21/04/2022
16:55
საზოგადოება
ყოველი ეპოქა გარკვეული წამყვანი პარადიგმითაა წარმართული. რაც მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმა ვრცელდება არა რომელიმე განცალკევებულ სფეროში, არამედ მოიცავს კულტურისა თუ სოციალური ცხოვრების მრავალ სფეროს - იქნება ეს მეცნიერება, ხელოვნება თუ ყოფითი ურთიერთობები. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში, ემილ ზოლას ნატურალიზმი ლიტერატურაში, პარადიგმატულად ენათესავებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა არნახულ აღმასვლას, ხოლო მეოცე საუკუნის ეთიკური რელატივიზმი - აინშტაინის რელატიურობის თეორიას.
უკანასკნელი 60-70 წლის განმავლობაში, ამგვარი პარადიგმული ლაიტმოტივის როლს ასრულებდა - ტრანსგანსაზღვრულობა. ე.ი. იმგვარი პოლიტიკური, კულტურული პოზიცია, რომლის მთავარი ნიშანი საზღვრის გადალახვაა, კულტურულად განმტკიცებული ფორმების გარღვევა და მათ მიღმა გასვლაა. სწორედ ამ ზოგადი პარადიგმის განუყრელი ნაწილია გენდერული თეორიები, რომელთა მიხედვითაც მრავალი ათეული გენდერი არსებობს და რომელთა მიზანი ბიოლოგიურად დადგენილი საზღვრების გადალახვაა. ამავე ზოგად პარადიგმას განეკუთვნება ერი-სახელმწიფოების ფუნდამენტის გეგმაზომიერად გამომთხრელი ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომელთათვისაც, თავისი საერთაშორისო ბუნებიდან გამომდინარე, საზღვრის (პოლიტიკური) ცნება ონტოლოგიურად უმნიშვნელოა. საზღვრის მორღვევის კიდევ ერთი მაგალითია, საჯარო სფეროსა და კერძოს „ათქვეფა“, - როდესაც ადამიანები საკუთარ ყოველ ქმედებას, იქნება ეს კაფეში სტუმრობა, თუ რომელიმე ქვეყნის აეროპორტში 20-წუთიანი შეყოვნება, საჯაროობაში ხარბად გამოფენენ.
თანამედროვე ტექნოლოგიები კი ჩვენს საუბარს იმდენად კარგად ითვისებენ, რომ ჩვენ მიერ მეგობართან გაკვრით ნახსენებ სამომხმარებლო ნივთებს სოციალური ქსელის „ნიუს-ფიდში“ გვთავაზობენ იარლიყით - „თქვენთვის შემოთავაზებული“. ეს იარლიყი ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ ტრანსგანსაზღვრულობა ბატონობს და საზღვრების წაშლა ეპოქის მთავარი ლოგიკაა. გასაკვირი არ არის, რომ ამავე პარადიგმის ერთ-ერთი მთავარი ხაზია ტრანსჰუმანიზმი, ადამიანის ბიოლოგიური მოცემულობის გადალახვის იდეოლოგია.
ცხადია, როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციის დომინანტურ პარადიგმაზე, ყოველთვის წარმოიშობა ცდუნება, წავიკითხოთ, როგორც გარდაუვალი, ერთადერთი და საბოლოო. მითუმეტეს რომ, ამ შემთხვევაში, საკუთარ გარდაუვალობას თავად ტრანსგანსაზღვრულობის იდეოლოგია უჭერს მხარს - პროგრესისტული ნარატივით, რომლის მიხედვითაც, ერთი კონკრეტული მატრიცა, ამ შემთხვევაში, დასავლური ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარება, არის უნივერსალური მოდელი და რომ პროგრესის ყოველი ნაბიჯი არის მისი ერთგვარი აუცილებლობა, რომელიც სხვებმაც უნდა გაიზიარონ. გასაგებია, რომ ისტორიის მობრუნება და, ვთქვათ, შუა-საუკუნეებში თავიდან ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ საკითხავია, არის კი ტრანსგანსაზღვრულობის დომინირება ჩვენი გარდაუვალი მომავალი?
