08/11/2021
16:09
საზოგადოება
როგორც 2003 წელს, ამჯერადაც ოპოზიციური ფრთის პროტესტი გამოიწვია არჩევნებმა, რომელსაც ისინი არალეგიტიმურად მიიჩნევენ და არ აღიარებენ მის შედეგებს. პლუს ამას, სიტუაციას ამძიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს. ოპოზიციური მედია სრულად იზიარებს ოპოზიციური პარტიების პათოსს და, შეიძლება ითქვას, რომ მათი იდეების პროპაგანდისტად გვევლინება, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, ხომ არ მოახდენს მედიაც საზოგადოების აზრზე გავლენას და ხომ არ აღმოვჩნდებით იმ შეგედის წინაშე, რასაც რევოლუცია ჰქვია.
როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე ამბობს, არც ტელევიზიებია მზად დიდი გადატრიალებები მოახდინონ და არც საქართველოში მყოფი ოპოზიცია - აიღოს ხელისუფლება ხელში.
,,ისეთი იდეალური ტელევიზია, როგორიც იყო „რუსთავი 2“ იმ პერიოდში, დღეს არ არსებობს. ტყუილსაც ტექნიკურად ამბობდა, ცხრა სიმართლეს ზემოდან დაადებდა მეათე ტყუილს. დღეს ცხრა ტყუილს ამბობენ... ამდენად, ოპოზიციური ტელევიზიები არაეფექტურად მუშაობენ. ამიტომ, პრაქტიკულად, არც ტელევიზიებია მზად, იმისთვის, რომ დიდი გადატრიალებები მოახდინონ, არც უცხო ქვეყნების მხარდაჭერაა ამ კუთხით და არც საქართველოში მყოფ ოპოზიციას შეუძლია ხელისუფლების ხელში აღება. მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია ვარდების რევოლუციამდე 9 წელიწადი შევარდნაძის გუნდის ლიდერები იყვნენ და იცოდნენ სახელმწიფოს მუშაობის პრინციპები. ოპოზიციაში რომ გადავიდნენ, ისინი მზად იყვნენ ხელისუფლების ხელში ასაღებად. დღეს ისევ ნაციონალურ მოძრაობაში თუ მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც გამოცდილება აქვთ და შესაბამისად, ხელისუფლების ხელში აღებაც შეუძლიათ. მაგრამ მათ ისეთი სახელი აქვთ საქართველოში, რომ მათგან ახალი რევოლუციონერი არ გამოვა“, -ასეთია ამ საკითხზე პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებული ვითარება იყო საქართველოში 2000 -2003 წლებში, როდესაც რევოლუციას რეფორმატორების სახელით ცნობილი ჯგუფი ამზადებდა. იმ პერიოდში ხავერდოვანი რევოლუციის მოხდენით აშშ-ც იყო დაინტერესებული. ყველანაირი რესურსის, მათ შორის, მედიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად კი 2003 წელს ვარდების რევოლუცია ვიხილეთ.
რამაზ საყვარელიძემ შარპის თეორიაზე ისაუბრა, რომელიც, როგორც ის ამბობს, საფუძვლად დაედო ვარდების რევოლუციას და სადაც მთავარი როლი ისევ და ისევ მედიას აკისრია. ,,შარპის თეორიაშიც ერთ რგოლად არის მედია. იქაც გაწერილია ეგ სცენარი, რომ უნდა მოხდეს რეაგირება არჩევნებზე, ხალხის გამოსვლა ქუჩებში იმ მოტივით, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს უნდა გაკეთდეს მედიასაშუალებებით, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ხალხის აღშფოთება. ეს ერთხელ მოხდა კიდეც საქართველოში”,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
გარდა ზემოთ ნათქვამი არგუმენტისა, რატომ გამორიცხავს ექსპერტი რევოლუციას?
რამაზ საყვარელიძე გვპასუხობს, რომ დღეს შესაბამისი მზადყოფნა არ არის. თუმცა, აქციებს გაერთიანებული ოპოზიცია ისევ აგრძელებს, მედია კი მათ სადარაჯოზე რჩება.
ავტორები: დიანა ჩირგაძე,მარიამ მებონია
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022