14/06/2023
09:12
სპორტი
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეებს შორის მედალოსნები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
საქართველოს 17 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მედლები ხუთი წონითი კატეგორიიდან ოთხში მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელები ერეკლე თავბერიძე (55კგ) და საბა ჩილაშვილი (+110კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლები იური ლომაძემ (48კგ) და გიორგი ჭიკაიძემ (65კგ) მოიპოვეს.
80კგ წონაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მეხუთე ადგილზე გავიდა გიორგი მახარაძე.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებს ხუთ წონით კატეგორიაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ 100 ქულა აქვს და 40 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანის ნაკრებს.
აღსანიშნავია, რომ კიდევ ხუთ წონაში პრიზიორების ჯერ კიდევ არგამოვლენის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა უკვე გაინაღდა გუნდური ოქროს მედალი, რადგან ხვალ მისი ორი წარმომადგენელი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ერთი ბრინჯაოს მედლისთვის, ორს კი ბრინჯაოს ფინალში გასვლის შანსი აქვს და იმის მიუხედავად, თუ როგორ იასპარეზებენ ისინი, მდევარ გუნდებს საქართველოს ნაკრების გადასწრების შანსი აღარ აქვთ.
საქართველოს ნაკრებთან კონკურენციაში შესვლა მხოლოდ რუსეთის ნაკრებს შეეძლო, მაგრამ რუსი მოჭიდავეები ჩემპიონატზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით ასპარეზობენ და გუნდურ ჩათვლაში მათ მიერ მოპოვებული ადგილები არ აისახება.
0
0