27/12/2021
16:49
მსოფლიო
ვიდეოსიუჟეტი იწყება მშრალ ხიდთან მდებარე ე.წ. „ძველმანების ბაზრის“ კადრებით, სადაც საბჭოთა პერიოდის მრავალი არტეფაქტი იყიდება, იოსებ სტალინის ბიუსტიდან დაწყებული, საბჭოთა ორდენებითა და პასპორტებით დამთავრებული.
საბჭოთა კავშირის ნამსხვრევები
„ზოგიერთებისათვის საბჭოთა წარსული უდარდელი ახალგაზრდობის, სტაბილური სემოსავლებისა და სანატორიუმებში უფასო საგზურების წლებია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ანტიკვარული ნივთები საბჭოთა კომუნისტურ ეპოქაში ცხოვრების მწარე მოგონებას აღძრავს - ეპოქისა, რომელიც აღარ განმეორდება. თბილისელებს დღეს იმ პერიოდისადმი სხვადასხვანაირი მიდგომები აქვთ.
ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, „საბჭოთა ეპოქისდროინდელ საქარველოში არაფერი არ მუშაობდა, საყიდლებზე ყველა მოსკოვში დარბოდა. ის ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირზე ნოსტალგია აქვთ, სტაბილურ ცხოვრებას მისტირიან“. მეორე მოქალაქეს კი საწინააღმდეგო აზრი აქვს: „ყველაფრით უზრუნველყოფილნი ვიყავით, ხელფასები მაღალი იყო - ფული მოგზაურობაზეც გვყოფნიდა და გასართობადაც. უმუშევრობა არ არსებობდა“.
თბილისის ქუჩებში საბჭოთა პერიოდს ბევრი რამ გვაგონებს. ახალგაზრდა თაობისათვის შენობების ფასადზე და ბალიუსტრადებზე გამოსახული ჩაქუჩ-ნამგალი უბრალოდ, შორეული ისტორიის ატრიბუტებს წარმოადგენენ: „მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საბჭოთა კავშირი ტერორისტული სახელმწიფო იყო, თავის მოქალაქეები ჩაკეტილი ჰყავდა, ადამიანებს არავითარი პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდათ, თავისუფლებაზე ლაპარაკი არ იყო“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა.
საქართველო-რუსეთი: 30 წლის შემდეგ
სამი ათეული წლის წინ, 1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი 15 რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გადაიქცნენ, მაგრამ რუსეთი მათ მაინც თავის პერიფერიებად და ექსკლუზიური გავლენის სფეროდ თვლის.
„ევრონიუსის“ კორესპონდენტი ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრება: „ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს. ჩვენ ვუყურებთ რუსეთის პრეზიდენტის ძალისხმევას, რომლის მიზანს დსთ-ის ქვეყნების კრემლის ორბიტაზე დარჩენა წარმოადგენს. მოსკოვში უკვე შეურიგდნენ ბალტიისპირეთის დაკარგვას, სამმა სახელმწიფომ თავისი საბჭოური ისტორია დახურა და ისინი კვლავ ევროპას დაუბრუნდნენ, ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდნენ. უკრაინამ და საქართველომ ეს ვერ მოახერხეს და თქვენ ახლა ხედავთ, თუ რა მდგომარეობაში ჩავცვივდით“, - ამბობს ლაშა ბაქრაძე.
რუსეთსა და საქართველოს შორის 1991 წლიდან გაჩენილ არსებულ სირთულეებს 2008 წლის ომის შედეგებიც ამწვავებს. საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას და თვლის, რომ ეს ტერიტორიები მოსკოვის მიერ არის ოკუპირებული.
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლივერ რაიზნერი ამბობს „ევრონიუსის“ ჟურნალისტთან საუბარში, „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური კულტურის გავლენა ჯერ კიდევ დიდია. გავიმეორებ ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ნათქვამს: „საქართველო საბჭოთა კავშირში აღარ არის, მაგრამ საბჭოთა კავშირი საქართველოდან, ქართველთა მახსოვრობიდან არ გასულა“.
პატარა საქართველოში ეროვნული და კულტურული იდენტურობის საკითხები ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც საბჭოთა ეპოქის გააზრება უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. ქართველების ახალი თაობა იმედით უყურებს დასავლეთს, ისინი თავიანთ ქვეყანას ისეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით ხედავენ, სადაც პატივს სცემენ მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022