08/10/2021
16:53
მსოფლიო
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ავღანეთიდან გამოსვლის სანაცვლოდ ამერიკამ იმ ქვეყნებთან უფრო მეტად უნდა ითნამშრომლოს, რომლებიც საკვანძო რეგიონებში მდებარეობენ და დასავლური ალიანსების მიმართ ერთგულებას იჩენენ. ასეთი ქვეყნები ნატოს დახმარებას გაუწევენ რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან შესაძლო აგრესიულ ქმედებების მოსაგერიელებლად. მაგალითად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - იაპონია, სამხრეთ კორეა და ტაივანი, ხოლო შავი ზღვის რეგიონში, რომელიც ევროპა-აზიის გზაგასაყარზეა, აშშ-სათვის ასეთ პარტნიორ ქვეყანას საქართველო წარმოადგენს, სადაც ამას წინათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
საქართველო რუსეთის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული აგრესიის სამიზნეა. შავი ზღვის რეგიონში მოსკოვისათვის მსგავსი ქვეყნებია უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ცდილობენ დასავლურ ინსტიტუტებს მიუერთდნენ.
საქართველოს დემოკრატიული განვითარებას წინ ბევრი ბარიერი ეღობება - პირდაპირი საგარეო აგრესიის გარდა, ქვეყნის შიგნითაც არიან ძალები, რომლებიც არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციასა და ეროვნული ინსტიტუტების მიმართ ნდობის დარღვევას ცდილობენ. საერთაშორისო დამკვირვებლების თვალსაზრისის მიუხედავად, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი დამარცხებას ვერ ურიგდება და მაინც აცხადებს, რომ არჩევნები მთლიანად „გაყალბებულია“, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნიათ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაეროს გენასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, აღნიშნა, რომ დემოკრატია გარე ძალების მიერ ზეწოლას განიცდის.
საქართველო, იმის მიუხედავად, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულია, კვლავ მიილტვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს, მათ შორის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.
ამ პროგრესის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერები არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებენ და ცდილობენ არეულობის გამოწვევას. მათი ქმედება გვაგონებს იმ მოვლენებს, რომლებიც ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მოხდა. ოპოზიციიდან ყველაზე მეტად აქტიურობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყოველი არჩევნების ჩატარებისას მუდმივად აცხადებს, რომ ხელისუფლება ხმის მიცემას აყალბებსო, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთოდან, ევროპის საბჭოდან და აშშ-დან ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობას ადასტურებენ.
საქართველოში დემოკრატიის განვითარების ფონზე გამართული მუნიციპალური (ადგილობრივი) ორგანოების არჩევნები ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ კონკურენტულად, გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებულად შეაფასა. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47% მიიღო, ოპოზიციურმა „ნაცმოძრაობამ“ - თითქმის 31%.
არჩევნების წინ საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მალულად დაბრუნდა, თუმცა იგი მაინც დააკავეს და საპყრობილეში მოათავსეს - იგი დაუსწრებლად არის გასამართლებული პრეზიდენტობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ მთავრობამ დემოკრატიას უღალატა და პრომოსკოვურ პოლიტიკას ატარებს“, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის: საქართველოს ხელისუფლება არ ურიგდება რუსეთს და კვლავ ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ეწინააღმდეგება კრემლის აგრესიას. ყოფილი პრეზიდენტის მოქმედება წყალს კრემლის წისქვილზე ასხამს, იგი თავისი განცხადებებით ცდილობს უწესრიგობები და სოციალური დაპირისპირება გამოიწვიოს, ძალოვან სტრუქტურებს კი მთავრობისადმი დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს.
რასაკვირველია, თუ საქართველო არასტაბილური და დანაწევრებული იქნება, მისი საერთაშორისო დისკრედიტაცია უფრო იოლია. სწორედ ეს არის მოსკოვის მიზანი, რომ საქართველო არასტაბილური სახელმწიფო იყოს. კრემლს არ სურს, რომ საქართველოში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია არსებობდეს და ისეთი დემოკრატიული არჩევნები ტარდებოდეს, რომელიც მეზობლებისთვის სანიმუშო იქნება (მათ შორის რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილო კავკასიური ხალხებისთვისაც).
ასეთი პოლიტიკური ამინდის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ [საქართველოს] რეფორმების გაღრმავებაში და არ წააქეზონ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ქუჩის კონფლიქტების პროვოცირებასა და პოტენციურ ძალადობაში.
ავღანური მისიის გარკვეული წარუმატებლობის შემდეგ ამერიკისთვის აუცილებელია, რომ ვაშინგტონმა სტრატეგიული წარმატების დემონტრირება მოახდინოს და თავის საკვანძო პარტნიორ-მოკავშირეებთან ურთიერთობა განამტკიცოს ისეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში, როგორსაც შავიზღვისპირეთი წარმოადგენს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ამ რეგიონში დომინირებას რუსეთიც ცდილობს და ჩინეთიც - მოსკოვმა და პეკინმა კარგად იციან ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნის ფასი.
თუ საქართველოს აშშ-ის მხრიდან თანმიმდევრული მხარდაჭერა არ ექნება, თუ არ გაფართოვდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ნატოს წევრობისათვის „მაპ“-ის მიცემის ჩათვლით, მაშინ ეს კავკასიური ქვეყანა ანტიდასავლურად განწყობილი სახელმწიფოების ამბიციებისათვის უფრო მოწყვლადი გახდება.
0
0