08/03/2022
14:13
სამხედრო
„შევაჯამოთ რუსეთ უკრაინის ომის შედეგები დღევანდელი მდგომარეობით.
რუსეთს აღარ აქვს სტრატეგიული ინიციატივა, მისი შეტევები გამოიფიტა და ახალი შეტევების წამოსაწყებად ძალების გადაჯგუფებისთვის საჭირო ოპერატიულ წინაპირობებს ვეღარ ქმნის. თუმცა რუსეთის ჯარების ხელმძღვანელობა ფრონტის მთელ ხაზე თავდაცვაზე გადასვლის ბრძანებას აგვიანებს, იმ იმედით, რომ უკრაინელები ჯერ მზად არ არიან აიღონ ინიციატივა და დაიწყონ შეტევითი ოპერაციები. ამასთანავე, უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებული ძალებს არ უნდა ჰქონდეთ დამატებითი ძალების ჩამოყალიბებისა და არსებული დანაკარგების სრულფასოვანი შევსების იმედი, რაკი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ გეგმავს მობილიზაციის გამოცხადებას. ფრონტის ხაზის სიგრძე ქმნის გარკვეულ რისკებს, რომ უკრაინის აქტიურ მოქმედებას შეიძლება დიდი დანაკარგები მოყვეს შეუთანხმებელი მოქმედებების გამო და რუსებს საშუალება მიეცეს წარმატებული კონტრშეტევა დაიწყონ. ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან შესაძლებელი იქნება შეტევის რამდენიმე მიმართულებიდან ძალები მოხსნან და ძირითად მიმართულებაზე შექმნან უპირატესობა. აქედან გამომდინარე შესაძლებელი საკმაოდ დიდი ხნით ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლებზე გადავიდნეს აქტიური შეტევების გარეშე.
მიმდინარე ომმა დაასრულა რამდენიმე მითი თუ კლიშე, პირველ რიგში ნათელი გახდა, რომ არავითარი ჰიბრიდული ომი არ არსებობს და ეს ჟურნალისტური სხარტულა, მხოლოდ გარკვეული ვითარების მეტაფორული შეფასებაა და არა ახალი მოვლენა. 8 წელი პოლიტიკოსთა და ექსპერტთა დიდი მასა ერთობოდა ჰიბრიდულ საფრთხეებისა და ომების პრობლემატიკის ანალიზითა და შეფასებით, საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ბევრი თავს ამ ომის მონაწილედ თვლიდა და ალბათ შორს არ იყო ის მომენტი, როდესაც ჰიბრიდული ომის ვეტერანები თავის სტატუსის ომის ვეტერანთა სტატუსთან გათანაბრებას მოითხოვდნენ. მოკლედ, კლასიკური, კონვენციური ომი არსად წასულა და მხოლოდ ამ ომით და ამ ომში წარმატება არის ახალი რეალობის შემქნელი. ხოლო ჰიბრიდული ომით ზედმეტმა გატაცებამ, რუსეთი კატასტროფის პირას მიიყვანა, არც ეკონომიკურ, კულტურულ, საინფორმაციო, პოლიტიკურ და ა.შ. წარმატებულ ქმედებას არ შეუძლია ჩაანაცვლას წარმატება ბრძოლის ველზე, ნებისმიერი ომის გამარჯვების საფუძველი არის წარმატებული საბრძოლო მოქმედებები და სხვა დანარჩენი ეხმარება მხარეებს ბრძოლის ველზე მოქმედებაში. მხარე რომელსაც აერევა რა არის ძირითადი და რა მეორეხარისხოვანი ომში, აუცილებლად დამარცხდება.
პ.ს. ომი არაფრის გაგრძელება არ არის, უბრალოდ ომი თვითონ არის რეალობის შემქმნელი და არა გამგრძელებელი, კლაუზევიცი კი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ომში წარმატება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ომს მკაფიო პოლიტიკური მიზნები აქვსო.
შემდეგი კლიშე, ბლიცკრიგი, რუსეთ-უკრაინის ომში ბლიცკრიგისათვის დამახასიათებელი ტაქტიკა და ოპერატიული გეგმები არც კი გაელვებულა. ომის სწრაფი დამთავრების სურვილი ან გეგმა არ ნიშნავს რომ საქმე გვაქვს ბლიცკრიგის ტაქტიკასთან. ბლიცკრიგი არის ოპერატიული სიღრმეების მაქსიმალურად გამოყენებით, დიდი ოპერატიული სივრცეების მოცვა და მოწინააღმდეგის მსხვილი შენაერთების ალყაში მოქცევისა და განადგურების ტაქტიკა. რუსეთის მოქმედებაში ასეთი ჩანაფიქრი არც კი იგრძნობოდა. სამაგიეროდ, ბრუსილოვს გარღვევის სასწაულის რწმენა ისევე წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც ქართველი გოგონები ლეღვის ნახარშს იყენებენ. იგივე შედეგებით. ბრუსილოვის გარღვევა ითვალისწინებს არა კლასიკურ შეტევის ძირითადი მიმართულების ფორმირებას, არამედ რამდენიმე თანაბარი მნიშვნელობის შეტევას. ბრუსილოვმა მართლაც მიაღწია პირველ ეტაპზე წარმატება, დაახლოებით 13 მიმართულებაზე გაარღვია მოწინააღმდეგე, წინ წაიწია 80-120 კილომეტრით, მაგრამ მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარმატების მიუხედავად ვერ განავითარა წარმატება ( არ იყო გათვალისწინებული ამისთვის საჭირო ძალები, თუმცა ძალები რომ გაეთვალისწინებია მაშინ გარღვევის ამდენ მიმართულებაზე აღარ ეყოფოდა) და მალე შედეგად კატასტროფული ოპერატიული ვითარება მიიღო, მოწინააღმდეგემ ისარგებლა გარღვევების შედეგად გამოფიტული და ტაქტიკურად წამგებიანი განლაგების მქონე მოწინააღმდეგის უმწეობით და გაანადგურა რუსების მსხვილი სამხედრო შენაერთები. მოკლედ, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების თეატრზე იგრძნობა ბრუსილოვშინა და არ იკითხება არანაირი მანშტაინ-გუდერიანის ბლიცკრიგის ტაქტიკა. დასკვნა, რუსეთის მხრიდან ომის სწრაფად დასრულების სურვილი არ იყო უზრუნველყოფილი შესაბამისი ოპერატიული გეგმებით ან ამისთვის საჭირო ძალებით, ხოლო არსებული გეგმები მხოლოდ მაშინ იქნებოდა მიღწევადი, თუ ჰიბრიდულ ომში მოპოვებულ წარმატებებს რამენაირად შეეძლებოდა ჩაენაცვლებინა ან უზრუნველეყო კონვენციურ ომში მისაღწევი წარმატებები. სასწაული არ მოხდა, ომის პრინციპები და გამარჯვების მიღწევის გზები ისეთივე დარჩა როგორიც გვახსოვს ანტიკური ხანის ომებიდან.“ - წერს ექსპერტი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024