01/07/2023
00:22
სპორტი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ კომენტარი გააკეთა ისრაელთან ევრო 2023-ის მოახლოებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე.
„გუნდში დაღლილობა იგრძნობა, რადგან ჯგუფში სამი ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და უფრო მეტად უბურთოდ მუშაობა გვიწევდა, რაც რთულია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე – ფიზიკურად.
მაგრამ, უქმე დღეებს იმისთვის ვიყენებთ, რომ აღვიდგინოთ ძალები და თამაშიდან თამაშამდე მოვემზადოთ. მეოთხედფინალისთვის ერთი დღით მეტი გვაქვს დასასვენებლად და ეს მნიშვნელოვანია.
ისრაელს ვიცნობთ, რადგან ადრე ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ძალისმიერ თამაშს ველოდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვებას მოვახერხებთ“, – ამბობს გიორგი გაგუა.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს, ისრაელს 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0