04/04/2022
16:21
პოლიტიკა
ომის დაწყება ადამიანებში ერთგვარ სასოწარკვეთას იწვევს. ეს განწყობა კი მშვიდობის ერთობ ადამიანური სურვილითაა ნაკარნახევი - იმედით, რომ „ომი ახლა მაინც არ მოხდება“. ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, სურს მშვიდობა, და ეს სავსებით გასაგებია. თუმცა, როგორც მეოცე საუკუნემ დაგვიდასტურა, ადამიანის გონივრული ნაწილი მისი სულიერი სამყაროს მხოლოდ მცირე შემადგენელია. ხშირად, ადამიანის სულს არაცნობიერის სიღრმეებიდან დაძრული ომის გენია მოიცავს. ომის გენია, ეს სტიქიური ძალა, შეგვახსენებს იმას, რისი დავიწყებაც გვსურს ჩვენ, ვით მშვიდობის მოსურნე გონიერ არსებებს: ქმნადობა და სიცოცხლის დაუოკებელი ძალა, მუდამ მიისწრაფვის ახლებური ფორმაციებისკენ, ძალთა ახლებური ბალანსებისკენ, რომლებიც მშვიდობით მყარდებიან, რათა მოგვიანებით კვლავ ომით იქნენ დარღვეულნი.
კაცობრიობამ ახალ დროში, გამოაცხადა რა ჭეშმარიტება ღირებულებად, ჩაიხედა იქ, სადაც არ უნდა ჩაეხედა - ონტოლოგიურ უფსკრულში. ამ „ჩახედვით“ მან გაიგო, რომ არსებობის უმთავრესი მამოძრავებელი ძალაუფლებისკენ სწრაფვაა, ხოლო ომი გარდაუვალი წარმოებულია ამგვარი სწრაფვისა - მიდრეკილებაა გაფართოებისაკენ და გაძლიერებისკენ. კაცობრიობა ცდილობს გამოიგონოს ომის თავიდან არიდების მექანიზმები - თუ უწინ ტრანსცენდენტურ მორალზე აპელირებამ კრახი განიცადა, ახლა კაცობრიობა საერთაშირისო ვაჭრობასა და ბირთვული ურთიერთბალანსის „ლოგიკას“ ცდის. მართლაც, ვაჭრობა, ეკონომიკური და ფინანსური ინტერესების თანაკვეთა, თითქოს უნდა იყოს ის (და ნაწილობრივ არის), რაც ადამიანებს ერთმანეთის ხოცვის მოტივაციას შეუნელებდა; ხოლო ატომური იარაღის, პლანეტური კატასტროფის ამ შესაძლო გამომწვევის, ურთიერთდაპირისპირებულ ძალთა ხელში აღმოჩენა წინაპირობა უნდა იყოს ფართომასშტაბიანი ომის თავიდან არიდებისა.
მართლაც, უკრაინაში მიმდინარე ომი იმიტომაც გახდა შოკისმომგვრელი, რომ ევროპა მიეჩვია მშვიდობას, - მშვიდობას, რომელიც „ბებერი კონტინენტისთვის“ ვაჭრობით, ტრანსნაციონალური სტრუქტურებითა და ბირთვული ძალთა ბალანსით იყო გამყარებული. ისინი თითქოს არად აგდებდნენ რუსეთის მოწოდებებს, რომ „ნატოს“ აღმოსავლეთ გაფართოება ამგვარი ბალანსის დარღვევის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. ის ილუზია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ომი არ შეიძლება მოხდეს, როგორც ჩანს, მხოლოდ ევროპის ტერიტორიაზე ნარჩუნდებოდა. იუგოსლავიის კონფლიქტი, თითქოს ევროპული 80-წლიანი მშვიდობის მხოლოდ სამწუხარო გამონაკლისად იქნა მიჩნეული. ბელგრადის დაბომბვა, როგორც ჩანს, ევროპისთვის „ერთგვარ სამწუხარო გამონაკლისად“ დარჩა, რომელიც მეოცე, „ომიან“ საუკუნეს დაუტოვეს.
