07/09/2024
11:52
სპორტი
„ნირეგაზა სპარტაკუსმა“ ნიკა კვეკვესკირი ოფიციალურად წარადგინა. კლუბის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველმა უნგრულ კლუბთან კონტრაქტი ოფციონის წესით, 1+1 წლით გააფორმა.
„საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ჩვენი გუნდის ახალი მოთამაშეა. ევრო 2024-ის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლით ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, ნიკა კვეკვესკირმა კი გერმანიაში გამართულ კონტინენტურ ტურნირზე მერვედფინალში ესპანეთთან ითამაშა.
32 წლის ნახევარმცველი ბოლოს პოზნანის „ლეხში“ თამაშობდა. სამ წელზე მეტი გაატარა პოლონურ კლუბში და 2021-2022 წლების სეზონში ჩემპიონი გახდა. მას ასევე აქვს მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება. ზაფხულში მისი გადაბირება რამდენიმე გუნდს სურდა, მაგრამ საბოლოოდ მასთან შეთანხმება „ნირეგაზა სპარტაკუსმა“ მოახერხა“, – წერს უნგრული კლუბის ოფიციალური გვერდი.
კვეკვესკირის ტრანსფერზე კომენტარი „ნირეგაზას“ სპორტულმა დირექტორმა, ტივადარ ფეკეტემ გააკეთა.
„ასეთი საფეხბურთო კარიერის მქონე ფეხბურთელის შეძენა სერიოზულ წარმატებად მიმაჩნია. პირველივე შეხვედრისას ვიგრძენი, რომ ის ძალიან მოტივირებული იყო. ნიკას დამატება ფინანსურად უფრო ძლიერ კლუბებს სურდათ, მაგრამ ის წმინდა საფეხბურთო ასპექტებზეა ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ისევ სურს, ეს კი მიუთითებს, ჩვენთან როგორი მოტივაციით ჩამოდის.
კვეკვესკირი მრავალმხრივი მოთამაშეა, ეფექტურია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. იმედი მაქვს, მისი გამოცვდილება ძალიან დაგვეხმარება“.
0
0