20/01/2023
19:29
მედიცინა
გადაჭრით იმაზე საუბარი, თუ რამ განაპირობა ყოფილი სამხედრო პირის მსგავსი ქმედება, რთულია, თუმცა, როგორც ფსიქიატრმა, გიორგი გელეიშვილმა სააგენტო Spacesnews-ს განუცხადა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებთან ხშირია:
„პოსტტრავმული აშლილობა ყოფილი სამხედროების უმრავლესობაში ვლინდება, რასაც მათი, მძიმე სამსახურებრივი მოვალეობა და გამოცდილება იწვევს.“ - თქვა გელეიშვილმა.
ფსიქიატრი, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის პრევენციის ერთ-ერთ ხელის შელმშლელ ფაქტორად დაბალ მიმართვიანობასაც ასახელებს და ამბობს:
„რომ გითხრათ, ბევრი ჯარისკაცი მოდის ჩემთან პოსტტრავმული აშლილობით, ნამდვილად არა. ასეთი, გამოხატული პოსტტრავმული აშლილობით ალბათ, შარშან დავამთავრე ერთ სამხედროსთან მუშაობა.“
გიორგი გელეიშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ პოსტტრავმული აშლილობა შევიდა დიაგნოზთა იმ ჩამონათვალში, რომლის მკურნალობას სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს:
„ 2008 წლის ომის შემდეგ დიაგნოზი- პოსტტრავმული აშლილობა შევიდა სახელმწიფო პროგრამების ჩამონათვალში, რომელიც ფარმაკოლოგიურ თუ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას უფასოდ ითვალისწინებს.“
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, რომ კონკრეტული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე, შესაბამის უწყებას ან სახელმწიფო პროგრამას მიმართოს.
„მნიშვნელოვნია საზოგადოების ინფორმირება და მზაობა, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ აღნიშნული სერვისებით. განსაკუთრებით მათ, ვისაც პოსტტრავმულ პერიოდში აღენიშნებათ უძილობა, შიშები ან სხვადასხვა ფსიქოზური სიმფტომები. მიმაჩნია, რომ ეს არის ის სერვისები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა საპრევენციო მექანიზმიც გახდეს. აქ მთავარია, საზოგადოებაში არსებული სტიგმა არ გახდეს, სერვისებით სარგებლობის საჭიროების დროს, დამაბრკოლებელი გარემოება.“ - განაცხადა გელეიშვილმა Spacesnews - თან.
20 იანვარს, ყოფილმა სამხედრომ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. არსებული ფაქტის შედეგად, 5 ადამიანი დაიჭრა, 6 კი დაიღუპა, რომელთაგან ერთი პოლიციელია. თავდამსხმელი 49 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო, რომელმაც სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, გარკვეულ პერიოდში ავღანეთშიც იბრძოდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოფილ ჯარისკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რაც ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაშიც გამოიხატებოდა.
ფოტო: რადიო თავისუფლება
0
0