24/09/2021
14:26
პოლიტიკა
რუსეთის ინგლისურენოვან გაზეთ «The Moscow Times»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთში რეპრესიების გაძლიერების კვალობაზე რუსი ემიგრანტები შვებას საქართველოში პოულობენ: პატარა კავკასიური ქვეყანა დისიდენტთა ახალი თაობის თავშესაფარი გახდა“ (ავტორი – პეტრ ზაუერი).
პუბლიკაცია ეხება საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების – პოლიტემიგრანტების ცხოვრებას, გადმოცემულია ის მიზეზები, თუ რატომ მიატოვეს მათ რუსეთი, რით არიან ამჯამად დაკავებულნი საქართველოში და რას ფიქრობენ სამომავლოდ.
სტატიის ავტორი ესაუბრება სანქტ-პეტერბურგელ ადვოკატს ივან პავლოვს, რომელიც კრემლის კრიტიკოსების – ალექსი ნავალნისა და ჟურნალისტ ივან საფრონოვის ინტერესებს იცავდა. საბოლოოდ ადვოკატი თვითონ აღმოჩნდა ეჭვმიტანილი და როცა იგი მიხვდა, რომ მასაც დაიჭერდნენ, საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა. „ჩვენ თბილისის ერთ-ერთ ლამაზ მოედანზე მდებარე კაფეში ვზივართ და ხაჭაპურს შევექცევით – ქართულ ცნობილ ეროვნულ საჭმელს. ივან პავლოვი ჰყვება, თუ როგორ გაჩხრიკა მისი ბინა პოლიციამ, შემდეგ კი მან ავიაბილეთის აღება მოახერხა და თბილისში შემოვლითი გზებით ჩამოსვლა მოახერხა.
ივან პავლოვი ერთ-ერთია მათგან, რომლებსაც სამშობლოს – რუსეთის დატოვება პოლიტიკური სიტუაციის გამო მოუხდათ. რუსებს საქართველოში ემიგრირების დიდი ხნის ისტორია აქვთ: როცა მათ ქვეყანაში კრიზისები და პოლიტიკური რეპრესიები იწყებოდა, ისინი თავშესაფარს საქართველოში პოულობდნენ. [1917 წლის] რევოლუციის შემდეგ ასობით ათასი რუსი ევროპულ ქვეყნების დედაქალაქებში – ლონდონში, პარიზში, ვენაში გაიქცა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ათასობით ბიზნესმენმა და ოლიგარქმა ბინა ლონდონში დაიდო, ხელოვანი და შემოქმედი ადამიანები კი ბერლინში და ნიუ-იორკში დაფუძნდნენ. ამჯერად, 2020 წლიდან რუსეთში დაწყებული რეპრესიები გამო ბევრმა უფლებადამცველმა და ოპოზიციონერმა ბალტიისპირეთს მიაშურა, მაგრამ რადგანაც კორონავირუსის გამო დაწესებულმა ზომებმა რუსებისათვის დასავლეთში წასვლა გაართულა, პატარა კავკასიური პოსტსაბჭოთა ქვეყანა მათთვის პოლიტიკური ემიგრაციის ადგილად იქცა – ვლადიმერ პუტინის მმართველობის გვიანდელ პერიოდში“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი შეხვდა თბილისში ჯერ კიდევ შარშან ემიგრირებულ პოპულარულ რუს ბლოგერს და პოლიტიკურ კომენტატორს მიხეილ ნაკის, ჟურნალისტებს ალინა მუზიჩენკოს და ნიკოლაი ლივშიცს, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში წამოსვლის მიზეზებზე საუბრობენ. სხვათა შორის, ავტორთან მოსაუბრე ემიგრანტებს შორის არიან ბელარუსელი ანონიმური ჟურნალისტებიც, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ.
