20/08/2022
11:23
სამხედრო
20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია, რომელიც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა მომზადებას უზრუნველყოფს. ამჟამად აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს საბაკალავრო სკოლა, მაგისტრატურა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, უმცროს ოფიცერთა სკოლა, ენობრივი მომზადების სკოლა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და უმაღლესი სამეთაურო სკოლა.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ამ დასახელებით გაუქმდა.
1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მე-11 წითელ არმიის შენაერთებთან ბრძოლაში მონაწილეობას ქართული სამხედრო სკოლის უკვე 148 იუნკერი იღებდა. ისინი ბოლომდე იდგნენ საბრძოლო პოზიციებზე. ქართულ სინამდვილეში სიტყვა „იუნკერი“ დამკვიდრდა, როგორც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლო.
1993 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. 2003 წლის 20 თებერვალს, აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა, 2009 წლიდან, სასწავლებელი ქალაქ გორში განლაგდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024