24/11/2021
14:41
მსოფლიო
მხოლოდ 550-კილოგრამიანი, მაგრამ 325 მილიონ დოლარად შეფასებული საფრენი აპარატის ერთადერთი ამოცანაა სრული სიჩქარით დაეჯახოს ასტეროიდს, რომელიც ზომით და მოცულობით მას ბევრად აღემატება და ამ შეჯახებით ციურ სხეულს ორბიტა შეუცვალოს.
„DART“-ის პროექტი შემუშავებულია აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მიერ, პლანეტარული დარტყმებისაგან დედამიწის დაცვის პროგრამის ფარგლებში - დაახლოებით ისე, როგორც ამერიკულ ბლოკბასტერშია - ფილმი „არმაგედონი“, ალბათ, ბევრ ჩვენს მკითხველს აქვს ნანახი.
კოსმოსური „კამიკაძის“ (ანუ „სასიკვდილოდ თავგანწირულის“) მიზანია დედამიწის ახლოს მდებარე ასტეროიდებთან - დიდიმთან (გარშემოწერილობა - 780 მეტრი) და მის თანამგზავრთან, შედარებით პატარა დიმორფთან (გარშემოწერილობა - 168 მეტრი) შეჯახება. მათზე დაკვირვებას ასტრონომები 2003 წლიდან აწარმოებენ.
კაცმა რომ თქვას, დიდიმი და დიმორფი თავისთვის „დახეტიალობენ“ კოსმოსში და დედამიწისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ. მაგრამ რადგანაც მეცნიერებისთვის ცნობილია კიდევ რამდენიმე ათეული ციური სხეული, რომლებიც დედამიწისთვის საფრთხის მომტანია, ამიტომ აუცილებელია პლანეტარული დაცვის მექანიზმის აწყობა და ასე ვთქვათ, „ერთგვარი წრთვნების“ ჩატარება.
მომავალი წლის სექტემბერში დიდიმი და დიმორფი ჩვენს პლანეტას დაახლოებით 6,7 მილიონი კილომეტრით მოუახლოვდებიან, რაც 15-ჯერ აღემატება დედამიწიდან მთვარემდე მანძილს. აპარატის ტრაექტორია ისეა გამოთვლილი, რომ „დართი“ „მოხეტიალეებს“ საჭირო ადგილზე ჩაუსაფრდება, შემდეგ წამში 6,6 კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს და დიდ ასტეროიდს - დიდიმს შეეჯახება.
ჯერ-ჯერობით არავინ იცის, როგორი ეფექტი ექნება შეჯახებას, ანუ რამდენად შეიცვლიან ორბიტას დიდიმი და დიმორფი. ამის შემოწმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2026 წელს, როცა „მოხეტიალეები“, ასტრონომების გამოთვლით, დედამიწას ისევ უნდა მოუახლოვდნენ.
საერთოდ, მსხვილ ციურ სხეულთან სავარაუდო შეჯახება დედამიწისთვის პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის მომტანია, რაც დამოკიდებულია ასტეროიდის ზომასა და სიჩქარეზე. დიდ ასტეროიდს შეუძლია დედამიწა ან მთლიანად გაანადგუროს, ან ჩვენი პლანეტა სიცოცხლისათვის გამოუსადეგარი გახადოს. პატარა ასტეროიდის დაჯახება კი მიწისძვრებს, ცუნამებსა და სხვა კატაკლიზმებს გამოიწვევს.
მსგავსი კატასტროფა უკვე მოხდა 66 მილიონი წლის წინათ, როცა ანალოგიურმა დაჯახებამ დედამიწაზე მეზოზოურ ერაში არსებულ ცხოველთა მასობრივი გაწყვეტა გამოიწვია, მათ შორის დინოზავრებისაც.
სწორედ ამიტომ 2016 წლიდან NASA ყოველწლიურ წრთვნებს აწყობს, რათა მსგავსი საფრთხეების გამანეიტრალებელი მექანიზმი გააუმჯობესოს.
2019 წლიდან „მოხეტიალე“ ასტეროიდებისაგან დედამიწის დაცვის მიზნით გამართული „წრთვნები“ გლობალური გახდა: საერთაშორისო კონფერენციის ჩარჩოებში NASA-ს პროექტს შეუერთდა „ევროპის კოსმოსური სააგენტო“, რუსული „როსკოსმოსი“ და მათი პარტნიორები სხვა სახელმწიფოებიდან.
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-59325625
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022