30/05/2022
15:35
ანალიტიკა
უკრაინაში მიმდინარე ომმა და საქართველოს ომში შეთრევის მცდელობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას.
პირველ ყოვლისა, ეს გამოწვევაა „შიდა ბარბაროსები“, ე.წ. მეხუთე კოლონა. ისინი შეპყრობილნი არიან დასავლეთისადმი არასრულფასოვნების კომპლექსით და საკუთარ თავს ქართველი ერის ნაწილად კი არ მიიჩნევენ, არამედ იმად, ვინც დიდ იმპერიებს (არ აქვს მნიშვნელობა რომელს) საკუთარი სამშობლო ლანგრით უნდა მიართვას. ეს, ცხადია, განპირობებულია იმით, რომ ისტორიულად, საქართველო მეტწილად პერიფერიული ქვეყანა იყო. პერიფერიულობამ კი შვა ისეთი მოვლენა, როგორც არის უცხოსადმი განსაკუთრებული „მოწიწება“. არაა გასაკვირი, რომ ქართულ ენაში დაიბადა ანდაზა - „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ქართველთა ნაწილს შინაურის ჭკვიანურ ნათქვამს უცხოელის „ინსტრუქცია“ ურჩევნია - ამით ისინი ლეგიტიმაციის წყაროს იღებენ; ლეგიტიმაცია კი, ძირეული აზრით, სიცოცხლის გაგრძელების უფლებაა. უცხოელთა ასეთ მოტრფიალეებად, დღეს, ჩვენი ერისდა სამწუხაროდ, ქართველი ლიბერალები გვევლინებიან - ისინი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მათთვის მთავარია დიდი გეოპოლიტიკური თამაშის პატარა ჭანჭიკები ვიყოთ და რუსეთს „ნიღაბი ჩამოვხსნათ“. მერე რა, თუ ამის ფასი იქნება - სისხლი, მრავალი დაკარგული სიცოცხლე, და რაც ყველაზე ჯოჯოხეთურია ჩვენთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა.
მოდით ვიკითხოთ: როგორ პოლიტიკურ ფორმაში არიან ლიბერალები? აშკარაა, რომ ქართულ კოლექტიურ აზრში გაიელვა თვითგადარჩენის სხივმა - „ლიბერალიზმში ვერ გადავრჩებით და დავკარგავთ ყველაფერ ტრადიციულს, რაც ჩვენი კულტურისა და საზოგადოების საფუძველია, და შესაბამისად, მისი გაგრძელების წინაპირობაა“. ამას მოყვა კონსერვატიული დღის წესრიგის გაძლიერება. შედეგად, აშკარაა, ლიბერალიზმი დღეს უკან იხევს. მისი უკან დახევა კი მისი მზარდი აგრესიულობის პირდაპირპროპორციულია. საფუძვლის გამოცლა იდეოლოგიას აიძულებს გამოავლინოს მისი „ნამდვილი სახე“, გახდეს უფრო აგრესიული. ამის მაგალითი იყო თუნდაც ლ. ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორის მოღალატედ შერაცხვა.
ბერძენიშვილის ეს გამოხტომა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიბერალიზმი ავლენს ზიზღს გამყარებული ფორმებისადმი, რომლითაც ერი მთლიანობას ინარჩუნებს. მართლაც, გარდა ღირებულებათა კომპლექტისა, რომელიც საზოგადოებას ცივილურ ერთობად კრავს, არსებობს ისტორიულ პიროვნებათა გამყარებული სახე-ხატები, რომლებიც, დამსახურებისდა მიხედვით, „ერის პანთეონში“ იკავებენ და ინარჩუნებენ ადგილს. სწორედ მათზე შეტევა არის მიზანი იმისა, რომ საქართველომ დაკარგოს თვითმყოფადობა, ერთიანობისა და ისტორიულობის განცდა, და საბოლოოდ, მისგან გამოიწრთოს „ბედნიერი“, ისტორიული მეხსიერების არმქონე მომხმარებელი. ლიბერალიზმის უკან დახევამ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ის იოლად გავა პოლიტიკური სცენიდან - არა, ის ყველაფერს (!) გააკეთებს, რათა „კარი გაიჯახუნოს“, თუნდაც ეს კარის გაჯახუნება ქვეყნის ომში შეთრევა და საქართველოს ნაწილებად დაშლა იყოს.
აქედან მივდივართ უკვე მეორე პრობლემასთან, რომელიც, ცხადია, ასევე კავშირშია ლიბერალური მანტრებთან. ეს ჩვენი პოლიტიკის - როგორც საშინაოს, ისე საგარეოს - მოქნილობის ხარისხია. მართლაც, ლიბერალური მანტრები ამუნათებენ (სულ მცირე, ცდილობენ, დაამუნათონ) ისეთი ძალები, რომლებსაც ქვეყნისთვის უფრო ფართო არჩევანისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა სურთ. მართლაც, არ შეიძლება რომელიმე (რომელიც არ უნდა იყოს ის) გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ძალის კერპთაყვანისცემის ობიექტად ქცევა. ეს ახალ, მრავალპოლარულ სამყაროში ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ახლა, როდესაც ლიბერალიზმი უკან იხევს, საჭიროა გაბედული და ამავდროულად მოქნილი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავალს.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022