24/06/2022
14:38
ანალიტიკა
იდეოლოგია ადამიანებს ყოფს, მაგრამ მითი საზოგადოებას აერთიანებს. მარტივია გააკრიტიკო ლიბერალიზმი, კოსერვატიზმი, სოციალიზმი, მაგრამ რთულია მითების გაკრიტიკება. 20 ივნისს ჩვენ ვნახეთ „ევროპის“ მითი, რომლის ირგვლივადაც გაერთიანდა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერები, ისე ოპოზიციის. აქციაზე ჩვენ ასევე ვიხილეთ ნეიტრალური და აპოლიტიკური საზოგადოების ნაწილიც. ყველა ეს ადამიანი იყო გაერთიანებული „ევროპის“ მითის ირგვლივ. მითი იმის მითია, რომ მისი კონკრეტიზაცია შეუძლებელია, შეუძლებელია დასვა შეკითხვა, თუ რა არის ევროპა, როგორია იყო ევროპელი, საერთოდ შეიძლება რაღაც ერთი ტიპის აზროვნებასთან, ერთი ტიპის ცნობიერებასთან გვქონდეს საქმე როდესაც ევროპაზე ვსაუბროთ?! თუ ეს არის მრავალი ცნობიერების, მრავალი ღირებულების ერთობა, ერთ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში? ყველა ეს შეკითხვა აზრს კარგავს, რადგან მითი არაა კონკრეტიზებული, მითი გვეუბნება, რომ „ყველაფერი კარგი“ არის ევროპა, ხოლო რაც ევროპა არ არის, „ყველაფერი ცუდია“. ეს არის რელიგიური ცნობიერება და ამ ცნობიერების, ამ მითის ირგვლივ საზოგადოება ერთიანდება, ერთიანდება როგორც ლიბერალი, ისე კონსერვატორი, როგორც სოციალისტი, ისე ნაციონალისტი.
არ მინდა მკითხველმა იფიქროს, რომ მე ვაკრიტიკებ ევროპულ ცივილიზაციას, არამც და არამც, ჩემი კრიტიკის ობიექტია რელიგიური წარმოდგენა ევროპაზე. რა არის ევროპა, ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ნათელია რომ ევროპა თავისი არსით არის თვითკრიტიკული სივრცე, რომელიც მუდამ საკუთარი თავის კრიტიკაზე და გადაფასებებზეა აგებული. ამიტომ, მან მოახერხა ისტორიაში არაერთხელ სისტემური და ღირებულებითი გადალახვა და განახლება. მითი კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადააფასო რაღაცეები, მითი მოითხოვს რელიგიურ თაყვანისცემას.
ჩვენთან არ ისმევა შეკითხვა, რა სირთულეები დაგხვდება ევროკავშირში, როგორი იყო ბულგარული, რუმინული და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილებები, რა სარგებელი და სირთულეები ნახეს მათ ამ გზაზე და ა.შ არ ხდება კვლევები, არც სხვის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის ნაცვლად, ევროპული იდეას, ჩვენ ვატარებთ რელიგიურ-მითოლოგიურ ასპექტში. ვაწყობთ უამრავ ღონისძიება-რიტუალებს ევროპაზე, ვახდენთ ევროპის კარნავალიზაციას, ყველგან ვკიდებთ ევროკავშირის დროშებს, უამრავი პერფორმანსი იდგმება და ამ პროცესში ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად ვშორდებით თავად ევროპულ „განმანათლებლობის“ იდეას.
ამ ყველაფერზე კი დაშენებულია ქართული პოლიტიკა, ქართველი პოლიტიკოსები იდეოლოგიაზე არ მსჯელობენ, არ მსჯელობენ ლიბერალიზმზე და კონსერვატიზმზე, არ მსჯელობენ თავისუფალ ბაზარზე და სოციალურ თანასწორობაზე, არამედ ორივე ევროპელობის მითშია. ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, საკუთარ თავს „ევროპელად“, „პროდასავლელად“ მოიხსენიებს, ხოლო მოწინააღმდეგეს „პრორუსად“, „რუსეთუმედ“ რაცხავს. ამ პროცესით კი ჩვენ მთლიანად ვცდებით ევროპულ დისკურსს, ევროპულ აზროვნებას და ევროპულ თვითკრიტიკულ ტრადიციებს.
შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად რაც ხელს გვიშლის ჩვენ ევროპულ ცივილიზაციად ჩამოვყალიბდეთ, ამჯერად, სწორედ „ევროპელობის“ რელიგიურ-მითოლოგური წარმოდგენებია.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022