23/09/2023
22:16
კულტურა
კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი ნანა ჯანელიძის ფილმზე „იარე ლიზა" წერს და მას რუსული პროპაგანდის ნაწილს უწოდებს, რომელიც მისი მტკიცებით, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა.
ოდიშარია კი ამბობს, რომ ფილმი პირველად 2019 წელს დაფინანსდა, დამატებითი დაფინანსება კი 2020 წელს უშუალოდ გახარიას მონაწილეობით მიიღო. სააკაშვილის ამ პოსტს კი მორიგ აფერიზმს უწოდებს და კითხვას სვამს თუ საიდან აქვს წვდომა მას „ვივამედში“ ქართულ ფილმზე, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში.
„სააკაშვილი კულტურისგან სრულად გაუცხოებული გოიმი და ანალიტიკური უნარებისგან განძარცვული მეგალომანიაკი როა, ყველამ ისედაც ვიცით, თუმცა ამჯერად კინოკრიტიკოსის მანტია მოირგო და ახალ ქართულ ფილმზე, “იარე ლიზა”, აკომენტარებს, რუსული პროპაგანდააო. არადა, ფილმი რეალურად ყველა ენჯეოშნიკური კლიშის დაცვით გადაღებული ლიბერალური თვითგმობის ნიმუშია, რომელიც აფხაზეთის ომის საკითხს საერთოდ არც იკვლევს და არც თანაგანცდა გააჩნია, მხოლოდ ემოციურ აპარატზე ზემოქმედებას ცდილობს და ისიც გადაჭარბებული თეატრალიზმის და ჰოლივუდური პატერნების მიმბაძველობის გამო, ძალიან რთულად მისაღწევი იქნება მაყურებელში.
მიზანი ერთი შეხედვით კეთილშობილურია, რომ დაინგრეს მტრის ხატი, გამოჩნდეს, რომ ორივე მხარე ერთნაირად დაიჩაგრა, მაგრამ იმის გამო, რომ სიუჟეტს აკლია სიღრმისეული გააზრება, არის ზედაპირული და პრიმიტიული, ეს მიზანი ვერ მიიღწევა. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდაზე მორიგ ფუჭ აპელირებას, ფილმში იმდენი გინებაა რუსეთის მისამართით და იმდენი კომენტარია, რომ რუსეთის ბრალია ყველაფერი, მომენტებში გავიწყდება რომ ფილმს უყურებ და პირველკურსელი ლიბერალის პოდკასტი გეგონება თემაზე “კავკასიის გეოპოლიტიკა”.
მოკლედ, ეს მორიგი აფერიზმია, სააკაშვილი წულუკიანისკენ იშვერს ხელს, მისი ბრძანებით დაფინანსებული ფილმიაო, არადა, ფილმი პირველად დაფინანსდა 2019 წელს, წინა კულტურის მინისტრის პერიოდში, წინის წინა კინოცენტრის დირექტორის პირობებში და გახარიას პრემიერობის დროს. დამატებითი დაფინანსება 2020 წელს უშუალოდ გახარიას ჩამრევლობით მიიღო, მაშინაც, კულტურის მინისტრი იყო ჩხენკელი. გარდა იმისა, რომ უმარტივესი ფილმის გაანალიზება და კონტექსტის წაკითხვა არ შეუძლია, ამასთან, უბრალოდ პრიმიტიულ ტყუილს ამბობს, როგორც ჩვევია.
და ერთი ის მაინტერესებს, ვივამედში, სადაც, “სიკვდილს ებრძვის”, საიდან აქვს წვდომა ქართულ ფილმზე, რომელიც ახლა გადის კინოთეატრებში?“, - წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.
0
0