„უვიზო რეჟიმი, [მოსახლეობის მიერ] რუსული ენის ცოდნა კლიმატი და შედარებით იაფი ცხოვრება – აი, ის ზოგიერთი მიზეზი, რის გამოც რუსი ემიგრანტები საქართველოს ირჩევენ“, – ამბობს ნიკოლაი ლივშიცი, – რუსებს საქართველოში ყოფნა ერთ წლამდე შეუძლიათ, ბინის ქირით 200-300 დოლარი თვეში. ცხოვრებაც ძვირი არ არის… მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. გვჯერა, რომ საქართველო არასოდეს უკან, რუსეთში არ გაგვგზავნის“.
თუმცა ბოლო დროს, როცა ოპოზიციამ მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო, სულ უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ორბიტისკენ იხრება, რაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსიტუტებს დიდ ზიანს აყენებს.
„რასაკვირველია, არჩევნების მოახლოების კვალობაზე საქართველო ისეთი სტაბილური აღარ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ „ქართული ოცნება“ (და კიდევ სხვა პარტიებიც, რომლებსაც რუსეთის კეთილგანწყობის მიღება სურთ), სანამ რუსეთიდან ჩამოსულ ემიგრანტებს უკან გაგზავნიდეს, დაფიქრდება და ისე მოიქცევა“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, – თუ ხელისუფლება მათ უკან გაგზავნის, ამით საზოგადოებაში დიდ მღელვარებას გამოიწვევს. შესაბამისად, მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებს“.
როგორც The Moscow Times-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ემიგრანტმა ღიად საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით უმჯობესია „ფსკერზე ჩაწვეს“ და ჩუმად იყოს: „ცვენ რომ ახლა განცხადებებეის გაკეტება დავიწყოთ, ამით სიტუაციას გავირთულებთ და უკან ოდესმე დაბრუნების შანსს დავკარგავთ“, – ამბობს ერთ-ერთი ანონიმი რუსი აქტივისტი, რომელიც, სხვებთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ ბინაში კარტს თამაშობს.
სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინათ რუსული ტელეარხის Рен-ТВ-ის მიერ ეთერში გადაცემულ ვიდეოსიუჟეტში ნათქვამია, რომ რუსეთიდან წასულ ემიგრანტებს დასავლურ სპეცსამსახურებთან კავშირი აქვთ. „მათ რომ ახლა ჩვენი კარტით თამაში დაენახათ, ალბათ, იტყოდნენ, რომ ამერიკული ფულით არალეგალური კაზინო გავხსენით“, – ხუმრობს რუსი აქტივისტი.
ყველაზე ფრთხილები ის ემიგრანტები არიან, რომლებიც თბილისში ბელარუსიდან გამოიქცნენ: „მე იქ ოჯახი მყავს და თუ ბელარუსის ხელისუფლება გაიგებს, რომ მე აქ, საქართველოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ვაგრძელებ, ჩემი ოჯახი შეიძლება რეპრესიების სამიზნე აღმოჩნდეს“, – ამბობს კონსტანტინე, რომელიც თავის გვარს არ ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში ამჟამად 400-მდე ბელარუსი მოქალაქე იმყოფება, რომლებმაც ეს ქვეყანა იაფი ცხოვრების გამო აირჩიეს: „ჩემი შემოსავლებით ევროპაში რომ წავსულიყავი, იქ ცხოვრება გამიჭირდებოდა, აქ კი მე შემიძლია საკუთარი თავი რესპექტაბელურ ემიგრანტად ჩავთვალო“, – აღნიშნავს კონსტანტინე.
ბევრი ემიგრანტი აღიარებს, რომ მათ იგივე პრობლემები აქვთ, როგორიც წინა თაობის ემიგრანტებს ჰქონდათ – ადგილობრივ მცხოვრებლებთან ინტეგრირებისა და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული სიძნელეები. „ჩვენ თითქმის არ გვაქვს კავშირი მოსახლეობასთან“, – ამბობს მიხეილ ნაკი, – თითქოსდა პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ. მე პირადად უფრო მეტად უკან დაბრუნებაზე ვფიქრობ, ვიდრე აქაურებთან ინტეგრირებაზე“.
0
0