05/09/2022
13:00
სპორტი
რატომ არ არიან ქალი მრბოლელები ფორმულა 1-ში
იმის მიუხედავად, რომ ფორმულასა და ზოგადად, მოტოსპორტი სპორტის იმ მცირე კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც სქესს მნიშვნელობა არ აქვს და ერთმანეთის გვერდიგვერდ შეუძლიათ მამაკაცებსა და ქალებს რბოლა, ქალ მრბოლელებს თითქმის ვერ ვხედავთ ტრასებზე. ბოლო ქალი მრბოლელი ფორმულა 1-ში 1976 წელს ასპარეზობდა და ავსტრიის გრან პრიზე მე-12 ადგილის დაკავებაც შეძლო. ამის შემდეგ მისი რეკორდი არათუ გაუმჯობესდა, არამედ საერთოდ ფორმულა 1-ში ქალებიც კი აღარ გამოჩენილან.
თუ კანონით ორივე სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება რბოლებში მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ არ არიან ფორმულა 1-ში ქალი მრბოლელები?
ქალების ფორმულა 1-ში არ ყოფნას რამდენიმე მიზეზი აქვს. ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ზოგადად მანქანები და რბოლა საზოგადოების თვალში დაკავშირებულია კაცთან და არა ქალთან. საზოგადოების ეს დამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი ბარიერია ქალი მრბოლელებისთვის. ფორმულა 1-ის მრბოლელები კარტინგსა და რბოლას დაახლოებით 6 წლის ასაკში იწყებენ და წლები ვარჯიშის შემდეგ დასახულ მიზანსაც აღწევენ. ქალებს რაც შეეხებათ, 6 წლის ასაკში უბრალოდ რთულად თუ წარმოვიდგენთ, რომ ვინმე 6 წლის გოგოს ექნება მისწრაფება და სურვილი რბოლა დაიწყოს, ხოლო თუ ექნება დაბალი შანსია იმისა, რომ ისეთი ხელშეწყობა მიიღოს მშობლისაგან, როგორსაც 6 წლის ბიჭი მიიღებდა ანალოგიურ სიტუაციაში.
ამ პრობლემის მეორე მიზეზი არის ფინანსები. როგორც ვიცით, მოტოსპორტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტია, გუნდებს სარბოლო წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული მილიონის დახარჯვა უწევთ და ის გუნდები დომინირებენ, რომელთაც უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ. ამის გამო ლოგიკურია ნიჭის გარდა ფორმულა 1-ში ასევე დიდი ყურადღება ექცევათ სპონსორებს. იმისათვის, რომ ფორმულა 1-ში ადგილი მოიპოვო ნიჭის გარდა საჭიროა გყავდეს სპონსორი, რათა გუნდმა შენი გუნდში მოწვევით ფინანსური სარგებელიც ნახოს. გენდერული თანასწორობისკენ მოწოდებების მიუხედავად, სპონსორები ქალ მრბოლელებს არასერიოზულად უყურებენ და სპონსორების გარეშე კიდევ უფრო რთული ხდება ქალებისთვის ფორმულა 1-ამდე მიღწევა.
ფორმულა დაბალ ლიგებში, სადაც სახსრებიც შედარებით მცირეა ქალი მრბოლელები მაინც თითქმის არ ჩანან. ფორმულა 1-4 დივიზიებში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქალი ასპარეზობს, ტატიანა კალდერონი (ფორმულა 2-ში).
რა კეთდება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
იმის მიუხედავად, რომ მოტოსპორტში ქალებისა და კაცების ლიგა გაყოფილი არ არის, 2019 წელს შეიქმნა W Series, სარბოლო დივიზია მხოლოდ ქალებისათვის. რადგან ქალები კაცებს ტრასაზე კონკურენციას ვერ უწევდნენ, მათ დასახმარებლად ჩამოყალიბდა სრულიად ახალი დივიზია. ერთი შეხედვით ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან სერია მისცემს ქალ მრბოლელებს თავის გამოჩენის საშუალებას, მაგრამ ამავდროულად ეს ნაბიჯი თანამედროვე საზოგადოებას და მის ინტერესებს არ შეესაბამება. იმის მაგივრად, რომ ქალი მრბოლელებისთვის ხელი შეეწყოთ, ისინი უბრალოდ გამიჯნეს მამაკაცებისგან და სპორტი ორად გაყვეს. სერიის შექმნის მიზანი არის ფორმულა 1-ის დონის ქალი მრბოლელის ჩამოყალიბება და ფინანსური ხელშეწყობა (ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 1 500 000$-ია), მაგრამ რეალურად „W Series” შექმნით უბრალოდ სპორტი და კონკურენცია გაიყო.
W Series-ის ორგზის ჩემპიონმა ჯეიმი ჩედვიკმა 2022 წელსაც ვერ შეძლო ფორმულა 3-ში ადგილის დაკავება და მესამედ დაუბრუნდა ქალთა ლიგას. ეს შედეგი გვაჩვენებს, რომ დივიზიის შექმნის მთავარი მიზანი ჯერ კიდევ ვერ სრულდება და ჯერ კიდევ შორია შესრულებამდე.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალებს დიდი გზის გავლა მოუწევთ, სანამ ისინი საბოლოოდ შეძლებენ კაცი მრბოლელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას სარბოლო ტრასაზე.
https://flowracers.com/blog/why-no-female-f1-drivers/
https://www.hitc.com/en-gb/2022/03/12/why-are-there-no-female-f1-drivers/
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0