19/10/2021
13:18
მსოფლიო
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
„როცა ერთი ქვეყანა მეორესთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს, ვთქვათ, სამხედრო კონფლიქტის გამო, ასეთ შემთხვევებში ის მესამე სახელმწიფოს თხოვს თავისი ინტერესების დაცვას. მაგალითად, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ საქართველოს ინტერესებს რუსეთში შვეიცარია იცავს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ქართველი და რუსი დიპლომატები თავიანთ ოფისებში მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ ოფისის აბრაზე „საელჩო“ კი არ აწერია, არამედ „საქართველოს (რუსეთის) ინტერესების სექცია შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან“. შენობაზე კი შვეიცარიის დროშა ფრიალებს.
„ცივი ომის“ ახალი ეტაპი?
ის, რაც ბრიუსელში ნატოსთან არსებულ რუსეთის მისიას მოუვიდა, უარესია. მისი საქმიანობა „გაყინულია, თანამშრომლები რუსეთში ბრუნდებიან. თავის მხრივ, კრემლმაც სამაგიერო ნაბიჯი გადადგა, თანაც სერგეი ლავროვმა დამცინავი ტონით განუცხადა ალიანსის ხელმძღვანელობას - „თუ რაიმე სასწრაფო საქმე გექნებათ, ბელგიაში ჩვენს საელჩოს მიმართეთო“. არადა, „ექსტრენული საქმეები“ შეიძლება მართლაც ბევრი გაჩნდეს - ავღანეთთან, აზია-წყნარი ოკეანესთან, გლობალური მიგრაციის გამოწვევებთან დაკავშირებით.
გამოდის, რომ მოსკოვსა და ბრიუსელს (ნატოს ოფისს) შორის არანაირი პირდაპირი კონტაქტები არარ იარსებებს, თუ არ ჩავთვლით მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების ზღურბლს. 1997 წელს ხელმოწერილი ნატო-რუსეთის ფუძემდებლური აქტი ფორმალურად არსებობას აგრძელებს, მაგრამ 2014 წლიდან რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დაწყების გამო, ისიც „ღრმად არის გაყინული“ - ახლა უკვე ოფიციალურად..
ვლადიმერ პუტინისათვის ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტა ლოგიკურ ნაბიჯს წარმოადგენს. საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ სურს თავისი თავი სუსტად წარმოაჩინოს. 2020 წელს მისი მმართველობის ვადების „განულებამ“ პუტინი პრაქტიკულად ქვეყნის სამუდამო მმართველად გადააქცია. შესაბამისად, მას დასავლეთთან დაპირისპირების ფართო არეალი მიეცა, იგი „ცივი ომი-2“-ის ახალ ეტაპზე გადადის. ვლადიმერ პუტინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობის დარღვევაში ხედავს როგორც საკუთარ სამომავლო ისტორიულ მემკვიდრეობას, ასევე თავისი რეჟიმის პოლიტიკურ დღეგრძელობას.
ნატოს მიერ ბრიუსელში რუსეთის მისიის დახურვა კრემლს იმის საბაბს აძლევს (თუნდაც ფორმალურს), რომ მეზობლებთან დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს - პოლონეთთან, ბალტიისპირა ქვეყნებთან, უპირველესად კი უკრაინასთან. მომხდარი ფაქტი ვლადიმერ პუტინისთვის დასავლეთის ერთიანობაში განხეთქილების შეტანის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ნატოს ევროპელ მოკავშირეებს შორის. კრემლში დარწმუნებულები არიან, რომ კიევთან, ანუ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მინი-კრიზისის შექმნა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უთანხმოების სტიმულირებას.
რა შეიძლება მოიმოქმედოს კრემლმა? ეს შეიძლება იყოს სამხედრო აქციები - იმის მსგავსი, რაც ქერჩის სრუტის გადაკეტვის დროს მოხდა, ან, გარკვეული პირობების შექმნის დროს, უკრაინის ნავსადგურების ბლოკირება, ასევე „ექსპერიმენტები“ მოაწყოს ბელორუსიის ლიდერთან ერთად არალეგალური მიგრაციის საკითხებში ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვრებთან (რაც უკვე „მოსინჯა“ ალექსანდრე ლუკაშენკომ), შეიძლება მოსკოვმა Запад-2021-ის მსგავსი სამხედრო მანევრები მოაწყოს... და რაღაც კიდევ უფრო სარისკო და რადიკალური ნაბიჯი გადადგას. ამის შემდეგ კი კრემლი იტყვის: „ჩვენი ხალხი ხომ გამოაძევეთ? გამოაძევეთ. ამით იძულებული გაგვხადეთ საპასუხო ნაბიჯი გადაგვედგა - თავმოყვარეობა ჩვენც გვაქვს და საკუთარ თავს პატივს ვცემთ. ახლა კი რასაც გავაკეთებთ, თქვენს თავს დააბრალეთ“.
პუტინის გაზის იარაღი
კრემლში დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი პოლიტიკა ერთმანეთთან დააპირისპირებს ნატოს „კარგ“ წევრებს (ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებს და ბელგიელებს) ალიანსის „ცუდ“ წვრებთან (პოლონელებთან, ჩეხებთან, ლიეტუველებთან, ლატვიელებთან და რუმინელებთან). სხვათა შორის, ამ მიმართულებეით საკმაოდ წარმატებულად მუშაობს რუსეთის საელჩო ბელგიის სამეფოში - სწორედ ის, რომელზეც სერგეი ლავროვმა ნატოელებს უთხრა - თუ ძალიან გაგიჭირდებათ და დაგჭირდებით, ბრიუსელში ჩვენს საელჩოს მიმართეთო.
ორიოდე კვირის წინ რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ტოკოვიკინმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სწორედ ასე გააკეთა (ნატოში უთანხმოების ჩამოსაგდებად) - ბელგია შეაქო, რომ ის რუსეთთან პრობლემებს არ პროვოცირებს. „ბელგია გონიერი ქვეყანაა“, - რეზიუმე გააკეთა ელჩმა და შემდეგ საუბარი ევროპაში „გაზპრომის“ სასარგებლო საქმიანობაზე გააგრძელა.
ეს ძალიან სიმპტომატურია. ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ წარმატებებს - ჟენევაში ჯო ბაიდენთან სამიტს, გერმანიაში სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას (ისინი ხომ ყოველთვის რუსეთთან დიალოგისკენ იხრებიან), მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ვიზიტს - ახლა გაზის კრიზისიც დაემატა, რომელშიც კრემლი ოსტატურად თამაშობს თავის სასარგებლოდ. ამ კრიზისით რუსეთისათვის საუკეთესო პერიოდი დგება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეკლამირებისათვის - ისეთი პერიოდი, რაზედაც ადრე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო („გაზი გინდათ? აგერ, გვაქვს თქვენს საძულველ მილსადენში...“). მოსკოვის მთავარი იარაღი - ნახშირწყალბადები - არათუ არ ჟანგდებიან, არამედ სულ უფრო ეფექტურნი ხდებიან. ნატოსთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ კრემლი ამ იარაღს სულ უფრო აქტიურად გამოიყენებს. და არამარტო მას.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022