28/03/2022
15:20
პოლიტიკა
ცნობილი ესტონელი საზოგადო მოღვაწე მეელის კუბიტსი ევროპელებს სისუსტეში და ლაჩრობაში ადანაშაულებს და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე საუბრობს. როგორც მეელის კუბიტსი ამბობს, „ევროპის ხალხების თვითკმაყოფილება და ხელისუფლებაში მყოფთა სიმხდალე შეიძლება, სრულიად მოულოდნელად, ევროპელებისთვის დამატებითი დაძაბულობის წყარო გახდეს“.
„ჩვენს დროში კომფორტი, რომელსაც ჩვენ - ევროპელები ასერიგ მიჩვეულნი ვართ, ეგოიზმის ერთ-ერთ თვისებად გვექცა. მაშინ ბოლომდე ეგოისტებად დავრჩეთ. ევროკავშირში უკრაინის სწრაფი შესვლა, პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენთვის, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ - უკრაინისთვის. შუალედური ფორმატისა და განგაშის ატეხვის დრო წავიდა. დრო მეტი აღარ დარჩა.
ევროპის ხალხების თვითკმაყოფილება და ხელისუფლებაში მყოფთა სიმხდალე შეიძლება, სრულიად მოულოდნელად, ჩვენთვის დამატებითი დაძაბულობის წყარო გახდეს. ფართომასშტაბიანი ომის პირველი თვე ადასტურებს, რომ კეთილი სიტყვით ევროკავშირთან შეთანხმება შეუძლებელია. მხოლოდ საუბარი ქუჩებში დაყრილი ბავშვების უსიცოცხლო სხეულებზე, ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის მილიონობით დევნილსა და აგრესორზე, რომელიც კიდევ უფრო დიდ მოთხოვნებს გიყენებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არგუმენტები არაა.ადამიანები, რომლებზეც ევროკავშირის ბედია დამოკიდებული, ევროპის წინაშე თავიანთ ისტორიულ როლსა და პასუხისმგებლობას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ. და თუ ეს კეთილი ნებით შეუძლებელია, მაშინ სხვა მეთოდებს უნდა მივმართოთ, მაგალითად, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომელშიც ყველანი ხუთ წელიწადში ასეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, თუკი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე აქ და ამჟამად, რეაგირებას არ მოვახდენთ. მუქარას ჰგავს? რატომაც არა…
ეს გადაწყვეტილება ომის დასრულებას არ გამოიწვევს - აქ ევროპის ხელი ნამდვილად მოკლეა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის ევროკავშირში შესვლა გონივრული ნაბიჯი იქნება. ეს ომის საშინელებათა საფასურის ასანაზღაურებელი თანხა ან კომპენსაცია, არავითარ შემთხვევაში არ არის. ისტორიული თვალსაზრისით, ეს არის ძლიერი სიმბოლური აქტი, რომელიც ევროპას გააფართოვებს და გააძლიერებს, მას უფრო შეძლებულსა და უსაფრთხოს გახდის, თუნდაც დღევანდელი გადმოსახედიდან სხვაგვარად გვეჩვენებოდეს. ეს იქნება სიგნალი, რომელიც უკრაინელებს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე მიანიშნებს და განხილვასაც არ დაექვემდებარება. თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს, გადაწყვეტილება არ უნდა გაჭიანურდეს, საუბარი არ უნდა გავაბათ, რომ „უკრაინა მზად არ არის“. დიახ, რა თქმა უნდა, უკრაინა მზად არ არის - ომი მიმდინარეობს. მაგრამ გულახდილები ვიყოთ: ევროკავშირის კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ, მზად ხუთ წელიწადშიც არ იქნება, თუნდაც ომი ხვალ დასრულდეს, აგრესორი სახლში დაბრუნდეს და ჩვენ უკრაინის აღდგენას თავიდან შევუდგეთ. ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება იმდენად მზად, რამდენადაც ამას ბრიუსელის ბიუროკრატია მოითხოვს. დიადი გეგმის სახელით ბიუროკრატიაზე გადაბიჯებას ევროპის პოლიტიკური ელიტის გამბედაობა ესაჭიროება. დიახ, ამჟამად გამბედაობა დეფიციტური საქონელია.
