22/03/2024
14:11
კულტურა
„ჩემი სურათები ეს მე ვარ, ეს ჩემი რეალობაა, რომლებიც იქმნება სულისა და გონების ჰარმონიაში“ - ამბობს მხატვარი ომარ ჩხაიძე, რომლის პერსონალურ გამოფენას თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს.
რეტროსპექტიული ექსპოზიცია მხატვრის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა - სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები აკრილსა და ზეთშია შესრულებული.
აბსტრაქცია, პორტრეტები, ინსტალაცია, ნატურმორტი, ვიდეოარტი და განსხვავებული კომპოზიციებით აწყობილი ექსპოზიცია, მხატვრის მიერ სხვადასხვა ეტაპზე შესრულებულ თითქმის ყველა სერიას აერთიანებს.
ასევე, მუზეუმში წარმოდგენილია, მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ტილოები, რომლებიც ჯერ, არსად გამოფენილა.
მხატვარი ომარ ჩხაიძე ამბობს, რომ ცდილობდა ფერწერის საშუალებით შეექმნა, სამყაროს სუბსტანციის-ეთერის პულსირებული სფეროების შერწყმა კოსმიურ მარადიულ ხმასთან, რომელიც მას გამუდმებით ჩაესმის. მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ კი, შეიქმნა ფერის, სტილის და ტექნიკის საშუალებით ტილოზე გადმოცემული მრავალგანზომილებიანი სივრცე. ციკლი სურათებისა - „სუბსტანცია-ეთერი“.
„შთაგონების წყარო ადამიანშია. მე არ მჭირდება შთაგონება, ვდგები და ვიწყებ ხატვას. ეს ნამუშვრები ჩემი დღევანდელი დღეა. სინათლის და ფერის საშუალებით ვცდილობ გადმოვცე ის, რაც ზემოდან მეძლევა. ჩემთვის მთავარი, სიყვარული და სინათლეა “- ამბობს რადიო „სივრცესთან“ საუბარში მხარტვარი.
“საინტერესო და მაძიებელი” - ასე ახასიათებენ ომარ ჩხაიძეს კოლეგები. მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი და გოგა ჯაფარიძე.
„ის, სულ რაღაცის ძიებაშია და მისი ტილოები ძალიან სუფთაა. ვიცნობ ბავშვობიდან და მისი ნამუშევრები ყოველთვის აღმაფრთოვანებდა“- ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი.
„მომხიბლა მისმა ბოლო ნამუშევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ეს ნამუშევრები, გარკვეულწილად, ეზოთერული ხელოვნებაა, ზღვარს მიღმა და ზღვარს გადმოღმა. ასეთი სუბიექტური განცდაა. მხატვარს აქვს ცოცხალი ხაზი და ეს ყველაფერი, თითქოს, მედიტაციურია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.“ - ამბობს რადიო „სივრცესთან“ მხატვარი გოგა ჯაფარიძე.
გამოფენა, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 7 აპრილამდე გასტანს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024