23/06/2022
13:31
ანალიტიკა
ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, ტრაგედია, უპირველეს ყოვლისა, უუნარობაა, დავინახოთ საკუთარი თავი, გავაცნობიეროთ საკუთარი ინტერესები და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ მათზე.
მამარდაშვილი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ ამბობდა, რომ დამოუკიდებლობისას უამრავი სიმახინჯე ამოვიდოდა ზედაპირზე, რაც მონობაში დაგვიგროვდა. ამ სიმახინჯეთა შორის, უპირველესია უუნარობა, რომ საკუთარ თავს დავარქვათ „ჩვენ“. „ჩვენ“ - გულისხმობს ცოდნას იმისა, თუ რა გვინდა; ის გულისხმობს პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ჯანსაღ ოპონირებას ქვეყნის განვითარების საკითხზე, ქვეყნის მოწესრიგებას, შიდა თუ გარეგანი მავნებელი ფაქტორების როლის შემცირებას, განვითარებულ ეკონომიკას, ძლიერ ოჯახს, ჯანსაღ საზოგადოებას. ეს ყოველივე კი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოვიხსნით „ვარდისფერ სათვალეს“ და კერპთაყვანისმცემლური აღტკინებით აღარ დავეწაფებით ფორმულებს - „ხსნა ევროკავშირშია“, „რუსეთი გადაგვარჩენს“, „ნატო ჩვენი ბუნებრივი ადგილია“.
გასაგებია, რომ ამ ფორმულებს ასაზრდოებს ერის კონკრეტული არაცნობიერი ტრავმები: ევროკავშირში ხსნა იმიტომ გვგონია, რომ რუსეთისგან მოყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ ცოცხალია; რუსეთი მხსნელად იმიტომ ევლინება ბევრს, რომ ევროკავშირს ვიაზრებთ, როგორც ლიბერალურ ზე-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელიც ჩვენს კულტურას ეწინააღმდეგება და „ვაის, ისევ ვუი“ გვირჩევნია.
ეს არის ტრაგიზმი ჩვენი ქვეყნის, ტრაგიზმი ქვეყნისა, რომელიც ცივილიზაციათა გზაგასაყარზეა და რომლის ზოგიერთ შვილს სხვათა მსახურების დაუცხრომელი ჟინი ამოძრავებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც მუდამ „ვაისა და ვუის“ შორის ირჩევს. პრობლემა სწორედ თვითცნობიერებაა, გაცნობიერება იმისა, რომ „ვაისა და ვუის“ შორის ვირჩევთ. ცხადია, ბევრი იტყვის, რომ „ჩვენ არაფერსაც არ ვირჩევთ“ და ისე იქნება, როგორც „დიდი ბიჭები“ გადაწყვეტენ; შესაძლოა, ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. უბრალოდ, ეს ისტორიული ფონი, რომ სხვების გამო ერთმანეთი უნდა ვხოცოთ (მენტალურად თუ ფიზიკურად), გვაფერხებს მივაღწიოთ ღირსეული კეთილდღეობის იმ ზედა თამასას, რასაც ჩვენი გეოპოლიტიკური გაბარიტები თუ ეკონომიკა გვიდგენს.
ამგვარ ორობით მოდელისგან თავის დასაქცევად კარგი მაგალითია ისრაელი. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ისრაელივით უნდა ვიყოთ. კი, უნდა ვიყოთ. მაგრამ ... არსებობს მარავალი ფაქტორი, რის გამოც ვერ ვიქნებით ისრაელი. ეს, პირველ ყოვლისა, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიაა. ისრაელმა ორი მსოფლიო რელიგია შექმნა. ჩვენ სხვა ტიპის ფსიქოლოგიის ხალხი ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ რაღაც დიდი სივრცის ნაწილი, რომელმაც უნდა უზრუნველგვყოს ფართო ასპარეზით, ხოლო როდესაც ეს დიდი სივრცე უარს გვეუბნება, ჩვენ გვეუფლება საშინელი იმედგაცრუება, რომელიც სავსეა საკუთარი პროვინციული მდებარეობის აღქმითა და ტრაგიზმით.
სწორედ დიდ სივრცეში ჩვენს სწრაფ ინტეგრაციაზე დგას ერის ფსიქოლოგიური გაჯანსაღების ერთ-ერთი გასაღები, რომელიც ტრაგიზმის დაგროვილ ენერგიას შემოქმედებითად გარდაქმნის და შეგვაქმნევინებს კულტურას, რომელიც მუდამ იყო ჩვენი ფარული ტრაგიზმის გამოვლინება.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022