16/05/2022
15:57
საზოგადოება
დღევანდელ სამყაროში მრავალი გავლენის ჯგუფი არსებობს - იქნება ეს ფინანსური კაპიტალი, მწარმოებლური კაპიტალი თუ, ერი-სახელმწიფო. ინტერეს ჯგუფთა ზრდისა და გამრავალფეროვნების ფონზე, არაა გასაკვირი, რომ განსაკუთრებული სიმწვავით დგება იდეოლოგიის საკითხი. ყველა ჯგუფი ცდილობს საკუთარი ფართო თუ ვიწრო ინტერესის გატარებას.
შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც ერი-სახელმწიფოს მოდელში მცხოვრები ჯგუფისთვის, მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ - გვჭირდება თუ არა იდეოლოგია? და თუ კი, როგორი? ეს კითხვები მწვავდება იმის ფონზე, რომ ის, რაც უწინ „მარადიულ ღირებულებად“ მიიჩნეოდა, დღეს წყალი აქვს შემდგარი. ამგვარ ღირებულებათა წინაშე დგას ამოცანა, თავი განიმტკიცოს უკვე პოსტ-მოდერნულ, რელატიურ სამყაროში და ჩამოაყალიბოს თანმიმდევრული სააზროვნო, სამოქმედო თუ პოლიტიკური აპარატი, რომელიც მას, როგორც „მარადიულს“ ან, სულ მცირე, როგორც „მყარსა და აუცილებელს“ ძალმოსილებას შეუნარჩუნებს.
არავისთვისაა დასამალი, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველოც, განიცდის კულტურულ და იდეოლოგიურ ზეწოლებს - იქნება ეს ლგბთ-პრაიდი, ოჯახის ინსტიტუტის დასუსტება, თუ განათლების სისტემის დაკნინება. იდეოლოგიზებული პრაქტიკები დღევანდელობაში ხშირად გვხვდება: მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში (ზოგიერთ შტატში) გავრცელებულია ადრეულ ასაკში ჰორმონალური თერაპია. ბავშვი, „უეცრად“, აღმოაჩენს, რომ მან არ იცის, ქალია თუ კაცი, ხოლო ექიმებს კი, უარის თქმის უფლება არ აქვთ ჰორმონალურ თერაპიაზე. ცხადია, აქ საქმე გვაქვს მკაცრად იდეოლოგიზებულ მიმართებასთან, რომელიც არჩევანის თავისუფლების საბაბით, ესწრაფვის თავისი იდეოლოგიზებული დღის წესრიგი გატარებას - ოჯახის ინსტიტუტის დასუსტებას, საზოგადოების გათითოკაცებას. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ, მაგალითად, ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი არ გამოაჩინეს ჰარი პოტერის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში.[1] ამის მიზეზი კი იყო ის, რომ როულინგმა თავისი კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა ტრანსგენდერულ ტერმინოლოგიაზე, რომლის ფარგლებშიც ქალებს უწოდებენ არა „ქალებს“, არამედ „ადამიანებს მენსტრუაციით“. [2]
ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იდეოლოგიაზე. და მაინც, რა არის იდეოლოგია? შეგვიძლია იდეოლოგიის სამი მთავარი ნიშანი გამოვყოთ:
(1) იდეოლოგია, მარქსის განმარტებით, არის ცრუ ცნობიერება. ნებისმიერი გარე ინფორმაცია (მეტწილად დირექტივის სახით მოწოდებული) ადამიანმა უნდა გაითავისოს ისე, რომ ეს ინფორმაცია არ გაატაროს სინდისის, პიროვნულობისა და კრიტიკული აზროვნების სამსჯავროზე. ანუ, ადამიანს, „რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოიძახოს“. იდეოლოგიის პირველი თვისება მისი პრეტენზიაა თავისთავადობაზე, საწინააღმდეგო აზრის არ დაშვების სურვილია, - სამყაროს „ვიწრო ჭუჭრუტანიდან“ ყურების მისწრაფებაა.
(2) იდეოლოგია არის მოდერნული მოვლენა. ის ახალი დროის პირმშოა. ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ახალ დრომდე, ვთქვათ, შუა საუკუნეებში ან ანტიკურობაში, არ არსებობდა „სხვათა მიუღებლობა“ და „სხვების გამოტვინების“ სურვილები თუ პრაქტიკები. ცხადია, არა. უბრალოდ, მოდერნულობამ, თავისი სუბიექტივიზმითა და ტექნოლოგიების დახვეწილობით, შვა ადამიანთა გონების მართვის არნახული შესაძლებლობები. მან შეძლო ფეოდალიზმის მორღვევით დაგროვილი ზღვა ენერგიების მართვა - ამ ზღვა ენერგიებს სჭირდებოდა ორგანიზების ის ფორმები და მასშტაბები, რომელთა უზრუნველყოფა მხოლოდ მოდერნულ ტექნოლოგიებსა და ცნობიერებას შეეძლო.
