13/12/2021
14:46
მსოფლიო
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
„ვილნიუსის ცენტრში, იაკუბ იასინსკის ქუჩაზე სხვებისაგან არაფრით გამორჩეული საოფისე შენობა დგას: ფასადის მიღმა განთავსებულნი არიან საადვოკატო კანტორები, კერძო კომპანიები, კონსალტინგური სამსახურები... არავინ არაფერს არ ამბობდა მანამ, სანამ შენობაში ნოემბრის დასაწყისში ახალი არენდატორები არ შევიდნენ... აი, მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო... სიტუაციის გამწვავება გამოიწვია არა ოფისის თანამშრომლების ქცევამ, არამედ იმან, რომ შესასვლელში, კარზე, ასეთი აბრა გაჩნდა: „ტაივანის წარმომადგენლობა“.
მძაფრი უკმაყოფილების წყარო პეკინში მდებარეობს, ვილნიუსიდან 6500 კმ-ის დაშორებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში...
მსოფლიოში ბევრი არა, მაგრამ მაინც არიან ისეთი ქვეყნები, რომლებშიც კუნძულოვან ტაივანს (ჩინეთის რესპუბლიკას) თავისი წარმომადგენლობები აქვს გახსნილი. ქვეყნები, რომლებმაც კუნძულს წარმომადგენლობების გახსნის უფლება მისცეს, ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან - მაგალითად, გვატემალა, მარშალის კუნძულები (წყნარ ოკეანეში), სენტ-ლუისი (კარიბის ზღვაში), აფრიკაში მდებარე ესვატინის (ყოფ. სვაზილენდის) სამეფო...
პეკინი ტაივანს თავისი სეპარატისტულ პროვინციად თვლის და აქედან გამომდინარე, უცხოეთის ქვეყნების მიერ კუნძულთან დამყარებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი უპატივცემულობად მიიჩნევს. სწორედ ამიტომაც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობამ ბოლო წლებში უარი თქვეს ტაივანთან დიპლომატიურ ურთიერЕობაზე და პეკინთან კარგი დამოკიდებულება არჩიეს. მაგრამ ლიეტუვის ხელისუფლება „დინების საწინააღმდეგოდ“ წავიდა და ტაივანს, პირველად ევროპაში (ბოლო 18 წლის განმავლობაში) ნება დართო ვილნიუსში წარმომადგენლობა გაეხსნა.
მუდმივი უთანხმოება ჩინეთთან
ლიეტუვასა და ჩინეთს შორის უთანხმოება პირველად არ ხდება. 2020 წლის სექტემბერში ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ ეყიდათ ზოგიერთი პოპულარული მარკის ჩინური წარმოების მობილური ტელეფონები და თუ უკვე შეძენილი ჰქონდათ, გადაეყარათ. როგორც სამინისტრომ განმარტა, აპარატებს აქვთ ცენზურის ფუნქცია, რომელიც მწარმოებელს შეუძლია მისთვის სასურველ დროს გააქტიუროს.
ლიეტუვამ 5G სტანდარტის ტელესაკომუნიკაციო ქსელის შექმნაც ჩინელების მონაწილეობის გარეშე განახორციელა, 2021 წლის დასაწყისში კი ლიეტუვა გავიდა ე.წ. „17+1“ ფორმატიდან, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩინეთთან ურთიერთობას ითვალისწინებდა.
პეკინში ვილნიუსის პოზიციის გამო გაკვირვებას და ბრაზს გამოხატავენ: „რის უფლებას აძლევს ეს ქვეყანა თავის თავს?, - ასეთი კითხვა დასვა ნოემბრის ბოლოს გაზეთმა Global Times-მა, რომელიც ჩინეთის კომპარტიის ინგლისურენოვან რუპორად ითვლება. თანაც რედაქციამ ლიეტუვას ირონიით უწოდა „ისეთი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა პეკინის ერთი კვარტალის მცხოვრებლებზე ნაკლებია“. უფრო მეტიც: „ლიეტუვა მხოლოდ ვირთხაა ან რწყილი, მებრძოლ სპილოებს რომ ფეხებში ებლანდებათ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ჩინეთის ზეწოლა ლიეტუვაზე
და მართლაც, ჩინურმა „სპილომ“ ლიეტუველ „ვირთხას“ საპასუხო დარტყმა მიაყენა. ახლახან, ნოემბრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობის დონე დასწია, ვილნიუსიდან თავისი ელჩი გაიწვია და მისი ლიეტუველი კოლეგა პეკინში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. დეკემბრის დასაწყისში კი ჩინეთმა ლიეტუვასთან ვაჭრობა სრულიად შეწყვიტა. გაზეთმა Global Times-მა აღნიშნა: „დროა ეს მომაბეზრებელი ბუზი ისე გავჭყლიტოთ, რომ თითები არ დავისვაროთ“.