სხვაა ომი უკრაინაში. ეს საშინელი ომი არის ერთგვარად გამოფხიზლების ომი - იმის მიმანიშნებელი, რომ ევროპული მშვიდობა ჭაობის მშვიდობად იქცა: მომრავლდა შიდა კონფლიქტები (კულტურით უკმაყოფილება, მიგრაციის საკითხები, დეოჯახიზაცია), რომლებიც გარკვეულ საფუძვლიან გადაწყვეტას მოითხოვენ; ევროპაში დადგა დემოგრაფიული ზამთარი; ბავშვების ჩასახვა და გაჩენა ბუნებრივი ინსტინქტი აღარაა, მას რეკლამა და „პრომოუთინგი“ ჭირდება. ამიტომაცაა, რომ ევროპის ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, ავტობუსებზე დიდად გამოაქვთ ბანერი - გერმანელებო, შინაურ ცხოველებს ბავშვები გერჩივნოთო; ევროპა დაადგა კულტურული დეგენერაციის გზას, უარი თქვა დიდ ფილოსოფიასა და პოეზიაზე, და გადაეშვა გენდერული თეორიებისა თუ ათასგვარი იდეოლოგიური ნაგვის მორევში. საკითხავი ისაა, თუ რამდენად იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი საკმარისი გამოფხიზლებისთვის? გამოფხიზლება უნდა მოიცავდეს გააზრებას იმისა, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ერთის მხრივ, ხოლო სამხედრო საქმეების მიბარება ანგლო-საქსური ვექტორისთვის, მეორე მხრივ, კონტინენტურ ევროპას საფრთხეს უქმნის სუვერენულობის მიმართულებით. საკითხავია, აქვს კი პოტენციალი ევროპას პოტენციალი სუვერენისტული გამოფხიზლებისა?
უკვე რიგითი მოქალაქისთვისაც ცხადი ხდება, რომ რასაც უკრაინაში თვალს ვადევნებთ, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დასაწყისია. რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეტად დასუსტებული იყო, აღმავალ ფაზაშია. გეოპოლიტიკურ გიგანტად ჩამოყალიბდა ჩინეთი - კაპიტალისტური ეკონომიკისა და კომუნისტური ბიუროკრატიის კონფუციანური სინთეზით. ძალთა ბალანსის ცვლილებამ კი გაყინული კონფლიქტების გალღობა გამოიწვია. ორიწლისწინანდელი ყარაბაღის ომის განახლება, ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი აღმოჩდა.
ფიქცია გამოდგა „ისტორიის დასასრული“, ლიბერალმა ჰეგელიანელმა ფრენსის ფუკუიამამ საბჭოთა კავშირის დაშლის ნაბახუსევზე რომ დაგვიანონსა, - ონტოლოგიური გულუბრყვილობა, რომელსაც კაცობრიობის არაცნობიერ სიღრმეებში აქვს ფესვი გამდგარი. ადამიანთა ეს გულუბრყვილო სურვილი - ისტორიის დასრულება - კარგად აქვს განმარტებული რუმინელ რელიგიათმცოდნეს, მირჩა ელიადეს თავის წიგნში „მარადიული დაბრუნების მითი“. ელიადეს მიხედვით, ადამიანები განვიცდით ისტორიის ზეწოლას, გამოხატულს ტკივილით, ნგრევითა და სიმწარით. კაცობრიობას უწევს გაუძლოს ისტორიის საშინელებებს. ამ გამძლეობის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება ისტორიისთვის კოსმიური ან/და ესქატოლოგიური საზრისის მინიჭებაა - ე.ი. ტანჯვისთვის აზრის მიცემა იმით, რომ ეს ტანჯვა ადრე თუ გვიან დასრულდება.