(3) როგორც მოდერნულ მოვლენას, იდეოლოგიას, ახასიათებს მესამე მნიშვნელოვანი ნიშანი - ეს მისი ექსკლუზიურობაა, სხვათა გამორიცხვაა და ამის ფონზე, „სამოთხის აშენების“ დაპირებაა. მარქსიზმს (მის სხვადასხვა ვარიაციაში) სამოთხის შენებაში ბურჟუაზია უშლიდა ხელს, ლიბერალურ ბურჟუაზიას სამეფო და საეკლესიო ფენა ეჩხირებოდა ყელში, ნაციონალისტები კი სხვა ერების განადგურებით ფიქრობდნენ „ნათელი მომავლის“ დაფუძნებას - როგორც, მაგალითად, ნაციონალ-სოციალისტები ებრაელების გარეშე. ყველა ეს პროექტი ჩავარდა.
მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არაა თანამიმდევრულობის ადგილი, მაინც საჭიროა მიზნებსა და მეთოდებს შორის შესაბამისობის ქვედა ზღვრის არსებობა. არ შეიძლება, მაგალითად, ამბობდე, რომ გინდა სამოთხე და ამ დროს, რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს მიიჩნევდე პრობლემად და მის განადგურებას სახავდე მიზნად. სამოთხის არა, მაგრამ ნაკლებად ჯოჯოხეთური საზოგადოების წინაპირობა არის მიმღებლობის და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების სინთეზი, რომელსაც მივყავართ ჩვენს მთავარ კითხვასთან, გვჭირდება თუ არა იდეოლოგია?
ჩვენთან, ხშირად საუბრობენ, რომ იდეოლოგია აუცილებელია. ცხადია, გასაგებია რა იგულისხმება ამგვარ შეხედულებაში. აქ, ტერმინში „იდეოლოგია“ იგულისხმება მეტ-ნაკლებად გამართული შეხედულებათა სისტემა, ერთგვარი სოციო-პოლიტიკური კომპასი, რომელიც დაგვეხმარება, ვორიენტირდეთ იმ უკიდეგანო სივრცეში, რასაც არსებობა ჰქვია. ჩვენის მხრივ, უნდა დავაზუსტოთ, ამგვარი „კომპასი“ მართლაც აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იდეოლოგია, თუ იდეოლოგიის ზემოთმოყვანილ განმარტებას მივყვებით - ანუ გამართული მსოფლმხედველობა არ უნდა იყოს მოწოდებული სხვების განადგურებისკენ, სამოთხის აშენების ცრუ დაპირებისკენ, ადამიანში არ უნდა აუქმებდეს სინდისისა და პიროვნების რეგისტრს და არ უნდა ესწრაფოდეს ადამიანის მექანიზებულ რობოტად ქცევას. ეს გამართული მსოფლმხედველობის ნეგატიური მახასიათებლებია, ანუ ისინია, თუ რა არ უნდა იყოს იგი.
რაღაა ამგვარი მსოფლმხედველობის პოზიტიური ნიშან-თვისებები? მან უნდა შეძლოს და მოუხმოს კაცობრიობის იდეურ არსენალში არსებულ ყველა მნიშვნელოვან ხედვას - იქნება ეს რელიგია თუ ფილოსოფია. მაგალითად, აიღოს ქრისტიანობიდან, ის, რომ ადამიანს დაუტოვოს შინაგანი სივრცე გარეგანის გააზრებისთვის, არ იქცეს ის რობოტად. მაგალითად, აიღოს ახალი დროიდან კრიტიკული აზროვნებისა და საუნივერსიტეტო კულტურა; აიღოს ეროვნულ ფესვებში მოცემული ძლიერი სწრაფვა თვითგადარჩენისა. შეკრას ეს - და კიდევ სხვა მრავალი - „ერთ პაკეტად“ და მოახდინოს ამგვარი ხედვის უპირატესობის დამტკიცება საზოგადოებრივ ასპარეზზე, - ახსნით, დარწმუნებით, და არა ადამიანის მექანიკურ არსებად გადამქცევი იდეოლოგიური პროპაგანდით.
[1]https://www.giantfreakinrobot.com/ent/jk-rowling-harry-potter-hbo-banned.html
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022