05/10/2021
15:00
მსოფლიო
„საქართველოს მთავრობა უკრაინას მიხეილ სააკაშვილს არ გადასცემს. მას მოუწევს რამდენიმე წელი ქართულ საპყრობილეში გაატაროს. როგორც ჩანს, როცა მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში არალეგალურად დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, მას მსგავსი შედეგი გათვლილი არ ჰქონდა. ექს-პრეზიდენტი, ალბათ, გეგმავდა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უეცრად გამოჩნდებოდა თავის მხარდამჭერთა მრავალათასიან მიტინგზე, მას ხელში აყვანილი გაატარებდნენ თბილისის ქუჩებში, წაიყვანდნენ პრეზიდენტის სასახლისაკენ... მაგრამ რეალობა უფრო პროზაული აღმოჩნდა“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასაწყისში.
„ცხადია, თავის ჭეშმარიტ მიზნებზე საქართველოს ექს-ლიდერმა მხოლოდ თვითონ იცის. ჩვენ მხოლოდ „მკითხაობა“ შეგვიძლია იმაზე, თუ რით ხელმძღვანელობდა იგი თავისი ავანტიურის დროს. ექსპერტების ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს ეფექტურად გამოჩენა ჰქონდა ჩაფიქრებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ე.წ. „გაყალბებული არჩევნების“ წინააღმდეგ, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე 3 ოქტომბერს ჩატარდებოდა, შემდეგ კი სიტუაცია „ფერადი რევოლუციების“ სცენარით განვითარდებოდა - ისე როგორც ეს 2003 წლის შემოდგომაზე მოხდა:
მმართველი პარტია თავის გამარჯვებას აცხადებს, მაგრამ ოპოზიცია გაბედულად ამხელს არჩევნების შედეგების გაყალბებას, საპროტესტო აქციას მოსახლეობა მხარს უჭერს, მთელ ქვეყანაში მიტინგები იწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ემხობა, სერგეი ლავროვს ბიძინა ივანიშვილი თავისი თვითმფრინავით ისე გაჰყავს, როგორც ერთ დროს იგორ ივანოვმა ასლან აბაშიძე გაიყვანა... ხალხი მიხეილ სააკაშვილს ემუდარება, რომ იგი ქვეყნის პრეზიდენტობაზე დათანხმდეს. აი, დაახლოებით ასე.
სამი ოქტომბრის მიტინგზე შესაძლოა რაიმე ტრაგიკული ექსცესი მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლებლად მიიჩნია, რომ არ იყო გამორიცხული მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მიერ რამდენიმე ოპოზიციონერის მკვლელობის მომზადება. ნუ გავავლებთ პარალელს 1937 წელთან და ლავრენტი ბერიას მოქმედებასთან - მსგავსი პოლიტტექნოლოგიები დღეს ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოიყენება....
მოკლედ, მიხეილ სააკაშვილს გეგმები ჩაეფუშა. მას არ ეგონა, რომ საპყრობილეში დიდი ხნით აღმოჩნდებოდა. რა თქმა უნდა, საბჭოთა მოსახლეობის ნაწილში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მენტალიტეტი, რომ „ციხეში ჯდომა“ პოლიტიკოსისათვის პოზიტიურია, ეს ფაქტორი თითქოსდა მისი იმიჯის ასამაღლებლად მუშაობს... მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, იგი მიხეილ სააკაშვილს არ იცნობს: იგი ნელსონ მანდელა ნამდვილად არ არის. იგი არც გმირია და არც რევოლუციონერი - ის მხოლოდ იმიტატორია, თავისი არსით კი, კონტრრევოლუციონერი. მას ძალიან უყვარს კომფორტი და თავის ჯანმრთელობას უფრთხილდება.