ფუკუიამას მითი ისტორიის დასასრულის შესახებ ერთგვარი გაგრძელება იყო იმ მითოლოგიისა, რომელიც ისტორიის (ადამიანური ტანჯვის) დასრულების სურვილითაა განპირობებული. თუმცა, ისტორიის დემონმა ახლა უკვე „ბებერ კონტინენტს“ შეახსენა თავი - ევროპას, რომელსაც სამომხმარებლო პრაქტიკების მარადიულ კვლავდაბრუნებაში ჰქონდა თავი ჩარგული და ასე ცდილობდა ისტორიის დავიწყებას.
ისტორია ძალთა ბალანსის ცვლილებაა - ქმნადობის მცირე, ადამიანური მონაკვეთი, რომლის მოთოკვას ვცდილობთ, მაგრამ, როგორც კი ვფიქრობთ, რომ დავიმორჩილეთ ეს სტიქიონი, ის კვლავ ამოხეთქავს და შეგვახსენებს „მწარე ჭეშმარიტებას“ ადამიანური ტანჯვის გარდაუვალობის შესახებ. სამომხმარებლო ცნობიერებასა თუ გაჯეტებში შთანთქმული ევროპელი ობივატელისთვის ეს მართლაც შოკი იყო. აკი, მათთვის ომი ერაყში, ავღანეთსა თუ სირიაში -
ს ხ ვ ა თ ა ომი იყო. ტყუილად როდი ამბობს თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი პიტერ სლოთერდაიკი, რომ დასავლურ სამყაროს ერთგვარი გუმბათი აკრავს, რომლის მიღმა მიმდინარე მოვლენები „გულთან ახლოს არ მიაქვთ“. აქედანაა ის არაქრისტიანული პარტიკულარიზმი, რომლის მიხედვითაც „სხვათა ჭირი, ღობეს ჩხირია“. სირია, იემენი, ავღანეთი, ერაყი - ეს სხვა სამყაროა. ამგვარი ევროპოცენტრული და ნეოტრაიბალური ხედვითაა გამოწვეული ყოვლად გამაოგნებელი ტერმინიც „ცივილიზებული სამყარო“ - რომლითაც დასავლური სამყარო პოსტ-კოლონიალური ამპარტავნებით საკუთარ თავს მონიშნავს. გეგონება, მაგალითად, ჩინეთი, თავისი მრავალათასწლოვანი ისტორიით არ იყოს „ცივილიზებული“.
მოკლედ შევაჯამოთ: უკრაინის ომმა ბებერ ევროპას შეახსენა, რომ უნდა გამოფხიზლდეს, უნდა დაეხსნას ლიბერალიზმის მანკიერებებს - ეს მისთვისვეა კარგი. შესაძლოა, მავანს ევროპაზე უკვე ხელი ჩაქნეული ჰქონდეს, ვით „მ ე ტ ა დ ბებერ კონტინენტზე“ - კონტინენტზე, რომელსაც შპენგლერმა დიაგნოზად „დაისი“ დაუსვა. ეგებ უკრაინის ომი გამოდგეს წინაპირობად იმის გააზრებისა, რომ უნდა აღდგეს დაფერფლილი ევროპა, იპოვოს თავისი ძალები და დააფუძნოს ახალი დასაწყისი, - ახალი დასაწყისი, რომელსაც მეოცე საუკუნის დასავლური ფილოსოფიური გენია და დასავლეთისავე უდიდესი კრიტიკოსი, მარტინ ჰაიდეგერი თავის ფილოსოფიას უძღვნიდა. ახალი დასაწყისი ცნობიერების გამოფხიზლებით, სამომხმარებლო ცნობიერებისგან დისტანცირებით, უსულო საგნებში არათქვეფით, კულტურის აღორძინებით ... ვინ იცის, ეგებ ეს მხოლოდ ევროპული კულტურის ტრფიალის ფუჭი იმედებია. ვინ იცის, რამდენად ბებერია ევროპა?
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022