28/09/2021
11:45
პოლიტიკა
„მარტივი პასუხია სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს დაკავებული და შებრძანებული იქნება ციხეში“, - ასე გამოეხმაურა მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს სამშობლოში დაბრუნებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის განცხადება, „ხალხი გამოვა და დამიცავს“ არის სრული სიცრუე და სიყალბე.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა, რადგან მშიშარა და მხდალია.
„რა თქვა მიხომ? ჩამოვდივარო? მოსახლეობას მინდა ავუხსნა. ეს კაცია 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ ციხეში შევა. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა.
ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ 2003 წელია. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა.
დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინაღმდეგება ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით.
სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს. იმიტომ რომ მან ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ამას გარდა მინდა ასევე ვთქვა, რომ ის მოწოდებები, რომ „ხალხი გამოვა და დამიცავს“ არის სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია.
სააკაშვილს მასზე გამწარებული და გაბრაზებული 100 ათასი ადამიანი დახვდება. მარტივი პასუხია, სააკაშვილი როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე იმავე წამს დაკავებული და შებრძანებული იქნება ციხეში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
0
0