09/12/2021
15:30
მსოფლიო
მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „გერმანიის ახალი მთავრობა: შტრიხები მინისტრთა პორტრეტისათვის“, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ.
ახალგაზრდა მთავრობა, ქალების უმრავლესობით
კანცლერ ოლაფ შტოლცის ახალი მთავრობის სტრუქტურა, ანგელა მერკელის წინა მთავობასთან შედარებით,უფრო გაფართოვდა - ეს მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მშენებლობის ფუნქციის გამოყოფით, რომელიც ახლადშექმნილ მშენებლობის სამინისტროს დაევალა. ამრიგად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, კანცლერის ჩათვლით, 17-მდე გაიზარდა.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე და კოალიციურ შეთანხმებამდე ოლაფ შოლცი აცხადებდა, რომ მთავრობის შემადგენლობის ნახევარი ქალები იქნებიანო და მართლაც, რეალურად მინისტრების ნახევარს ქალები შეადგენენ.
რადგანაც „შუქნიშანის“ წევრთა საშუალო ასაკი 50,4 წელია, ოლაფ შოლცის მთავრობა შედარებით უფრო ახალგაზრდულად უნდა ჩაითვალოს ანგელა მერკელის წინა ოთხი მთავრობის შემადგენლობისაგან განსხვავებით: 2018 წელს მინისტრების საშუალო ასაკი 51,2 წელს შეადგენდა. მთავრობაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრებს „მწვანე“ ქალბატონები ანალენა ბერბოკი და ანე შპიგელი წარმოადგენენ, ორივენი 40-40 წლისანი არიან. ანალენა ბერბოკი - საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ანე შპიგელი კი - ოჯახის, ქალების, მოხუცებისა და ახალგაზრდების საქმეთა მინისტრი. მთავრობაში ყველაზე ასაკოვან წევრს თვითონ კანცლერი ოლად შოლცი წარმოადგენს, რომელიც 63 წლისაა.
ახლები და ძველები მინისტრთა კაბინეტში
თუ გავითვალისწინებთ, რომ ანგელა მერკელის კონსერვატორულმა პარტიამ - „ქრისტიან-დემოკრატებმა“ - არჩევნები წააგეს, ოპოზიციაში ყოფნა არჩიეს და გერმანიის ახალ მთავრობაში შესვლაზე უარი განაცხადეს, გასაკვირი არაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ახალი შემადგენლობა, ძველთან შედარებით, საკმაოდ განახლდა: რასაკვირველია, წინა მთავრობაში მომუშავე სოციალ-დემოკრატებმა თავიანთი ადგილები ახალშიც შეინარჩუნეს (ხუთს ორი დაემატა), მაგრამ პიროვნულად მინისტრები შეიცვალნენ. ერთადერთი თანამდებობაზე დარჩა შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრი ჰუბერტუს ჰაილი. რაც შეეხება ჰეიკო მასს, რომელიც ანგელა მერკელის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მისთვის არც მინისტრთა კაბინეტში და არც საგარეოპოლიტიკურ უწყებაში ადგილი არ მოიძებნა - „მწვანე“ ანალენა ბერბოკი „ქრისტიან-დემოკრატ“ ჰეიკოს, რბილად რომ ვთქვათ, „კეთილი თვალით“ არ უყურებს...
„სოციალ-დემოკრატმა“ ქალმა ქრისტინე ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო „მწვანე“ ფრაუ სვენია შულცემ - ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრის თანამდებობა. ამრიგად, ეს ორი გერმანელი ქალბატონი, მესამესთან, ანალენა ბერბოკთან ერთად, იმ უწყებების სათავეში მოექცნენ, რომლებიც გერმანიის საგარეოპოლიტიკური კურსის შემუშავებაში იღებენ მონაწილეობას.
სიახლეა შინაგან საქმეთა სამინისტროში - უწყების ხელმძღვანელად, პირველად გერმანიის ისტორიაში, 51 წლის ქალი - ფრაუ ნენსი ფეზერი დაინიშნა, რომელმაც იურიდიული განათლება მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. მას დეპუტატობის გამოცდილებაც აქვს - 2003 წელს ჰესენის მხარის ლანდტაგის წევრიც იყო.
