20/12/2021
14:45
მსოფლიო
როგორც უკვე ცნობილია, ხელშეკრულებების ძირითადი დებულებებია ნატოს გაფართოების გამორიცხვა აღმოსავლეთის მიმართულებით და ნატოს მიერ დამრტყმელი სისტემების არგანლაგება იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. რუსეთ-აშშ-ის შეთანხმების პროექტში მე-4 მუხლში ნათქვამია: „აშშ იღებს ვალდებულებას გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს ამბობს ალიანსში იმ სახელმწიფოების მიღებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ; აშშ არ შექმნის სამხედრო ბაზებს იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და არ ითვლებიან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებად, არ ისარგებლებს მათი ინფრასტრუქტურით ყველანაირი სამხედრო საქმიანობისათვის, ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას“.
ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმი
რუსეთის მიერ შეთანხმებათა საკუთარი პროექტის გამოქვეყნება პარტნიორებთან კონსულტაციების დაწყებამდე, რბილად რომ ვთქვათ, თანამედროვე დიპლომატიური პრაქტიკისათვის საკმაოდ უჩვეულო მოვლენას წარმოადგენს, სამაგიეროდ, ძალიან დამახასიათებელია 1938-1941 წლებისათვის. თავისი არსით ეს ულტიმატუმს ნიშნავს
კრემლი დასავლეთისაგან ითხოვს, რომ ნატომ უარი თქვას ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც საქართველოს და უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა აქვთ აღთქმული. გარდა ამისა, მოსკოვის აზრით, დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან სამხედრო თანამშრომლობა და არ უნდა განალაგოს მათ ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის შეიარაღება. ამას ემატება მოსკოვის მოთხოვნა, რომ ვაშინგტონმა კიევზე ზეწოლა მოახდინოს მინსკის შეთანხმების პირობების შესრულების მიზნით, რომელიც დონბასის სტატუსს ეხება.
ხელშეკრულებების დებულებების მიხედვით, რუსეთი აშშ-სგან ითხოვს, რომ კრემლმა ნატოს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება იურიდიულად მიიღოს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. მოსკოვი ასეთი ენით დასავლეთს 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ არარ ელაპარაკებოდა. 1983 წელსაც კი, როცა ევროპაში ამერიკული და საბჭოთა რაკეტების განლაგებისა და რიგი რეგიონული კრიზისების შედეგად კინაღამ პლანეტა მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანა, კრემლის რიტორიკა უფრო თავშეკავებული იყო. ბოლოს და ბოლოს, ლოზუნგი „სსრკ - მშვიდობის ბურჯი“ ყველა ქალაქის ყოველ კედელზე ეწერა და, აქედან გამომდინარე, აშკარა „იარაღის ჟღარუნი“ მშვიდობისმოყვარე ქვეყანას არ შეშვენოდა. აბა, ახლა ვინმე წარმოიდგენს, რომ ლოზუნგი „რუსეთი - მშვიდობის ბურჯი“ მოსკოვის ქუჩების შენობების კედლებზე ეწეროს?
თუ აშშ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შეთანხმებებზე ხელს მოაწერენ, მაშინ ეს ნატოს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება, ორგანიზაცია არსებობას შეწყვეტს, უკრაინა კი სუვერენიტეტს დაკარგავს. რასაკვირველია, ასეთი პერსპქეტივა დასავლეთს არ აწყობს და, შესაბამისად, კრემლის ულტიმატუმზე პასუხი წინასწარ არის ცნობილი - უარი. გამოდის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას შეგნებულად მიჰყავს საქმე კონფლიქტამდე. რატომ?
რუსეთის მოქალაქეები კრემლს ენდობიან?
ვლადიმერ პუტინის ყველა საჯარო გამოსვლას რუსეთის მოქალაქეები ძირითადად ეთანხმებიან. პრეზიდენტი დარწმუნებულია და ამბობს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რომ რუსეთს ევრაზიაში თავისი გავლენის სფეროები უნდა ჰქონდეს, რომ ნატო ახალ წევრებს დაძალებით ითრევს თავის რიგებში და რომ ევროპელები ოცნებობენ ამერიკის დიქტატისაგან გათავისუფლდნენ.
რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდას შედეგები აქვს: „ლევადა-ცენტრის“ მიერ მოწყობილი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 50% თვლის, რომ ამჟამინდელი კრიზისის გაჩენაში ბრალი ნატოს და საერთოდ, დასავლეთს მიუძღვის, 16%-ს მიაჩნია, რომ ყველაფერი უკრაინის ბრალია. მხედველობაში რომ მივიღოთ გამოკითხულთა გარკვეული რაოდენობის არაგულწრფელობა, მაინც გამოდის, რომ მოსახლეობის ორი მესამედი მთლიანად ენდობა კრემლის აგიტაცია-პროპაგანდას და მზად არის ომის იდეის მისაღებად.
ამავე დროს იმ არგუმენტის მთლიანად უარყოფა, რომ პუტინის „რეჟიმს კუბოები არ ჭირდება“, რასაკვირველია, არ შეიძლება. გასაგებია, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყება რუსეთის არმიისათვის სერიოზულ დანაკარგებს მოუტანს. უკრაინის არმია ისეთი სუსტი აღარ არის, როგორიც ის 2014-2015 წლებში იყო. და მაინც, ასეთ სიტუაციაშიც კი, რუსეთის ქალაქებში მშვიდობის სახელით გამართულ მასობრივ აქციებს არ უნდა ველოდოთ. ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს უმაღლესი მთავარსარდალი. და თუ რას გადაწყვეტს პრეზიდენტი კონკრეტულად, ეს დამოკიდებულია ჩვენთვის უცნობ ფაქტორებზე, რომლებიც განპირობებულია სხვადასხვა მომენტებით, მაგალითად, იმ ინფორმაციების ხარისხითა და მათი ინტერპრეტაციით, რომლებიც პრეზიდენტთან ღია თუ დახურული არხებით მიდის.
ვლადიმერ პუტინი - ფაქტიურად სამისდღეშიო პრეზიდენტია. იგი პოლიტიკურად სულ მალე რუსეთის ერთპიროვნული მმართველი გახდება: კანონი „საჯარო ხელისუფლების შესახებ“, რომელიც უკვე მეორე მოსმენითაა მიღებული, მიმდინარე წლის დასასრულამდე კრემლის ბინადარს შესაბამის უფლებამოსილებას მიანიჭებს. ბოლო ასეთი მმართველი იოსებ სტალინი იყო. ასეთი ხელისუფლება, თავისი არსით, მშვიდობის დამცველი ვერ იქნება, ასეთ ხელისუფლებას ჭირდება „საგარეო გაფორმების სტატუსი“, ანუ უნდა ჰყავდეს დამყოლი სატელიტები, ჯიბის სეპარატისტები „გამოძახებით“, სამხედრო სპეცჯგუფები ჭირვეულთა მოსარჯულებლად და რიგ შემთხვევებში, მათ სალიკვიდაციოდ. საკითხი ეხება ისეთი რუსეთის წარმოქმნას, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში სამარადჟამოდ ექნება ეტიკეტი „პუტინის რუსეთი“.
პუტინის ირგვლივ მხოლოდ „რუზველტებია“, „ჩერჩილი“ არ ჩანს
უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების უკანდაწევა, რაღაც „სამუშაო ჯგუფების“ სხდომის შედეგად, თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია. ცხადია, კარგი იქნება კიევის მიერ ყველა მოთხოვნის შესრულება რუსეთთან ომის გარეშე, მაგრამ თუ ასე არ გამოვა, რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული ძალა? მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში პუტინის ირგვლივ მხოლოდ დამყოლი და ლოიალური „რუზველტები“ არიან და არცერთი მებრძოლი „ჩერჩილი“ არ მოჩანს. პლუს ამას, პუტინურ რუსეთს, ტანკებთან ერთად, რაკეტები და „გაზპრომი“ აქვს, რაც სტალინურ რუსეთს (საბჭოთა კავშირს) არ ჰქონდა.
ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმის ლოგიკა გულისხმობს იმას, რომ მოთხოვნებიდან ყველა თუ არა, მათი რაღაც ნაწილი მაინც უნდა შესრულდეს. სხვაგვარად ხალხის თვალში რუსეთის უფროსობა უღონო და არასერიოზული გამოჩნდება, რისი დაშვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კაცმა რომ თქვას, რუსეთის მოსახლეობაც მიეჩვია იმ აზრს, რომ ომი, ადრე თუ გვიან, მაინც იქნება და ამას წინასწარ ტრაგიკულად არ აღიქვამენ. ეს ფაქტი გადამწყვეტი იქნება იმ მომენტისათვის, როცა ვლადიმერ პუტინს საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
წყარო: https://p.dw.com/p/44XAO
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022