლნ. აშშ დოლარს აღემატება (2021 წ. ნოემბერში - 207.3 მლნ. აშშ დოლარი). „ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები ადეკვატურად აისახება საბიუჯეტო ადმინისტრირების გაუმჯობესებაშიც. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ნოემბერში 1137.2 მლნ. ლარი შეადგინა - 39.2 პროცენტით მეტი 2020 წლის ნოემბერთან შედარებით. საქართველოში პოზიტიური ფაქტორების „ლოკომოტივს“ აკრეფილი აქვს საკმარისი სიჩქარე იმისათვის, რომ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელს ჰქონდეს, სტაბილური, მდგრადი და შეუქცევადი ხასიათი და წარმატებით გაუმკლავდეს პანდემიით (და არა მხოლოდ!) გამოწვეულ შიდა და გარე გამოწვევებს,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
0
0