19/07/2023
13:11
კონფლიქტები
თბილისში გადმოსულმა და საქართველოს მოქალაქე აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ, ახალგაზრდული მოძრაობის „ამრას“ წარმომადგენელმა ევროპარლამენტის პანელზე - „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ ისაუბრა.
ის შეხვედრის მონაწილეებს აფხაზურ ენაზე მიესალმა, რის შემდეგაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
„30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა... ბავშვობიდან (მათ) ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე ჩემთვის, ბევრი რამ გავიგე. მე მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართული ენის ტოლფასია. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რაც უნდა იცოდნენ... ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა - ეს იყო რუსეთი“ - განაცხადა ბუავამ.
ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ქართველები და აფხაზები, ორი ხალხი, რომლებიც „საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, საერთო ისტორიას ქმნიდნენ“, ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
აღსანიშნავია, რომ ბუავა ბრიუსელში თბილისში მდებარე სოხუმის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
0
0