17/12/2021
12:26
სხვადასხვა
მიხეილ გომიაშვილი სამყაროს არჩილ გომიაშვილისა და ლიანა მანჯავიძის ქორწინების შედეგად, მამის დაბადების დღეს მოევლინა. ბიჭუნამ მთელი ბავშვობა მშობლებთან ერთად გასტროლებზე სიარულში და კულისებში გაატარა და საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმოედგინა.
პატარა მიშა „თორმეტი სკამის“ გადასაღებ მოედანზეც მამის გვერდით იყო და თავისი პირველი როლიც სწორედ ამ ფილმში შეასრულა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტაპ ბენდერი და კისა ვორობიანინოვი ტურისტების წინაშე, შუა გზაზე ცეკვავენ. სწორედ ამ დროს, პატარა ბიჭი, რომელსაც უზარმაზარი თეთრი ქუდი ახურავს, ყვირის - „ფული მომეცი“ და ის არჩილის შვილი, მიხეილია. მოგვიანებით მსახიობმა იხუმრა, რომ შვილი ფრაზას, რომლითაც სამსახიობო კარიერა დაიწყო, მთელი ცხოვრების მანძილზე უმეორებდა.
სინამდვილეში, მიხეილ გომიაშვილი „12 სკამის“ ორი ეპიზოდში გადაიღეს. მეორე, საკმაოდ დასამახსოვრებელი ეპიზოდი ფილმის ფინალში იყო - ოსტაპ ბენდერის კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი ოსტაპის გამოსახულებიან კინოაფიშას უახლოვდება და ამბობს: „ყინული გალღვა ბატონო მსაჯულებო. ამიერიდან აღლუმს მე წავიყვან“. კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში ფილმის საბოლოო ვერსიის ნახვისას კომისიამ მტკიცედ განაცხადა, რომ საბჭოთა ქვეყანას მომავალი ოსტაპ ბენდერები არ სჭირდება და ფილმიდან ფინალური ეპიზოდი ამოჭრა, რამაც პატარა მსახიობი ძალიან დაამწუხრა.
მოგვიანებით მიხეილ გომიაშვილს ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა ოდესმე ბენდერის თამაშს და მან უპასუხა, რომ ასეთ შეთავაზებას არაფრის ფასად დათანხმდებოდა. მსახიობის განმარტებით, ის ყოველთვის ამაყობდა მამით, მაგრამ არასოდეს ცდილობდა მასთან კონკურენციას. მით უმეტეს, რომ არჩილი შვილის სამსახიობო ნიჭს დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა.
ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიხეილ გომიაშვილი მამამ თავისთან, მოსკოვში წაიყვანა. მამა-შვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. ამ პერიოდში რეჟისორები მიხეილს ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს სთავაზობდნენ. მსახიობმა პირველი მთავარი როლი მხოლოდ 40 წლის შემდეგ შეასრულა.
მამა დიდი ხნის მანძილზე ვერ ამჩნევდა შვილის ნიჭს და მის სამსახიობო ოსტატობას არ აღიარებდა.
„მას ჩემი არ სჯეროდა. არ მოსწონდა ფილმები, რომლებშიც ვთამაშობდი და ამის გამო მაკრიტიკებდა“ - ამბობდა მიხეილ გომიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავიდან არჩილმა შვილი საბრძოლო დრამაში „ღმერთის შემდეგ პირველი“ მონაწილეობისთვისაც გააკრიტიკა, მაგრამ როცა ეს ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე წარადგინეს, აღიარა, რომ შეცდა. სამწუხაროდ, იმავე 2005 წელს არჩილ გომიაშვილი გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მიხეილის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. „ოსტაპ ბენდერის შვილს“ გადაღებებზე იწვევენ საქართველოში, რუსეთში, ჩეხეთში, პოლონეთში და აშშ-შიც კი და მსახიობი თავისი შემოქმედებითი ბედით კმაყოფილია.
გერდა - „ბენდერის ქალიშვილი“
ბოლო ქორწინებაში ბალერინა ტატიანა ოკუნევსკაიასთან არჩილ გომიაშვილს ქალიშვილი - ნინა შეეძინა. 11 წლის ასაკში გოგონამ თავისი პირველი როლი შეასრულა, ხოლო 3 წლის შემდეგ ფილმში "თოვლის დედოფლის საიდუმლო“ მთავარ როლში გადაიღეს. ნინა გომიაშვილის გერდა მილიონობით მაყურებელს დაამახსოვრდა, მაგრამ მისი კინოკარიერა მხოლოდ 5 წელი - 1983-დან 1988 წლამდე გაგრძელდა. გოგონა სამსახიობო ხელოვნებით სწორედ მაშინ განიხიბლა, როდესაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
მოგვიანებით, ნინა გომიაშვილი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც დიზაინის სკოლაში ფოტოგრაფიის ხელოვნება შეისწავლა და ისევ რუსეთში დაბრუნდა. დღეს ნინა გომიაშვილი წარმატებული გალერისტია და ყველაზე რეზონანსულ ფოტოგამოფენებს მასპინძლობს. ის ასევეორი წიგნის ავტორი გახლავთ: „გურმანიადა. იტალია“ და" საქართველო. პირველი მეორე მესამე.“
წყარო: https://kulturologia.ru/blogs/071021/51348/
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024