ბერლინის ფონდის „მეცნიერება და პოლიტიკას“ ექსპერტის ოლაფ ლანგის შეფასებით, ჩინეთის სახელმწიფო მასმედიის ანტილიეტოვური ტონი ძალიან მკვეთრი იყო, მაგრამ ვილნიუსმა პეკინის რისხვა გადაიტანა. მართალია, ლიეტუვას ჩინეთიდან უფრო მეტი შეაქვს, ვიდრე გააქვს (ანუ იმპორტი უფრო მეტია, ვიდრე ექსპორტი), ვერ ვიტყვით, რომ ამ ფაქტმა ლიეტუვის ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა“, - აღნიშანავს ექსპერტი.
თავიანთი ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით, ლიეტუველები კომუნისტურ რეჟიმებს განსაკუთრებით სკეპტიკურად უყურებენ. 1990 წელს მაშინდელმა ლიტვამ, პირველმა მოკავშირე რესპუბლიკებიდან, თავისი თავი სსრ კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა და ამ მოქმედებით შედარებით უფრო ძლიერი მოსკოვი „ბრძოლაში გამოიწვია“. ოლაფ ლანგის თქმით, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები - ამ ფასეულობებს ლიეტუვა აქტიურად იცავს.
ლიეტუვაში ავტორიტარული კომუნისტური რეჟიმების სიძულვილის ტენდენცია 2020 წლის შემოდგომაზე გაძლიერდა: იმ პერიოდში ქვეყნის ხელისუფლება შეიცვალა, რაც მეზობელ ბელარუსში დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პროტესტების პიკს დაემთხვა. „ბევრ ლიეტუველს ბელარუსულმა მოვლენებმა საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლა გაახსენა“, - ხაზს უსვამს ოლაფ ლანგი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომლის გამოც ახალმა ლიბერალურ-კონსერვატიულმა მთავრობამ კოალიციურ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო: „ჩვენ აქტიურად გამოვდივართ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების დარღვევის წინააღმდეგ და დავიცავთ ყველას, ვინც მსოფლიოში თავისუფლებისათვის იბრძვის - ბელარუსიდან ტაივანამდე“. მართლაცდა, ლიეტუვამ თავშესაფარი მისცა ბევრ ბელარუსელს, რომლებივ რეჟიმის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას, რომელიც ამჟამად ვილნიუსში ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, ვილნიუსში მდებარე ჩინეთის საელჩო პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდა, აანალიზებდა და პეკინს უგზავნიდა. როგორ, ტაივანის დაცვა მოისურვესო? - ამის გამო, რასაკვირველია, ჩინეთის ხელისუფლებამ მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა.
მხარდაჭერა ვაშინგტონიდან
რა თქმა უნდა, პატარა ლიეტუვა ჩინეთს ისე ვერ აუმხედრდებოდა, მხარდამჭერები რომ არ ჰყავდეს. ლიეტუვის პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტად ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის, მათ შორის ნატოს ჩარჩოებშიც. სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით. ლიეტუვა ამერიკისათვის ის „ლოიალური პარტნიორია, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთის შეკავებას ცდილობს, მეორე მხრივ, ვაშინგტონს სიგნალს აძლევს - „ჩინეთთან მიმართებით მე და თქვენ ერთი მიმართულებით ვმოძრაობთ“, - ამბობს ოლაფ ლანგი.
რა თქმა უნდა, როცა ზურგს უკან ასეთი მხარდაჭერა აქვს, ლიეტუვა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩინეთისადმი უფრო ხისტად არის განწყობილი: „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ფორმატი „17+1“, ჩვენ გვინდა „27+1“, რომ ყველა ერთად პეკინის წინააღმდეგ გამოვიდეთ“, - ეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის სიტყვებია, მას მხედველობაში ჰქონდა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.
თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკაში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი მზად პასუხი გასცეს პოლიტიკური ზეწოლას და იძულების ყველა მცდელობას, რომელიც მისი რომელიმე წევრის წინააღმდეგ არის მიმართული“.
როგორც ჩანს, ვილნიუსში იაკუბ იასინსკის ქუჩაზე მდებარე ოფისში „ტაივანის წარმომადგენლობის“ აბრას ჯერ-ჯერობით არავინ არ ჩამოხსნის.
წყარო: https://p.dw.com/p/446iM
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022