20/01/2025
18:01
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სპორტული უწყებების, ფედერაციების წარმომადგენლები და თბილისელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სპორტსმენებს მიესალმა, მათ მიღწევებზე ისაუბრა და წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაუსწრებლად დააჯილდოვა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გამორჩეული ქალაქია, რაც ქართველი სპორტსმენების წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.
„მოხარული ვარ დავესწრო ღონისძიებას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და რომლის მიზანიც წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაფასება, სპორტის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და იმ ადამიანების დაჯილდოებაა, რომლებმაც 2024 წელს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელეს. ჩვენი სპორტსმენები ნამდვილად წერენ ქვეყნის ისტორიას და ისინი არიან ადამიანები, რომელთა გვერდში დგომაც ჩვენთვის დიდი პატივია. 2024 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული წელი იყო, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი. დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე სულ 185 თბილისელი სპორტსმენი დაჯილდოვდა, რომლებიც სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. ჯილდოები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა ხუთ და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთ გუნდს გადაეცა. გარდა ამისა, გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ: წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.
წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 2024 წელს სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა ერთ მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, უკვე 1 000-ზე მეტი სპორტსმენი დაჯილდოვდა.
0
0