საწინააღმდეგო ტენდენციების ზრდას უარყოფითი პასუხისკენ მივყავართ. გეოპოლიტიკური მრავალპოლუსიანობისკენ სვლა, ერი-სახელმწიფოს ფუნქციის ხელახალი გამოღვიძება, ტრადიციათა დაცვის გაძლიერებული მოთხოვნილება - მათი საერთო საფუძველი აშკარაა. ეს არის საზღვრის, როგორც ონტოლოგიური პრინციპის აღორძინება. მაგალითად, სავსებით გასაგებია ერი-სახელმწიფოს მოდელის მნიშვნელობის ხელახალი ზრდა. ტრანსნაციონალური კორპორაციები, როგორც წესი, „რიგით მოქალაქეს“ ღირსების აყრის ლოგიკას სთავაზობენ. (გაღარიბებას, უპერსპექტივობას, გაუცხოებას, ციფრულ დადებილებას). გავიხსენოთ, რომ კომპანია „ამაზონი“-ის თანამშრომლებს ბოთლში უწევდათ მოშარდვა, რადგან გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებდნენ გასვლას. ეს ის „ამაზონია“, რომლის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 188 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მოსახლეობას სხვა გზა არ დარჩენია, თუ არა მეტად მიეჯაჭვოს სახელმწიფოს - ეს, თავის მხრივ, ნიშანი უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის, რომელმაც ლეგიტიმაციის ამ მზარდ წყაროს ეროვნული და სოციალური პოლიტიკებით უპასუხოს, რადგან ტრანსგანსაზღვრულობებთან ბრძოლაში, მოსახლეობა მისი მთავარი საყრდენია.
როგორც ვთქვით, მსოფლიოს მცირეხნიანი ერთპოლუსიანი მატრიცა დასასრულს უახლოვდება. ტექნოლოგიების ზრდამ, წვდომამ და ხელმისაწვდომობამ, გეოპოლიტიკური გიგანტების, რუსეთის (ექსპანსიური პრაქტიკებითა და ისტორიული გამოცდილებით) და ჩინეთის (ეკონომიკური ორგანიზების უმაღლესი ხარისხითა და ეკონომიკური ექსპანსიით აფრიკაში) გეოპოლიტიკური მადა გაზარდა.
უკრაინაში მიმდინარე სასტიკმა ომმა გამოიწვია სანქციები და ისიც, რასაც ვხედავდით ცივი ომის დროს - გეოპოლიტიკური ბანაკების მენტალური და პოლიტიკური ურთიერთ-იზოლაცია. კონფლიქტის სიმწვავე ამ იზოლაციურ ტენდენციებს, სავარაუდოდ, გააღრმავებს გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაძლებელია, მოხდეს მსოფლიო სავალუტო ზონებად დაყოფა, გეოპოლიტიკური მაკრო-სისტემების გაძლიერება, გლობალიზაციის შიდა კონტურების „გამუქება“. ეს გულისხმობს, რომ გლობალიზაცია იქნება არა იმდენად გლობალური, რამდენადაც ზონალურ-გლობალური, ე.ი. ყოველ ზონას ეყოლება თავისი დომინანტი მოთამაშე, რომელიც იქნება რეგიონის ეკონომიკურ-პოლიტიკური „კურატორი“. ეს არ ნიშნავს, რომ „გლობალიზაცია დასრულდა“ ან „ჩვენ ვიმარჯვებთ (ვმარცხდებით)“. ამგვარი ტიპის ფორმულებისადმი თავის მინებება მხოლოდ ილუზიაა, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე პარადიგმა მნიშვნელოვნად გადაწონის მეორეს.
უკრაინაში მიმდინარე ომი, ტაივანის შესახებ ჩინეთის გაძლიერებული პრეტენზიები, „გაყინული“ კონფლიქტების გალღობა (უკრაინა, მთიანი ყარაბაღი), ტერიტორიული პრეტენზიების განახლება სახელმწიფოებს შორის, - ეს ყოველივე იქნება საზღვრის პარადიგმის „სისხლიანი“ მხარე. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მშვიდობა ყოველთვის ძალაუფლებით მატრიცით შენარჩუნებული მშვიდობაა. სუსტდება მატრიცა და ყველას ახსენდება თავისი პრეტენზიები მეზობელი ქვეყნებისადმი, მოჩვენებითი მეგობრობის ნიღაბი შაგრენის ტყავივით ქრება, ისტორიულად დაგროვილი წყენები კი, წინა პლანზე გამოდის. ქრება შემაკავებელი, იწყება ქაოსი.
აქ, მოკლედ ვეცადეთ შედარებით ობიექტურად აღგვეწერა ვითარება. ცხადია, არსებობს სუბიექტურ პრეფერენციათა ველი - ზოგს შეიძლება მოსწონდეს მრავალპოლუსიანობა, ზოგი კი მასში „ცივილიზაციური სამყაროს საფრთხეს“ აღმოაჩენდეს. თუმცა, ის, რაც ორივე მხარეს აერთიანებს, ძველჩინური წყევლაა: „საინტერესო დროში გეცხოვროთო“.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022