26/09/2021
15:29
საზოგადოება
მისი თქმით, ეკლესია არჩევნებში უნდა ჩაერიოს და ამისთვის გარკვეულ მაგალითებს ასახელებს.
“ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ “გადააგდებს” პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს, ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს. ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა-გონებით შეაფასოს და აირჩიოს”, – წერს დეკანოზი.
“როგორ შეიძლება ეკლესია ერეოდეს არჩევნებში – სად არის ზღვარი? – ამ თემზე დეკანოზმა კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა.
“ნამდვილი შემთხვევაა: ერთხელ ერთ, ჩემს ნაცნობ მოძღვართან მივიდა ერთი დამწუხრებული კაცი მისი მრევლიდან და უთხრა: მშობლები გარდაგვეცვალა და ჩემმა ძმამ, რადგან უმცროსი და საყვარელი შვილი იყო, მთელი მათი დანატოვარი ქონება თვითონ მიისაკუთრა და მე ცარიელი გამომიშვაო. ამ მოძღვარმა მის ძმას, რომელიც იქვე ესწრებოდა წირვას, უშუალოდ ამ საკითხზე არაფერი უთხრა, მაგრამ, წირვის შემდეგ ვრცლად და მკაცრად იქადაგა ქრისტეს სწავლებიდან სიხარბის, ანგარების და სიძუნწის დამღუპველი ცოდვის შესახებ. როცა ვკითხე: იმ უმცროს ძმას კონკრეტულად რატომ არაფერი უთხარი ქონების გაყოფის შესახებ მეთქი, ასე მიპასუხა: თუ სიხარბის დამღუპველობის შესახებ ქრისტეს სიტყვები მოისმინა და არ დაიჯერა, რომც ჩავრეულიყავი მათ დავაში, არც ჩემსას დაიჯერებდაო. მართალიც იყო; მოძღვარმა უნდა ისაუბროს სიხარბეზე და არა ხარბ ადამიანზე, ქურდობაზე და არა კონკრეტულ ქურდზე, დაგმოს ღალატი და არა კონკრეტული მოღალატე, დაგმოს ნარკოდამოკიდებულება და არა ნარკოდამოკიდებული ადამიანი და ა.შ..აქ არის ზღვარი.
მივბაძოთ ქრისტეს და მოვძებნოთ მისი პასუხი სახარებიდან, რაში და როგორ შეიძლება ჩაერიოს ეკლესია და სასულიერო პირები. მათ შეუძლიათ და ხშირად ვალდებულნიც არიან გამოხატონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ ამქვეყნიურ, საჭირბოროტო საკითხზე. მაგრამ, თუ ეს ჩარევა ცდება იმ ზღვარს, რომელიც დაგვიდო ქრისტემ, უარესად შეიძლება შემოუბრუნდეს და ავნოს თვითონ ეკლესიას.
ლუკას სახარების მე-12 თავში არის ერთი საგულისხმო ადგილი, რომელშიც ნათლად ჩანს, რა სახით ერევა ქრისტე ამქვეყნიურ საქმეებში. ერთხელ, როცა გარს შემოეხვია ხალხი, მან იწყო ქადაგება და ეუბნებოდა, რომ უფრო მეტად ეშინოდეთ მისი, ვისაც მათი სულის მარადიულად დაღუპვა შეუძლია და არა მისი, ვინც მხოლოდ ხორცს ვნებსო. ამის პასუხად, წამოდგა ერთი კაცი და უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მშობლების დატოვებული მემკვიდრეობაო. ალბათ, მისმა ძმამ სიხარბის გამო მთელი ქონება თვითონ მიისაკუთრა და დაზარალებული სთხოვდა ქრისტეს, ეიძულებინა გაყოფა ანუ სუფთად ამქვეყნიური სასამართლოს გადასაწყვეტ საქმეში დახმარებოდა. ქრისტეს პასუხი, სახელმძღვანელოა სასულიერო პირებისთვის აღნიშნული ზღვრის დასაცავად. ქრისტემ კი უთხრა: ვინ დამაყენა მე თქვენს მოსამართლედ ან ქონების გამყოფად, კაცო? არა ვარ მე არც თქვენი მსაჯული და არც გამყრელი. მაგრამ, მე გეუბნებით და ამას მოუსმინეთ: ერიდეთ სულის დამღუპველ სიხარბეს და ანგარებას, გახსოვდეთ, მხოლოდ სიმდიდრით არ ცოცხლობს კაცი. ნუ მოიქცევით იმ უგუნურივით, მრავალი წლის სასმელ-საჭმელით რომ აავსო სახლი და უთხრა თავს: რაღა გაქვს სადარდებელი, ჭამე, სვი და იმხიარულე მრავალი წელი, ხოლო ღმერთმა კი უთხრა ზეციდან: უგუნურო, ამაღამ დატოვებ ამ წუთისოფელს და ვისღა დარჩება შენი ქონება? ასე მოუვა ყველას, ვინც სიხარბით და სიძუნწით მხოლოდ თავისთვის იგროვებს ქონებას და არ უნაწილებს მოყვასს.
არ ჩაერია ქრისტე ამქვეყნიურ საქმეში – ქონების გაყოფაში, მაგრამ, მკაცრად მიუთითა სიხარბის და ანგარების დამღუპველობაზე. სასულიერო პირები არ უნდა ვერეოდეთ უშუალოდ პოლიტიკაში და არჩევნებში, მაგრამ, ვალდებულნი ვართ დავგმოთ ჩვენი ქვეყნის მტანჯველი ზედაპირულობა და უდარდელობა, შეუბრალებლობა და ამპარტავნება, მოღალატეობა, მექრთამეობა, დიდებისმოყვარეობა და სხვა ვნება ან მცდარი შეხედულება, რომელიც შეიძლება ამძიმებდეს და ხელს უშლიდეს ამა თუ იმ კანდიდატს თუ პარტიას, ღირსეულად ემსახუროს ქვეყანას.
რომელია ასეთი კანდიდატი და რომელი -არა, ეს ყველამ თვითონ, საკუთარი გონებით უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
P.S. გააზიარეთ და გაავრცელეთ, რათა მოქალაქეებმა გაიგონ, სადაა ეკლესიის მართებული ადგილი მათ ქვეყანაში”, – წერს თამაზ ლომიძე.
0
0