17/12/2021
16:35
მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე ავტორი თვლის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა მოძებნოს სხვა მეთოდები უკრაინის, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების დასაცავად, ნატოში მათი მიღების გარდა.
„ჩვენ ახლებურად უნდა გავიაზროთ ნატოს გაფართოების იდეა... უფრო მეტიც - როგორც უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის არმიის მანევრები გვაჩვენებს, რუსებს უკრაინის გაკონტროლება უფრო სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ დავეხმარებით, თანაც ისინი უფრო მეტი რაოდენობით იქნებიან“, - წერს მაიკლ ჰენლონი.
„კრიზისი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობაში უკრაინის გამო დიდწილად იმიტომ გაჩნდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკვე კატეგორიულად ითხოვს თავისი ქვეყნის ნატოში მიღებას და უკმაყოფილოა, თუ რატომ არ განახორციელა ბრიუსელმა. არადა, დღეს რომ ალიანსმა თავის რიგებში უკრაინა მიიღოს, ეს ნიშნავს, რომ ნატო საკუთარ თავს რუსეთის მსხვერპლად გადააქცევს. 2008 წელს, აღუთქვა რა უკრაინას და საქართველოს ნატოში მიღება, ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამით კიევს და თბილისს სამიზნეები გაუკეთა, რომლებსაც რუსეთი ესვრის, ალიანსში მათი მიღების შემთხვევაში.
„განა ნატოში უკრაინისა და საქართველოს მიღება რუსულ აგრესიას შეაჩერებს? რუსეთისათვის ეს ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიულად, გეოგრაფიულად, უსაფრთხოების თვალსაზრისით... მათი ხალხების ბედი ერთმანეთთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნავს ავტორი.
„ვთქვათ და უკრაინა ნატოს წევრი გახდა. არ არის გამორიცხული, რომ კიევი ალიანსს რუსეთის წინააღმდეგ დახმარებას სთხოვს. წესდების თანახმად, ალიანსი ვალდებულია უკრაინაში სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს, მათ შორის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებიც. ასეთ სიტუაციაში რუსეთთან შეტაკება გარდაუვალია, რომელიც, დიდი ალბათობით, მსოფლიო ომში გადაიზრდება და მას ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვება...
ნატო 1949 წელს იმისთვის არ შექმნილა, რომ ევროპის ყველა კუთხეში უსაფრთხოების საკითხები მოაგვაროს. თავდაპირველად ალიანსი მხოლოდ 12 წევრს აერთიანებდა და 40 წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი სახელმწიფო დაემატა. ისეთი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც ჯორჯ ქენანი იყო, დასავლეთის გაერთიანების აზრს იმაში ხედავდა, რომ ძირითადი სამრეწველო, ეკონომიკური სამხედრო რეგიონები მტრულად განწყობილი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ არ მოხვედრილიყვნენ. ნატოს შექმნის იდეა არ იყო იმისთვის გამიზნული, რომ გაფართოება უსასრულოდ მომხდარიყო. ნატო დემოკრატიის კლუბი არ არის, რომ მასში ყველა მსურველები იქნენ მიღებულნი.
უკრაინა, საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები მშვენიერ, ამაყ და სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, მაგრამ იქ ამერიკის ჯარების ადგილი არ არის. ამერიკელებმა იქ არ უნდა იბრძოლონ და არ უნდა დაიხოცნონ, მათ ბირთვული კონფლიქტი არ უნდა გამოიწვიონ. ამერიკამ საქართველოს, უკრაინის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების დასაცავად რაღაც სხვა მეთოდი უნდა იპოვოს. შესაძლოა დაიდოს შეთანხმება, რომელშიც ამერიკა რუსეთს დაავალდებულებს შეწყვიტოს სეპარატიზმის გაღვივება როგორც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე საქართველოში, აღიაროს ამ ქვეყნების სრული სუვერენიტეტი და მათი უფლება სასურველ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაერთიანების მიზნით, ევროპის კავშირის ჩათვლით. ასევე უნდა შენარჩუნდეს რუსეთის მიმართ გამოცხადებული სანქციები“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორი მოუწოდებს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენს და ვლადიმერ პუტინს, ნატოს ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, განიხილონ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შემუშავების საკითხი, რომელიც სასარგებლო იქნება ყველა მხარისათვის. „ჩვენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვართ რთულ მდგომარეობაში ნატოს გაფართოების გამო. მოვიდა დრო ახალი, უკეთესი იდეებისათვის“, - ხაზგასმულია სტატიის დასასრულს.
წყარო: https://www.usatoday.com/story/opinion/2021/12/14/ukraine-russia-nato-expansion/6494016001/?gnt-cfr=1
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022