07/01/2022
09:43
საზოგადოება
„მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის განმსაზღვრელად. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი. ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმტებელობაც მონაცვლობენ.
თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის, შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც.
მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლად წმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი და აცხონოს.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, – გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის. ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).
ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი … უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.
ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს … ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზედაც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024