საინტერესოა, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილს იღბალი თან სდევდა. სხვა ისტორიულ ეპოქაში და სხვა ქვეყანაში იგი დიდი ხანია ცოცხალი აღარ იქნებოდა. მას, ელემენტალურად, სნაიპერი მოკლავდა ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში, საქართველოს პარლამენტზე შტურმის დროს. არადა, იმ დროს სნაიპერები მართლაც მზად იყვნენ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს სროლის ბრძანება არ გაუცია... მიხეილ სააკაშვილი გადაურჩა კიევის მაიდანსაც, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე არალეგალურ გადასვლასაც და არსენ ავაქოვის ნეონაცისტური დაჯგუფების შურისძიებას... ექს-პრეზიდენტის ციხეში ჩაჯენას უკრაინაშიც ცდილობდნენ, მას „სპეცნაზი“ სახლის სახურავებზე დასდევდა. იგი ქვეყნიდან გააძევეს, მაგრამ დაბრუნდა. მას მოქლაქეობა ჩამოართვეს, საქართველოშიც და უკრაინაშიც, ის კი მაინც ყველგან თავისუფლად დადიოდა და დემონსტრაციულად ხაზს უსვამდა თავის „ჩაუძირაობას“.
ალბათ, ასეთი სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მას მუდამ ირგვლივ აგზნებული ხალხი ჰყავდა გარშემორტყმული. სწორედ ასეთი ხალხის წყალობით უკრაინის პოლიცია იძულებული იყო უკვე დაკავებული და „შავ მანქანაში“ ჩატენილი მიხეილ სააკაშვილი გაეთავისუფლებინა. პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება ერიდებოდა ხალხის შუაგულში მყოფი მიხეილ სააკაშვლის დაკავებას - ვაითუ, აგზნებულმა ბრბომ საპყრობილეს შტურმი განახორციელოსო. ალბათ, ექს-პრეზიდენტს ეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის დაკავებას და მით უმეტეს, [კარგად დაცულ] ციხეში გადაყვანას ვერ გაბედავდა, მას იმედი ჰქონდა, რომ „ხალხი დაიცავდა“.
მაგრამ არ დაიცვა. ალბათ, მიხეილ სააკაშვილისისათვის ყველაზე დიდი „თვალის ახელა“ ის იყო, რომ მოსახლეობა „თავისი გმირის“ დაკავებას საკმაოდ ინერტულად შეხვდა. კი, მისმა პარრტიამ როგორღაც მოახერხა რამდენიმე ათასი მხარდამჭერის მობილიზება რუსთავის საპყრობილესთან, მაგრამ ეს არანაირად არ შეედრება იმ ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს, რომლებიც საქართველოში, მიზეზით თუ უმიზეზოდ, ყოველდღიურად იმართებოდა.
Sic transit gloria mundi („ასე გადის ამქვეყნიური დიდება“) - ეს სიტყვები, ალბათ, მიხეილ სააკაშვილმა იმ საკნის კედელზე უნდა ამოკაწროს საპყრობილის კოვზით, სადაც მას პატიმრობის ვადის გატარება მოუწევს.
ეჰ, მაინც რა არის ეს ცხოვრება... ჯერ კიდევ გუშინ იგი რევოლუციებს ახორციელებდა, ომებს იწყებდა და ბირთვულ სახელმწიფოს დუელში იწვევდა... დღეს კი ასეთი გმირული სულის მქონე ყოფილი პრეზიდენტი მწვანილის გადასაზიდი ტრაილერის სავენტილაციო კაბინაში შემალული ბრუნდება სამშობლოში... ისე, ნუთუ ქართველებს შორის ისეთი ვინმე არ გამოჩნდა, მემწვანილის გარდა, რომელიც მზად იქნებოდა მისთვის თავშესაფარი მიეცა?
მიხეილ სააკაშვილი მარტო დარჩა. მისი დრო წავიდა. ფაქტიურად, ის სამშობლოში არავის არ ჭირდება... ასევე არ ჭირდებათ უკრაინაშიც, სადაც იგი ყველას ხელს უშლის და აშკარად „ისეთ ტვირთად“ თვლიან, რომელიც კიევს ამერიკამ კისერზე დაჰკიდა. ახლა მიხეილ სააკაშვილს საპყრობილეში წლების გატარება მოუწევს. როცა გათავისუფლდება, მას ქუჩაშიც ვერავინ იცნობს, უკვე სხვა დრო და სხვა ეპოქა იქნება“, - ასეთი რეზიუმეა გაკეთებული სტატიის დასასრულს.
0
0