02/05/2024
00:31
სამართალი
გაუგებარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და აქციის მონაწილეები ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
დარახველიძემ მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
„მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
0
0