24/09/2024
21:01
არჩევნები 2024
მოტანილი მაქვს მტკიცებულებები, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვაცნობებ “ქართული ოცნების” მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნის შესახებ, უკანონო თვალთვალის შესახებ, ზოგადად, საარჩევნო დარღვევების შესახებ , - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს, “ქართული ოცნება” კი ცდილობს, ეს დასავლეთს გადააბრალოს.
“ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე მოსული ვარ დღეს კონკრეტული მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ “ქართული ოცნების” ბრალეულობით წინასაარჩევნო გარემო არ არის მშვიდი, წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და წინასაარჩევნო გარემო არის არასამართლიანი. მოტანილი მაქვს ამისი კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩავატარე ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობეთ “ქართული ოცნების” მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური დევნის შესახებ, უკანონო თვალთვალის შესახებ, ზოგადად, საარჩევნო დარღვევების შესახებ და ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი დამკვირვებლებს გავუზიარო.
გასაგებია ის სტრატეგია, რაც “ქართულ ოცნებას” არჩეული აქვს. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სტრატეგიული პარტნიორები, საერთაშორისო დამკვირვებლები გამოაცხადონ არჩევნებში ჩამრევებად, მათ დააბრალონ, რომ თითქოს ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან. გასაგებია ის სტრატეგია, რაც მათ აქვთ ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ, ანუ “ქართული ოცნება” რეალურად, როდესაც ამ არჩევნებზე დამკვირვებლები იტყვიან, რომ კონკრეტული პრობლემები იყო, ამაში დამნაშავეს ეძებს და ცდილობს, რომ საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ეს დამნაშავე იყო ოპოზიცია, ეს დამნაშავეები არიან დამკვირვებლები, ეს დამნაშავეები არიან საერთაშორისო პარტნიორები და თავად არაფერ შუაში არიან და ეს გარემო მათ არ შეუქმნიათ, რაც, რა თქმა უნდა, არის ტყუილი. ამის სათქმელად ვარ დღეს მოსული საერთაშორისო პარტნიორებთან იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები. ეს არის მიზეზი “საერთაშორისო გამჭვირვალობაზე” დარტყმის და ისინი ამას გააგრძელებენ, მიზანში აუცილებლად ამოიღებენ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და შემდგომ უკვე გადავლენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე იმიტომ, რომ ამ ხალხმა იცის, არჩევნები წაგებული აქვს, ამ ხალხმა იცის, რომ ძალიან გაუჭირდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ამისთვის ამზადებს ნიადაგს და ასევე ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ არჩევნებში პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადააზღვიოს, მისი ჭკუით, იმით, რომ არჩევნებში ჩარევა გადააბრალოს დასავლეთს, რომელიც, რეალურად, ჩვენს არჩევანს იცავს.
“ქართული ოცნება” ოპოზიციას, დამკვირვებლებს, პარტნიორებს ყველაფერს აბრალებს იმას, რასაც თვითონ აკეთებს. “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა იმიტომ, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს. ჩვენ ვნახეთ რუსული დაზვერვის განცხადებები, ზახაროვას განცხადებები - ერთი ერთში სინქრონშია იმასთან, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. არჩევნებში რუსული ჩარევების საფრთხეები რეალურად არსებობს. ეს არ არის საარჩევნო მშვიდი გარემო, რადგან “ქართული ოცნება” დევნის ოპონენტებს, მედიას, ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსახურებიდან, ძალადობს ადამიანებზე და ყოველდღიურად ხდება ეს და ამასაც სხვას აბრალებს” - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
0
0