17/01/2024
17:04
კულტურა
ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი, “ახალგაზრდა სტალინის” ავტორი საიმონ სებაგ მონტეფიორე ფილმზე სამუშაოდ თბილისში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაცია მან ორი დღის წინ სოციალურ ქსელ x-ზე [ყოფილი ტვიტერი] დაპოსტა, 16 იანვარს კი შეხვედრაც გამართა მწერალთა სახლში.
ამ შეხვედრაზე მონტეფიორემ თქვა, რომ ფილმი ქართულ ენაზე იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მსახიობები, მათ შორის იოსებ სტალინის როლზეც. ფილმი, სავარაუდოდ, იქნება წიგნის მხოლოდ ერთი ფრაგმენტის, სტალინის მიერ თბილისში ბანკის ძარცვის ეკრანიზაცია.
“მე აქ ვარ ფილმის გამო, „ახალგაზრდა სტალინის” გამო. "ახალგაზრდა სტალინი" დავწერე 2007-2008 წლებში. მე აღმოვჩნდი ძალიან იღბლიანი, მქონდა საშუალება ამ წიგნზე მუშაობის დროს მემუშავა სტალინის არქივში მოსკოვში და ასევე საქართველოს პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილი - რ.თ.] დახმარებით მე ვმუშაობდი "მარქსიზმისა და ლენინიზმის ინსტიტუტის" არქივზე თბილისშიც”, - თქვა ბესტსელერის ავტორმა მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე.
გელა ბაბლუანი, რომელიც “ახალგაზრდა სტალინის” რეჟისორი იქნება, რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა IMDB-ის მიხედვით, “ახალგაზრდა სტალინის” პროდიუსერები არიან რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და კინოპროდიუსერი არჩილ გელოვანი და რუპერტ ლოიდი. სცენარზე კი მონტეფიორესთან ერთად მუშაობდნენ ირაკლი სოლომონაშვილი და რუპერტ ლოიდი.
“ფილმის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მალე გავავრცელებთ, მაგრამ მანამდე შემიძლია რამდენიმე დეტალის შესახებ გითხრათ. ფილმის სცენარი ჩემი წიგნის მიხედვით არის აგებული, ეს არ იქნება პროსტალინური ან ანტისტალინური ფილმი, ეს არ არის პოლემიკის საგანი ამ ფილმში, ფილმი იქნება დრამა ახალგაზრდა სტალინის შესახებ, არა დოკუმენტური [შინაარსით, არამედ], მხატვრული დრამა”, - თქვა თბილისში საიმონ მონტეფიორემ, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზეც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას ფილმზე სამუშაოდ.
ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ბრიტანელი ავტორი თბილისში “ცენტრის პარტნიორი პროდიუსერების ორგანიზებით” იმყოფება.
“სტალინი ცნობილია არა როგორც ქართველი, არამედ როგორც სტალინი. მე უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, სადაც არავინ არ იცოდა, რომ სტალინი ქართველი იყო. სტალინი არის რუსული მოვლენა, ის თავის თავს რუსად თვლიდა და იყო რუსული სახელმწიფოს სათავეში. ამიტომ თავისთავად თქვენი ნამუშევარი იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ შეიძლება მსოფლიომ მართლაც გაიგოს, რომ სტალინი ქართველი იყო და არა რუსი. ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იქნება ჩვენთვის, ქართველებისთვის”, - უთხრა მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე საიმონ მონტეფიორეს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს კომპლექსი იმ დიქტატორების გამო, რომლებიც მან წარმოშვა.
მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე ბრიტანელ ავტორს ჰკითხეს ფილმის დაფინანსების წყაროებზეც.
“მე როგორც ვიცი, ფილმს რამდენიმე ქვეყანა აფინანსებს და არ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ ფილმის დაფინანსებაში საქართველოც მონაწილეობს”, - უპასუხა მონტეფიორემ ფილმის ბიუჯეტის შესახებ დასმულ კითხვას.
ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ბაჩო ოდიშარიამ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უთხრა, რომ ფილმის შექმნაში ეროვნული კინოცენტრი თანხებს არ დებს.
ფილმი “ახალგაზრდა სტალინი” ნახსენები არ არის არც კინოცენტრის და არც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საიმონ მონტეფიორეს საქართველოში ვიზიტის შესახებ.
“საუბარი შეეხო ავტორის შემოქმედებას, დოკუმენტური პროზისა და ლიტერატურული ნაწარმოების კინოადაპტირების ხერხებს. [მონტეფიორეს] საქართველოში ვიზიტის მიზანია საკუთარი შემოქმედებისა და სახელოვნებო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების აუდიტორიისთვის გაზიარება”, - წერია კულტურის სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. იდენტური ტექსტი აქვს ეროვნული კინოცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებსაც, რომლებიც მწერალთა სახლშია გადაღებული შეხვედრაზე.
საიმონ სებაგ მონტეფიორეს წიგნი “ახალგაზრდა სტალინი”, რომელშიც აღწერილია, რა გზა გაიარა სასულიერო სემინარიის სტუდენტმა საბჭოთა დიქტატორობამდე, 2007 წელს გამოიცა, ქართულად კი 2009 წელს ითარგმნა.
რადიო თავისუფლება
0
0