17/07/2023
13:50
კონფლიქტები
HRW-ის წარმომადგენელი, შეიარაღების სამმართველოს უფროსი მკვლევარი ბონი დოჩერტი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბოლო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის თაობაზე გაამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს და დაარღვევს საერთაშორისო ნორმას. აღნიშნული ნაბიჯი ხელს უწყობს იარაღის გავრცელებას, რომელიც 120-ზე მეტმა ქვეყანამ აკრძალა, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას როგორც თავდასხმების დროს, ასევე თვეების, წლების და ათწლეულების შემდეგაც კი.
„7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციებზე, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა სწორად შეაფასეს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების გადაცემა, რომლებიც შეიცავს ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებულ საბრძოლო მასალას (DPICM).
მიუხედავად იმისა, რომ კასეტური საბრძოლო მასალები საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამერიკელი ოფიციალური პირების მტკიცებით, მათი გამოყენება მნიშვნელოვნად არ გააუარესებს სიტუაციას უკრაინაში, რადგან ქვეყანას უკვე უწევს ტერიტორიის გაწმენდა დიდი რაოდენობით რუსული საბრძოლო მასალისგან, მათ შორის, კასეტური ბომბებისა და ნაღმებისგან.
ყოველი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა საფრთხეს უქმნის ცნობისმოყვარე ბავშვს, მინდორში მომუშავე ფერმერს ან შინ დაბრუნებულ ლტოლვილს. საბრძოლო მასალის არსებობა ასევე ანელებს ტერიტორიის რეკონსტრუქციას.
აუფეთქებელი საბრძოლო მასალა განსაკუთრებით ბავშვების ყურადღებას იზიდავს. 2008 წლის ოქტომბერში, აღმოსავლეთ საქართველოში [გორის მუნიციპალიტეტში], სოფელ დიცში, დევნილ ომარ მინდიაშვილს ვესაუბრე, რომელიც საკუთარ სახლს ახლახან დაუბრუნდა. ის ყვებოდა, რომ თავისი 13 წლის ქალიშვილი, სალომე, M85-ის ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს ხელში ატრიალებდა, რომელიც ბავშვმა თავიანთი ვერანდის სახურავზე, ლენტაშემოხვეული იპოვა. საბედნიეროდ, ომარ მინდიაშვილმა მოახერხა, რომ ბავშვი იარღის უნებლიე გასროლისგან დაეცვა.
Human Rights Watch-მა უკვე დააფიქსირა, რომ, რუსული ძალების განდევნის მცდელობების დროს, უკრაინის მიერ საკუთარი მარაგიდან კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებამ პირდაპირ გამოიწვია მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება იზიუმსა და მის მიმდებარედ დასახლებულ რაიონებში.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ უარყვეს ეს ინფორმაცია, თუმცა არც არსებობს რაიმე მითითება იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დოკუმენტირება მოახდინა ან გამოიძია ეს ცნობები.
გარდა ამისა, რუსული ჯარების წინააღმდეგ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით, უკრაინა, დიდი ალბათობით, დააბინძურებს საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, რაც მისი ეკონომიკისთვის კრიტიკულია.
ამერიკელი ოფიციალური პირები ასევე ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში გადატანილი კასეტური საბრძოლო მასალა სასარგებლო იქნება რუსულ სანგრებსა და ჯარების ფორმირებებზე შეტევისთვის. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ მაშინ, როცა კასეტური საბრძოლო მასალები განკუთვნილია იზოლირებულ საბრძოლო ველებზე ტანკებისა და ჯარების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, უმეტეს კონფლიქტურ შემთხვევაში ისინი აქტუალურია იმ ადგილებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, კასეტური საბრძოლო მასალა შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ძირითადად, გამოიყენებოდა ერაყში, ლიბანში, საქართველოში, სირიაში, იემენში, აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში. დასახლებულ ტერიტორიებზე თავდასხმებმა მნიშვნელოვნად დააზარალა მშვიდობიანი მოსახლეობა,“ - წერს ბონი დოჩერტი.
0
0