11/12/2021
15:56
საზოგადოება
რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამოიფინა ანსამბლის 20 წლის შემოქმედების ამსახველი ფოტოები, გაიმართა გურული სიმღერების სანოტო კრებულის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება. საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდა. შესრულდა 12 გამორჩეული ფოლკლორული სიმღერა. მოქანდაკე გია ჯაფარიძემ სპეციალურად ,,ბასიანის“ 20 წლის იუბილესთვის შექმნა მცირე ზომის ქანდაკება – „ბასიანის მადლიერების ჯილდო“.
ანსამბლისთვის გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის ჯილდო გადაეცათ : საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს; ანზორ ერქომაიშვილს; ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს; კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს; რობერტ სტურუას; მეცენატ ლევან ვასაძეს ; ფონდ „ ქართული გალობის“ დამფუძნებლებს ვანო ჩხარტიშვილს და ნანა გოთუას; სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორს რუსუდან წურწუმიას; დირიჟორსა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს , სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელს სვიმონ ჯანგულაშვილს; მუსიკალურ მეცნიერებათა დოქტორს, კომპოზიტორ პოლო ვაიეხოს და ეთნომუსიკოლოგს, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორს სიმჰა არომს.
„ბასიანის მადლიერების ჯილდოს“ ავტორია მოქანდაკე გია ჯაფარიძე.
„ეს არის სიმბოლო ქართული ფოლკლორის, საგალობლის და მთლიანად კულტურის. საქართველოს სხეულზე აღმოცენებული სიცოცხლის ხე - ვაზი, ეს ორნამენტი სვეტიცხოვლის დასავლეთის კედელს ამშვენებს და ჩემ მიერ სტილიზებული და მისადაგებულია იმ მოთხოვნას, რითაც უნდა შეიკრას სიმბოლო. კომპოზიცია არის ჩემი პატივისცემა, დამოკიდებულება და ხედვა „ბასიანის“ მიმართ. ანსამბლი მთლიანად ჩართულია ერისათვის საჭირო უდიდეს საქმეში“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ანსამბლი „ბასიანი“ დააჯილდოვა ფონდის სპეციალური ჯილდოთი და წოდებით „საუკუნის ანსამბლი“.
0
0