29/10/2021
17:19
მსოფლიო
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, პარიზმა განაცხადა, რომ ჯერ საბაჟო კონტროლს გაამკაცრებს ბრიტანული პროდუქციის მიმართ, შემდეგ კი, თუ ლონდონი ჭკუას არ მოუხმობს, ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს. მაინც რამ გამოიწვია ლა-მანშის სრუტის გაღმა-გამოღმა მდებარე ევროპელი მეზობლების დაპირისპირება?
თევზჭერასთან დაკავშირებული დავა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლონდონმა უარი უთხრა ფრანგულ მცირე თევზსაჭერ გემებს თავიანთი მუშაობა გაეგრძელებინათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში. იურიდიული თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ბრექსიტის შეთანხმების ჩარჩოებშია გადაწყვეტილი, მაგრამ ლონდონმა პირობები დაარღვია და მოლაპარაკების გაგრძელება აღარ ისურვა. დავა ეხება თევზის დაჭერას დიდი ბრიტანეთის ნაპირებიდან 6-12 საზღვაო მილის დაშორებით, აგრეთვე კუნძულ ჯერსის ახლოს, რომელიც დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის და საფრანგეთის ნაპირთან ახლოს მდებარეობს.
„ჩვენს მეთევზეებს ბრიტანელებმა მხოლოდ იმ ლიცენზიების ნახევარი მისცეს, რომელზედაც ჩვენ კანონიერი უფლება გვაქვს. რას ჰგავს ეს? ჩვენი მოთმინების ფიალა ივსება!“, - მრისხანედ განაცხადა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, - ჩვენ არ მივცემთ იმის უფლებას დიდ ბრიტანეთს, რომ თავისი ჭუჭყიანი ფეხები ბრექსიტის შეთანხმებაზე გაიწმინდოს“.
გაბრიელ ატალის თქმით, თუ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირველი ჩამონათვალი შედეგს არ გამოიღებს და ლონდონი გონს არ მოეგება, საფრანგეთი დიდ ბრიტანეთის კუნძულ ჯერსის წყალქვეშა კაბელით ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.
ჯერ-ჯერობით პარიზი საბაჟო-სანიტარული კონტროლის გამკაცრებით შემოიფარგლება იმ სატვირთო ავტომანქანებისა და გემების მიმართ, რომლებიც საფრანგეთის ჩრდილოეთ ნავსადგურებში შედიან, აგრეთვე ბრიტანეთიდან საფრანგეთში შეტანილი და მესამე ქვეყანაში გადასატანი თევზისა და ზღვის პროდუქტების გადმოტვირთვის აკრძალვით წყარო: https://www.ft.com/content/43953557-6292-4a10-81d6-fb014d8a5375).
იგივე საკითხს ეხება „ფაინენშელ თაიმსის“ დღევანდელ, 29 ოქტომბერს დაბეჭდილი სტატია სათაურით „დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთის ელჩი გამოიძახა“. როგორც მასშია ნათქვამი, საფრანგეთმა ბრიტანული ტრაულერი დააკავა და ჰავრის ნავსადგურში ძალით მიიყვანა, მისი კაპიტანი კი სასამართლოს წინაშე წარსდგება საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებში მოლუსკების უკანონო ჭერის გამო. მას ჯარიმა ემუქრება 75 ათასი ევროს ოდენობით.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კლემან ბონემ განაცხადა, ასე მოუვა ყოველ ბრიტანულ გემს, თუ ლონდონი მოლაპარაკების მაგიდას არ მიუჯდება. „მოვიდა დრო, რომ ძალის ენაზე ვილაპარაკოთ. როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთის მთავრობას მხოლოდ ასეთი ენა ესმის“, - თქვა მან.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა საფრანგეთის მოქმედებას უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ პარიზის ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. დღეს საფრანგეთის ელჩი ლონდონში კატრინ კოლონა ფორინ ოფისში უნდა მივიდეს - იგი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის (წყარო: https://www.ft.com/content/efa3e0f5-916d-403a-b0b2-24e96c7ca4a7).
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022