27/02/2024
13:02
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობას აშშ-სთან ფრენების განხორციელების სურვილი არ აქვს - ასე ეხმაურება „ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობაში ამერიკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას მცდელობას არ აკლებენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ ფრენების დაწყების სურვილი აქვს, თუმცა მთავრობის დახმარების იმედი - არა.
როგორც კოდუა საუბრისას ამბობს, ეკონომიკის სამინისტროში თვეების წინ, მაშინ როცა აშშ-ს ელჩი კვლავ კელი დეგნანი იყო, საელჩოს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შეხვედრა გაიმართა. სამინისტრომ შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უთხრა, რომ აშშ-ს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების ორგანიზებისგან თავი უნდა შეეკავებინა.
„დაყენებული მქონდა საკითხი და ამერიკის საელჩოც ჩავრთე, წარმომადგენლები მივიყვანე ეკონომიკის მინისტრთან. შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ მივესალმებით ამ საკითხსო, მაგრამ შეხვედრა რომ მორჩა, მითხრეს, რომ თუ შეიძლება თავი შემეკავებინა ამ რეისების ორგანიზებისგან“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.
როგორც კოდუა განმარტავს, სამინისტრომ მიზეზად დაასახელა ის, რომ პროცესებს ორგანიზებისთვის 2 წელი მაინც სჭირდებოდა და შესაბამისი რესურსები არ ჰქონდათ.
„საქართველოს მთავრობიდან მითხრეს, რომ შეუძლებელია ამის გაკეთებაო. ძალიან დიდი დრო უნდა, 1-2 წელი მაინც არის საჭიროვო, რომ ამერიკის რეისები დავიწყოთ და არ გვაქვს ამის რესურსიო. ანუ, მთავრობაში მითხრეს, ამერიკაში პირდაპირ ფრენებზე საკითხს ნუ დააყენებო“, - დასძინა მან.
კოდუას თქმით, იმისთვის რომ ამერიკასთან პირდაპირი ფრენები განხორციელდეს, მთავრობამ განაცხადი უნდა წარადგინოს. შეხვედრის შემდეგ ნახევარ წელზე მეტია გასული, განაცხადი კი კვლავ არ არის გაკეთებული.
„ნახევარ წელზე მეტი გავიდა, როცა თვითმფრინავი გამაყვანინეს უკან და უარი მითხრეს ამერიკის რეისებთან დაკავშირებით. დღეს რა სტადიაზეა ეს საკითხი, არ ვიცი. მგონია, რომ მაშინ რაც თქვეს, იგივე იქნება ახლაც, რომ მინიმუმ 1-2 წელი სჭირდებათ. საქმე იმაშია, რომ რაც ეს საუბარი იყო, იმის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა, შეეძლოთ განაცხადი შეეტანათ, მაგრამ განაცხადი არ არის შეტანილი, სურვილი არ აქვს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ფრენები განხორციელდეს. საჭიროა განაცხადი, ინსპექტორები, კონსულტანტები და იურიდიული მიმომხილველი უნდა აიყვანონ ვაშინგტონიდან და რეგულაციების იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს. ამის მერე უნდა ერთი წელი, ისე კი არაა, რომ დავიწყე და თავისით იქნება სტანდარტები. ავიაკომპანიამ უნდა გამოთქვას სურვილი და ამის საფუძველზე ხდება იმპლემენტაციის განხორციელება. ჩვენ რომ გამოვთქვით სურვილი, მაშინ არ მიიღეს და სხვა ვინ გამოთქვა ახლა?“, - ამბობს კოდუა.
„ეარ ჯორჯიას" დამფუძნებლის თქმით, ის კვლავ გამოთქვამს სურვილს აშშ-ში ფრენების დაწყებაზე, თუმცა ამბობს, რომ ჯერ მთავრობამ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები.
„მზაობას კი გამოვთქვამ, მაგრამ მეშინია, მთავრობის იმედი არ მაქვს. ძალიან დიდი ინვესტიციები განვახორციელე, მაქვს დიდი სურვილი, ძალიან დიდი შრომა გავწიე, მაგრამ ჯერ მთავრობამ გააკეთოს რამე, დავინახოთ შედეგი და რომ მართლა აკეთებენ რამეს - მერე ჩვენც მზად ვიქნებით“, - განაცხადა „ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელმა.
წყარო -bpn.ge
0
0