05/12/2021
10:27
პოლიტიკა
,,როგორც წინა დღეებში, დღესაც ვიმეორებ - მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს თქვენ მოისმინეთ ბევრი რესპონდენტის კომენტარი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთაგან, ზოგი არის ემოციებზე დაყრდნობით, ზოგი - თავისი მოსაზრებით, მე ვიმეორებ - ამჟამინდელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება პაციენტის მკურნალობას, პირველივე დღიდან, რაც შემოვიდა გორის ჰოსპიტალში, ჩვენთან ერთად მუშაობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კომისია, რომელიც შედგება მაღალი კლასის სპეციალისტებისგან, რომლებიც აღიარებულები არიან არა მარტო საქართველოში, არამედ - მსოფლიოში. ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება, გადის ძალიან მაღალ წნეხს, რომ ამ მედიკამენტს არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენა და არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით“, - აღნიშნა გოგორიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 2020 წელს გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის პრობლემები და დანიშნული ჰქონდა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.
„,რაც შეეხება ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რაც დღეს მუსირებს პრესაში და ტელევიზიაში - 2020 წელს ბატონმა მიხეილმა გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის გარკვეული პრობლემები და ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები. როგორც იცით, უამრავი სხვადასხვა სახის პრეპარატი არსებობს, ამ შემთხვევაში საბაზისოდ იყო აღებული ის პრეპარატები, რომელსაც ღებულეობდა. შემდგომ, მკურნალობის პერიოდში, დაკვირვების შემდეგ, განიცადა ტრანსფორმაცია. დღესდღეობით, კვლავ რჩება ძილის პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდებით ამას, თუ რამე დაგვჭირდება მომავალშიც, გავივლით სპეციალისტებთან ერთად და შევიტანთ კორექტირებას. რაც შეეხება დოზირებას, დოზირება არც ერთხელ არ იყო გადამეტებული, ყველა დოზა იყო მინიმალური, დასაშვები დოზა. მაღალ დოზებზე არცერთხელ არ იყო ლაპარაკი და არც მიუღია ბატონ მიხეილს. შემიძლია დავამატო, რომ თუ დასჭირდება სხვა სპეციალისტის მოწვევა, ამასაც გავაკეთებთ. თუ რომელიმე სპეციალისტს გააჩნია საღი აზრი და შეუძლია მოგვაწოდოს ეს საღი აზრი, მაგრამ ისე არა - ეკრანიდან და ტელევიზიით, მობრძანდეს, გაგვიზიაროს, ამასაც განვიხილავთ და თუ მისაღები იქნება, მივიღებთ.
რაც შეეხება პრეპარატების დანიშვნას, შეჯერება მოხდა მარიამ ჯიშკარიანის კომისიას და სახელმწიფო კომისიას შორის და ეს პრეპარატები ახლა ასე ინიშნება“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო.
როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორი გამოყენების შედეგად, სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს „ფარმაკოლოგიური წამების სახეს და არასათანადო მოპყრობას“.
0
0