14/10/2022
11:52
სამართალი
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესაბამისი პირების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0