12/11/2021
16:57
პოლიტიკა
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ის უკვე საკმაოდ დასუსტებულია, მაგრამ მაინც აქვს იმდენი ძალა და უნარი, რომ თავისი მოქმედებით ქვეყნის საზოგადოების ყურადღება მიიქციოს და სიტუაცია დაძაბოს. ამ თვისებას მას ვერ წაართმევ: მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ყოველთვის რაღაც ხდება, მაგრამ ის, რასაც ახლა ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს - იგი შიმშილობს და ამბობს, „მზად ვარ მოვკვდეო“ - ასეთი რამ დღემდე არ მომხდარა. მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დრამატული სცენების გათამაშება და ახლა იგი, საპყრობილეში მყოფი, საქართველოს ხელისუფლებას, თავისი შიმშილობით [ბრძოლაში] იწვევს. ამ ფონზე უკვე მეორეხარისხოვნად ჩანს საკითხი, თუ როგორ დაბრუნდა იგი სამშობლოში - ინკოგნიტოდ, რადგან ექს-პრეზიდენტს ქართული პასპორტი დიდი ხანია აღარ აქვს.
53 წლის მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეთაური 2004-2013 წლებში იყო. იგი თავის სამშობლოში და დასავლეთში ჯერ კორუფციასთან მებრძოლის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ კი მას მწვავე კრიტიკა დაუწყეს - მმართველობის დროს გამოჩენილი ზედმეტი თავდაჯერებულობისა და გადაჭარბებული სიმკაცრის გამო. ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით მიხეილ სააკაშვილს ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამიტომაც, ასეთი გარემოებების ფონზე გასაკვირი იყო მისი გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნების შესახებ, ადგილობრივი არჩევნების წინ. ალბათ, ტრიუმფალურ დახვედრას ელოდა, მაგრამ მას სამართალდამცველები დაპატიმრების ორდერით ელოდებოდნენ.
დამალობანას თამაში ხელისუფლებასთან და დაჭერა
არჩევნების წინ საქართველოში ჩასული მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას თითქოსდა დამალობანას ეთამაშებოდა და ამასხარავებდა, აქვეყნებდა ვიდეოებს საზღვაო კურორტ ბათუმიდან... საბოლოოდ, იგი მაინც დააკავეს. ხელბორკილდადებული, ორი ოფიცრის თანხლებით საპყრობილეში მიიყვანეს. ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა... იგი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებდა, რომ ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებდა. და თუ ნამდვილად ასე მოხდებოდა, ეს ხელისუფლებაში მისი დაბრუნების ერთგვარი შუქურა იქნებოდა. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ბოლო დროს რამდენიმე მიტინგი გამართეს მოწოდებებით „თავისუფლება მიშას!“, მაგრამ მათ აქციებში მონაწილეთა რაოდენობა ქვეყნის ხელისუფლებისათვის პოლიტიკურად საშიში არ აღმოჩნდა. საერთოდ, საქართველოში ადრეც ბევჯერ ჩატარებულა მსგავსი დემონსტრაციები მრავალი ათეული ათასი მონაწილით - ზოგჯერ ხელისუფლების წინააღმდეგ, ზოგჯერ კი მის სასარგებლოდ, მაგრამ ახლა ოპოზიციის მიერ გამართული აქციები წაგებულის მოქმედებას უფრო ჰგავდა: აშკარა იყო, რომ არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ესე იგი, გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე ზუსტად ვერ გათვალა თავისი „ვაჟკაცური“ დაბრუნების შედეგი და წააგო?
ობიექტურად თუ ვიტყვით, მისი ყოფნა საქართველოში მაინც ასრულებს პოლიტიკური ამფეთქებლის როლს და აძლიერებს დაპირისპირებული ბანაკების პოლარიზებას - ერთი მხრივ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ შორის. ქართული სპეცსამსახურები მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაშიც ადანაშაულებენ. ათობით ადამიანის დაპატიმრება, როგორც ჩანს, მშფოთვარე პერიოდის დადგომას მოასწავებს. თავისი შეშფოთება გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რომელსაც თბილისთან მჭიდრო კავშირები აქვს: ვაშინგტონმა საქართველო გააფრთხილა, რომ უზრუნველყოს სამართლიანი მიდგომა ექს-პრეზიდენტის საქმის მიმართ.
მეგობრობა, რომელიც წარსულში დარჩა
ციხის საავადმყოფოში ყოფნა და შიმშილობა ერთ-ერთი ეპიზოდია მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებიდან, რომელიც მისი პიროვნებისადმი მაქსიმალურ ყურაღებას იწვევს. მან საქმიანობა აშშ-ში იურისტობით დაიწყო, შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ჩაება და ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი გახდა, 2003 წელს მომხდარ „ვარდების რევოლუციამდე“, რის შედეგად ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაამხო. 2013 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მეთაურის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, იგი უკრაინის პრეზიდენტის, თავისი მეგობრის პეტრო პოროშენკოს სამსახურში ჩადგა, მაგრამ მოგვიანებით მასთანაც უთანხმოება მოუვიდა. ყოფილმა მეგობარმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა [და ქვეყნიდან გააძევა]. მან დაბრუნება მაინც მოახერხა და ქვეყნის ხელისუფლებასთან პერმანენტული დაპირისპირება გააგრძელა. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ქართველ ექს-კოლეგას მოქალაქეობა დაუბრუნა, მაგრამ მას გულმა კვლავ საქართველოსკენ გაუწია... მაგრამ არა იმისთვის, რომ საპყრობლეში ჩამჯდარიყო.
წყარო: https://www.sueddeutsche.de/politik/georgien-saakaschwili-hungerstreik-1.5461198
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022