ერთი თვის მანძილზე ძველი ევროპის მაღალი რანგის ერთი პოლიტიკოსიც არ გამოჩენილა, რომელიც გარისკავდა, კიევში 48 საათით ჩავიდოდა, პრეზიდენტ ზელენსკისთან მაიდანზე სელფს გადაიღებდა და იტყოდა: „უკრაინა ევროპაა”. ამ ადამიანის პოპულარობა თავის ქვეყანაში მაშინათვე ზელენსკის, რომელიც მისი ამომრჩევლებისთვის კონკურენტგარეშეა, პოპულარობის დონეს მიაღწევდა. მაგრამ არარსებული ვერ მოიძებნებაო.
თუკი დღეს უკრაინა ევროკავშირს არ შეუერთდება, მომავალში მან შეიძლება, ჩვენი წარმოდგენები და მისწრაფებები ვეღარ დააკმაყოფილოს. მივიღებთ სახელმწიფოს, რომელიც სრულიად სამართლიანად თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს და შიეძლება, არა მხოლოდ რუსეთზე გაბრაზდეს, არამედ ყველაზე, ვინც თვალი დახუჭა და გულგრილ დამკვირვებლად დარჩა. ჩვენ მივიღებთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ მრავალრიცხოვან ქვეყანას, რომელიც შესაძლოა, ღირებულებების ღეძს ასცდეს და ორიენტირი დაკარგოს. ჩვენ მივიღებთ ქვეყანას, რომლის გადაბირებას ყველა შეეცდება, იქნება ეს თურქეთი, რუსეთი, ევროკავშირი თუ აშშ, ხოლო მეზობელი ქვეყნები მისი ტერიტორიის ნაწილ-ნაწილ მითვისებას მოისურვებენ. რახან ორიენტირი დაიკარგება, ყველაფერი ისევე გაგრძელდება, როგორც დიდ ომამდე იყო, ოღონდ გაცილებით ცუდი ფორმით. და ნურავის ეწყინება, თუ ევროპის უსაფრთხოებისთვის გაწირული სიცოცხლის ფასად, კომპენსაციის სახით, რამდენიმე წელიწადში, რომელიმე გმირული ბატალიონის მებრძოლები ელისეს მინდვრებზე მდებარე საუკეთესო ბუტიკების მომხმარებლები გახდნენ.
ასეთ შემთხვევაში, ყოფილი მეგობრები ერთმანეთს ძალიან მალე ალმაცერად შეხედავენ და კონფლიქტებიც არ გამოირიცხება. მაშინ შევძლებთ, რომ უკრაინას რამე ვუსაყვედუროთ? იმ ხალხისთვის პრეტენზიების წაყენება, ვინც შენთვის იბრძოლა, ძნელია, თუ თავად იდიოტი გამოდექი. ეს პროცესი მრავალ წელს გაიწელება და ამის ჩაყლაპვა მაინც მოგვიწევს. ამიტომ უმჯობესია, ეს საერთოდ არ დავუშვათ.
კიდევ ერთ კარიკატურულ იდეას გავახმოვანებ. მთელი მსოფლიო სერიოზულად ბჭობს, რა უნდა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ პუტინმა სახე შეინარჩუნოს. მაგრამ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ზელენსკიმ შეინარჩუნოს სახე, არავინ განიხილავს. ომი დამქანცველია, ხოლო არსებული უზარმაზარი მასების მიერ მხარდაჭერა მარადიული არ იქნება. დაე, სახელმწიფოს მეთაურისთვის, რომელიც ჩემი თაობის წარმომადგენელია, ევროკავშირში გაწევრიანება მისი ნადავლი გახდეს, რადგან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის შესაძლო მინიჭება მხოლოდ უმნიშვნელო ჯილდოდ მოგვეჩვენება. ზელენსკი მას გასაყიდად ისევე გაიტანს, როგორც წინამორბედი ლაურეატი, დიმიტრი მურატოვი მოიქცა.
გარდა უკრაინისა, გამონაკლისი სახით, სწრაფი გაწევრიანება უნდა მიენიჭოს საქართველოს და მოლდოვას. ორივე ქვეყანამ ამაში მძიმე ფასი გადაიხადა და დღემდე იხდის“, - წერს კუბიტსი.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022