სატელევიზიო თოქ-შოუდან ჯანდაცვის მინისტრად
ყველაზე ნათელი და იმავდროულად ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა გერმანიის ახალ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრი, 58 წლის სოციალ-დემოკრატი კარლ ლაუთერბახი წარმოადგენს. ქვეყნის მოსახლეობა მას კარგად იცნობს: მთავრობის წევრად დანიშნვნამდე საკმაოდ დასამახსოვრებელი გარეგნობის მქონე ექიმი-ეპიდემიოლოგი უამრავ სატელევიზიო თოქ-შოუებში გამოდიოდა და დამახასიათებელი დუდღუნა ხმით ლაპარაკობდა კორონავირუსზე, ციტირებდა სტატიებს და მაყურებლებს ანტივირუსული ზომების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ხოლო მთავრობას - საკარანტინო წესების გამკაცრებას სთხოვდა.
კარლ ლაუთერბახი ტიპიურ „მეცნიერ-ჭიას“ წარმოადგენს, რომლის პროფესიულ ცოდნაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცაღა მისი ჯანდაცვის მინისტრი პოსტზე დანიშვნა ერთდროულად მოსალოდნელიც იყო და სიურპრიზიც: ერთი მხრივ, ლაუთერბახს ყველა იცნობს, იგი აღიარებული ექსპერტია, მაგრამ მეორე მხრივ, ლაუთერბახი თავისებური კაცია, ჯიუტი, თავდაჯერებული, კოლექტიურ მუშაობას ვერ იტანს და შესაბამისად, რისკია იმისა, რომ ისეთ მსხვილ უწყებას, როგორიც ჯანდაცვის სამინისტროა, იგი ვერ გაუძღვება. მით უმეტეს, რომ ახალ თანამდებობაზე მას სამეცნიერო სტატიების ციტირება კი არა, საქმის პრაქტიკული კეთება მოუწევს, მაგალითად, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს გერმანიის აცრების ცენტრების უწყვეტი მომარაგება ვაქცინით.
სოფლის მეურნეობა - „მარიხუანას სიყვარულით“?!
გერმანიის მთავრობის კიდევ ერთ საკმაოდ კოლორიტულ ფიგურას წრმოადგენს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დანიშნული „მწვანე“ ჯემ ოზდემირი, რომელიც გერმანიის მთავრობის ისტორიაში მიგრაციული ბეკგრაუნდის მქონე პირველი მინისტრია. მისი მშობლები - გასტარბაიტერები - გერმანიაში გასული საუკუნის 1960-იან წლებში ჩავიდნენ, როცა მუშახელის დეფიციტი იყო, მშობლებმა ერთმანეთი სამსახურის დროს გაიცნეს. ჯემი 1965 წელს დაიბადა ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში და თავის თავს ძირ-ძველ შვაბად - გერმანული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლად თვლის, [თუმცა, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ჯემ ოზდემირს, მშობლების მხრიდან, ჩერქეზული ფესვები აქვს].
იგი 16 წლისა იყო, როცა „მწავნეთა“ პარტიას მიემხრო, სემდეგ კი წარმატებული კარიერა გაიკეთა: 1994 წელს ბუნდესტაგში თურქული წარმოშობის პირველი დეპუტატი გახდა, ხოლო 2008-2018 წლებში „მწვანეთა“ პარტიის თანათავმჯდომარედ მუშაობდა.
ბოლო წლებში ჯემ ოზდემირი საგარეოპოლიტიკური საკითხებით იყო დაკავებული და სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესებს არ ავლენდა, თუმცა საკმაოდ ხმაურიანი თავგადასავალი გადახდა მემცენარეობის დარგთან დაკავშირებით: 2014 წელს სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეოკადრები ჯემ ოზდემირის სახლის აივანზე მარიხუანას ბუჩქით. პოლიტიკოსის მიმართ აღძრული საქმე მალე დაიხურა, „ბრალდებული“ კი ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი მას სპეციალურად გაუკეთეს - თითქოსდა იგი თავისი პარტიის სახელით კანაბისის (მარიხუანის) ლეგალიზებას ითხოვდა. იმ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღევანდელ მთავრობაში კი ჯონ ოზდემირს განზრახული აქვს მართლაც დააკანონოს და ლეგალური გახადოს მარიხუანას მოხმარება და გაყიდვა.
წყარო: https://p.dw.com/p/43wxc
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022