30/12/2021
15:31
მსოფლიო
„შობის დღესასწაულისა და ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად დადგმული სხვადასხვა სათამაშოებით და ბრჭყვიალა ბურთულებით მორთული ნაძვის ხე სავალდებულო ატრიბუტად მხოლოდ მე-19 საუკუნეში იქცა. ამ ტრადიციას საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა. მას შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა მოდა როგორც ნაძვის ხის მოსართავი საგნების, ასევე თვით ნაძვის ხეებთან დაკავშირებით. რუსეთში, მაგალითად, ამჟამად ძალზე პოპულარულია დანიაში გაზრდილი „იმპორტული“ ნაძვები, რომელსაც შესაბამისად, „დანიურ ნაძვებს“ უწოდებენ.
ბევრმა არ იცის, რომ ე.წ. „დანიური ნაძვები“ სინამდვილეში წარმოშობით კავკასიელები არიან და თუ ზუსტად ვიტყვით, ისინი ნაძვის კი არა, სოჭის ხეები არიან (ფიჭვისებრთა ოჯახის წარმომადგენლები). ევროპელები, მათ შორის გერმანელებიც, საშობაოდ უპირატესობას კავკასიურ სოჭს ანიჭებენ. გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუს“ (Frankfurter Rundschau) მონაცემებით, იმ 25 მილიონი საშობაო „ნაძვის ხეებიდან“, რომლებიც გერმანიაში იყიდება, 80% კავკასიურ სოჭის ხეს წარმოადგენს. ამ ლამაზ ხეს, რომელსაც სწორი კონუსური ფორმა აქვს, ხშირად Nordmanntanne-ს უწოდებენ, ანუ „ნორდმანის სოჭს“ - ბოტანიკოს ალექსანდრ ფონ ნორდმანის სახელის საპატივსაცემოდ, რომელმაც მცენარე პირველმა აღმოაჩინა და აღწერა. ლათინურად მას ასეც ჰქვია: Abies nordmanniana.
კარიერა გერმანიაში და რუსეთის იმპერიაში
მეცნიერის სრული სახელი და გვარია ალექსანდრ დავიდოვიჩ ფონ ნორდმანი და მისი ცხოვრება მთლიანად ოდესის გუბერნიასა და კავკასიასთან იყო დაკავშირებული. იგი ეთნიკურად გერმანელი იყო და ფინეთში 1803 წელს დაიბადა, ანუ ექვსი წლით ადრე, სანამ ფინეთის თანამედროვე ტერიტორია, „ფინეთის დიდი სამთავროს“ სტატუსით, რუსეთის იმპერიას შეუერთდებოდა. მოგვიანებით ალექსანდრეს დედ-მამამ მუშაობა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო უწყებაში დაიწყეს.
ტალანტიური ახალგაზრდა უკვე 24 წლის ასაკში ფილოსოფიის დოქტორი გახდა, რომელიც იმ დროისათვის კრებითი ტიტული იყო სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში, შემდეგ ალექსანდრე ფონ ნორდმანმა 5 წელი გერმანიაში გაატარა, სადაც გერმანული ფილოლოგია და ბიოლოგია შეისწავლა. შესაბამისად, მან ბერლინში კიდევ ერთი ტიტული მიიღო - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო ნაშრომი „მიკროგრაფიკული შენიშვნები“, რომელიც გერმანულ ენაზე 1832 წელს დაიბეჭდა, დღესაც კლასიკურ ნაშრომად ითვლება.
1830-იანი წლების დასაწყისში პროფესორი ალექსანდრე ფონ ნორდმანი ოდესაში მიიწვიეს, ცნობილ რიშელიეს ლიცეუმში, ზოოლოგიისა და ბიოლოგიის ლექტორად. სხვათა შორის, ოდესის ლიცეუმი მოგვიანებით რუსეთის საიმპერიო სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. საინტერესო ფაქტია, რომ ახალგაზრდა მეცნიერის ძალისხმევით ოდესაში დააარსდა მებაღეობის ინსტიტუტი და ბოტანიკური ბაღი, რომლის დირექტორად იგი დანიშნეს.
ალექსანდრე ფონ ნორდმანის ინტერესეთა სპექტრი ძალიან ფართო იყო: იგი იკვლევდა თევზებს, ფრინველებს, მწერებს... მისი სახელი ჰქვია ძუძუმწოვრების 8 სახეობას. ეს კიდევ არაფერი: ალექსანდრე ფონ ნორდმანი პალეონტოლოგიითაც იყო დაკავებული და დაწერა ცნობილი ოთხტომეული „სამხრეთ რუსეთის პალეონტოლოგია“. გარდა ამისა, მეცნიერმა რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო ყირიმსა და კავკასიაში, მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში.
ფიჭვისებრთა ხეების ახალი სახეობა
სწორედ კავკასიაში, დრევანდელ საქართველოში, კურორტ ბორჯომთან ახლოს არსებულ მთებში, დაახლოებით 1500 მეტრ სიმაღლეზე, 35 წლის ალექსანდრე ფონ ნორდმანმა აღმოაჩინა სოჭის ხე აბსოლუტურად სწორი ტანით, ხშირი ტოტებით და გრძელი, მუქი მწვანე წიწვებით.
ობიექტურნი რომ ვიყოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ადრე, 1838 წელს ამ სოჭის ხის შესახებ წერდა შვედური წარმომავლობის მქონე რუსი მეცნიერი ქრისტიან ფონ სტევენი, მაგრამ წიწვოვანი მცენარე სწორედ ალექსანდრე ფონ ნორდმანმა შეისწავლა და აღწერა პირველმა მეცნიერულად, ამიტომაც უწოდეს მას „ნორდმანის სოჭის ხე“.
1849 წელს ალექსანდრე ფონ ნორდმანი ფინეთში დაბრუნდა და ჰელსინგფორსის უნივერსიტეტში ზოოლოგიის პროფესორად დაიწყო მუშაობა, კითხულობდა ლექციებს. იგი მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერს წარმოადგენდა და სტუდენტებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, გარდაიცვალა 1866 წლის 25 ივნისს.
„გერმანული სოჭი“ კავკასიიდან
დავუბრუნდეთ ისევ საშობაო „ნაძვის ხეს“. მე-19 საუკუნის შუახანებიდან „ნორდმანის სოჭის“ მოშენებას კავკასიის ფარგლებს გარეთაც იწყებენ. თანდათანობით მცენარე დასავლეთ ევროპაშიც, მათ შორის გერმანიაშიც ვრცელდება. აქვე ვიტყვით, რომ სოჭის ხის თესლი გერმანიაში (დანიაშიც) დღესაც მისი მშობლიური ადგილიდან - კავკასიიდან მოაქვთ. გაზრდილი მცენარის მცირე იმპორტი ხდება აგრეთვე პოლონეთიდან, დანიიდან და ირლანდიიდან.
„ნორდმანის სოჭი“ პოპულარულია არა მარტო თავისი სილამაზით, არამედ იმიტომაც, რომ ის კარგად ინახება ოთახის ტემპერატურაზე, წიწვები არ სცვივა და თუ სწორად მოუვლი, მცენარე „გარეგნობას“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინარჩუნებს. ამ საშობაო-საახალწლო „ნაძვის ხეს“ კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მისი წიწვი ძალიან მჩხვლეტავი არ არის.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022